ბაზარში (EN)

ტიპური აქტივობები

4. აქტივობა I. “ბაზარში

(2 გაკვეთილი)

კავშირი: აქტივობა VI.1.­-6.

მოსწავლეებმა დიდ ფურცლებზე უნდა დახატონ ბაზარი – ვაჭრები, დახლები ნაირ-ნაირი პროდუქტით და საქონლით, მყიდველები და სხვ. ნამუშევარი, ძირითადად, სრულდება საღებავებით ან პასტელით, გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ ნებისმიერი მასალისა და ტექნიკის (აპლიკაცია, კოლაჟი, რელიეფური ზედაპირი) გამოყენება – მაგ. ნაჭრების გამყიდველს დახლზე დაუწებონ ნაჭრების პატარა ნაკუწები, მარცვლეულის გამყიდველს – ბრინჯი და ა.შ.

  

რესურსები

4.I. დიდი ზომის სახატავი ფურცლები, ნებისმიერი სახატავი მასალა; აპლიკაციისთვის და კოლაჟისთვის საჭირო მასალა, წებო, მაკრატლები, ფუნჯები. 


 

4. აქტივობა II. ფრესკა

(2-3 გაკვეთილი)

 

გაკვეთილი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რა არის კედლის მხატვრობა და ფრესკა. აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას და უყვება, თუ რა ტექნიკას იყენებდნენ ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში (მაგ. პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ წყალში ან ცხიმში გახსნილი საღებავებით; შემდგომ ეპოქებში ფრესკებს ხატავდნენ - კვერცხის გულში გახსნილი პიგმენტებით სველ ბათქაშზე). მასწავლებელი მიაქცევს მოსწავლეთა ყურადღებას იმას, თუ როგორ ხატავდნენ სხვადასხვა ეპოქებში, მაგალითად, პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ თავისუფალი მონასმებით, ბიზანტიური ფრესკები გარკვეულ კანონებს ემორჩილება და ა.შ.

მოსწავლეები აირჩევენ დასაგრუნტ მასალას - წებოში  არეული ბათქაშით - გაჯით, დანაყილი ცარცით, აგურით ან ნებისმიერი სხვა ფხვიერი მასალით დაგრუნტავენ სახატავ მუყაოს ნაჭერს (განიერი ფუნჯით წაუსვამენ გრუნტის რამდენიმე, თანაბარი სისქის ფენას) და დაალაგებენ ნამუშევრებს უსაფრთხო ადგილას გასაშრობად.

  

II - III გაკვეთილი

მოსწავლეები შემშრალ გრუნტზე მკრთალად ფანქრით დახატავენ ნამუშევრის ესკიზს და აკვარელის ან გუაშის საღებავებით გააფერადებენ დაგრუნტულ მუყაოზე ფანქრით დახატულ ესკიზს. მოსწავლეებს შეუძლიათ, თავადაც დაამზადონ საღებავი – თეთრი ფერის მისაღებად დანაყონ და წყლიან წებოში აურიონ ცარცი, სხვა ფერების მისაღებად შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი პიგმენტი (ფერადი ფხვნილები) ან თავად დაამზადონ ისინი ხელმისაწვდომი მასალებისგან - დანაყონ და წებოში  აურიონ აგური, ნახშირი, ნაცარი, მიწა; ასევე  შეუძლიათ თავად მოიფიქრონ, დაამზადონ და იხმარონ მკვეთრი ფერის მცენარეებისგან საღებავი – (ალუბლის წვენი - წითელი, მაყვალი - ლურჯი, მოცვი – იისფერი, ისპანახის ფოთლები - მწვანე), გარკვეული ეფექტის მისაღებად, მოსწავლეებს შეუძლიათ იხმარონ პასტელიც.

კავშირიშედეგი ..VI.1.-­1

 

რესურსები

4.II. ვიზუალური მასალა: პირველყოფილი ადამიანების ნახატები; ეგვიპტური, ბიზანტიური, ქართული ფრესკები; მიქელანჯელოს, სანდრო ბოტიჩელის, და სხვათა ფრესკები.

ვატმანის ქაღალდი ან მუყაო*, ბათქაში - გაჯი, დაფხვნილი ცარცი ან ნებისმიერი სხვა ფხვიერი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალა; წებო, აკვარელის ან გუაშის საღებავები, უბრალო ფანქრები, ფუნჯები.

 http://www.nplg.gov.ge/ index.php?lang_ id=GEO&sec_ id=353&info_ id=1271

 

  

შენიშვნა

4.II. *მუყაო არ უნდა იყოს პრიალა ზედაპირით, რათა კარგად დაიჭიროს გრუნტი. დაგრუნტული მუყაოს ნაჭრები გასაშრობად უნდა დაიდოს  ვერტიკალურად - მიეყუდოს კედელს ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.