Calendar
აქტივობის შესახებ
აქტივობა კომპლექსური ხასიათისაა და ემსახურება როგორც წერის, ასევე ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარების გამომუშავებას. აქტივობა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. დასასრულს, მოსწავლეები შექმნიან ხელნაკეთ კალენდარს.
აქტივობის მიზნები
- ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლების დადგენის უნარ-ჩვევების განვითარება;
- ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
- ვიზუალური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
- აზრის გამოთქმის/მსჯელობის უნარის განვითარება;
- სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება;
- შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა
ჯგუფური.
რესურსები
კალამი, ფურცელი, კალენდრის მოდელი, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, წებო, ტექსტი.
აქტივობის აღწერა
თემის ”წელიწადის დროები/წელიწადის თვეები” დამუშავების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს სამკაციან ჯგუფებად დაყოფს და დაუნაწილებს მათ წელიწადის დროებს (მოდელის საჩვენებლად დაფაზე შეიძლება სათანადოდ გაფორმებული კალენდრის გაკვრა). ერთი ჯგუფი ”გაზაფხული” იქნება, მეორე - ”ზაფხული”, მესამე - ”შემოდგომა”, მეოთხე - ”ზამთარი”.
მოსწავლეები ჯგუფებში იმსჯელებენ, რა ახასიათებს თითოეულ სეზონს, შეადგენენ საჭირო სიტყვების/ფრაზების ნუსხას. ჯგუფის თითოეული წევრი ფურცლის ნახევარზე დახატავს წელიწადის მოცემული დროის პეიზაჟს (შესაძლებელია, მასწავლებელმა ჩარჩოს დახატვით მოუნიშნოს მოსწავლეებს ეს ნახევარი). შემდეგ თითოეული მოსწავლე ნახატს დააწერს შესაბამისი თვის სახელს, ფურცლების ზედა ველს კი ერთმანეთს გადააწებებს. ბოლოს, ერთი-ორი წინადადებით, ფურცლის ცარიელ ადგილას უნდა დასახასიათოს წელიწადის დრო/ თვე.
აქტივობის დასასრულს, მასწავლებლის დახმარებით, ჯგუფები გადააწებებენ ერთმანეთს ქაღალდებს, რომლებზეც წელიწადის ოთხივე დროა წარმოდგენილი და ხელნაკეთ კალენდარს საკლასო ოთახში ჩამოკიდებენ.
აქტივობის ხანგრძლივობა: 20-25 წუთი.
შეფასება
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- მოდელის კომპოზიციური თავისებურებების აღქმა;
- შეთავაზებული მოდელის მიხედვით ორიგინალური ნამუშევრის შედგენა/გაფორმება;
- ინფორმაციის მოგროვება და ორგანიზება;
- მარტივი აღწერითი ტექსტის შეთხზვა;
- თანამშრომლობა.
მეთოდური შენიშვნა
აქტივობას შეიძლება დაეთმოს რამდენიმე გაკვეთილი.