აქტივობა №2. ვენის დიაგრამა (EN)

შედეგი:

გეო.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე

 

ინდიკატორები:

  • კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგალითად, რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე);
  • ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგალითად, ტროპიკული ტყეების, უდაბნოს, სტეპისა და სხვ.) და აკავშირებს მას ამ ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან;
  • ფოტოსურათების საშუალებით ადარებს სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ დასახლებას და ადგენს მათ შორის განსხვავებას ( სამშენებლო მასალა, არქიტექტურა);
  • გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ, ადარებს მათ საქართველოში და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ თავდაცვის საშუალებებს (მაგალითად, სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან ზვავების საფრთხის გათვალისწინებით, შენობების გადახურვა და სხვ.);
  • იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, აჯგუფებს მათ (მაგალითად, ცხრილის საშუალებით) საქართველოს კუთხეების მიხედვით, განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო ტიპებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • თანაკლასელებთან ერთად მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ომით გამოწვეულ ცვლილებებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის) სახით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას იმ ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში (მაგალითად, აშშ – ერაყის ომით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა სპარსეთის ყურეში) და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.

 

შენიშვნა:

ეხმიანება მე-7 კლასის მე-9 შედეგს (გეო.VII.9.)

 

რესურსები:

დაფა და ცარცი, საქართველოს ფიზიკური რუკა, მსოფლიოს ფიზიკური რუკა, “საქართველოს ისტორიული ატლასი”, თბილისი, 2004 წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან: 

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის: 

გეოგრაფიის მასწავლებელმა ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად შეიძლება აქციოს. ფოტოების საშუალებით მან საკლასო ოთახში შეიძლება შეიტანოს ცოტაოდენი “რეალობა”. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილსა თუ ადამიანებს აფიქსირებს. გეოგრაფიის ახალ სახელმძღვანელოებში მოტანილ ფოტომასალას ხშირად გარკვეული შეკითხვებიც მოჰყვება, თუმცა იმისათვის, რომ მოსწავლე გაიწაფოს ფოტოების აღწერა-წაკითხვასა და ინტერპრეტირებაში, მასწავლებელს შეუძლია მრავალი საინტერესო კითხვის მოფიქრება, რაც ანალიზის პროცესში მოსწავლისთვის მიმართულების მიმცემი იქნება. ფოტოების გაანალიზება მოსწავლეებს მატებს ცოდნას ადგილისა თუ ადამიანის შესახებ, აძლევს შესაძლებლობას, გამოთქვან მოსაზრებები და გაუზიარონ ისინი თანაკლასელებს. მასწავლებლებმა გაკვეთილზე ხშირად უნდა დაუთმონ დრო ფოტომასალის განხილვას და მიმართონ გარკვეულ სტრატეგიებს; გაითვალისწინონ, რომ ფოტოზე ასახულთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული შეხედულებები და გამართლებული იყოს მათზე დისკუსიების გამართვა. კარგად შერჩეულ ფოტოებს შეუძლია მოსწავლეებში განავითაროს თანაგანცდა, ხელი შეუწყოს სწორი დამოკიდებულებებისა და ფასეულობების გამომუშავებას, საშუალებას აძლევს მათ გამოსახულება შეადარონ თავიანთ ჩვეულ გარემოს.

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს ვაჩვენებთ ფოტოებს და ვთხოვთ, რომ აღწერონ თითოეული მათგანი, აღნიშნონ მათ შორის მსგავსება-განსხვავება. მოსწავლეებმა უნდა განასხვაონ მთისა და ბარის პეიზაჟები და დააკავშირონ საცხოვრებელი სახლების ტიპები ბუნებრივ პირობებთან. პასუხები სავარაუდოდ ასეთი იქნება: სვანეთში დიდთოვლობის გამო უფრო მაღალ და გამძლე საცხოვრებელ სახლებს ანუ კოშკებს აგებდნენ, ვიდრე ქართლში ან იმერეთში, სადაც ოდა სახლები ჭარბობს დიდი გაშლილი ეზოებით, ვინაიდან მთაში სამოსახლოდ უფრო მცირე ტერიტორიაა, ვიდრე ბარში და ა.შ. ამ ანალიზის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ვენის დიაგრამას, სადაც წერენ მთისა და ბარის საცხოვრებელი სახლების საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს.

 

მთა                         ბარი

<a style=მთა ბარი" width="300" />

აქვე ცალკე გამოიყოფა ციხეების ფოტოები ( მაგალითად, ბირთვისი), რომლებიც მიუვალ ადგილებშია აგებული, იმიტომ რომ მტერისთვის ძნელად მისაღწევი ყოფილიყო. კარგი იქნება თემურ-ლენგის ლაშქრობის განხილვა: მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით. მაღალი მთები გარს ერტყმის ხეობას, რითაც იქმნება თავისებური ქვაბული, რომელშიც აღმართულია კონუსური ფორმის მთები. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი “შეუპოვარი”. ბირთვისის ციხის აღებას თემურ-ლენგმა 15 დღე მოანდომა, მაშინ, როდესაც მანამდე რამდენიმე ციხე დაუბრკოლებლად აიღო.