აქტივობა 5. ვწერთ სინთეზურ ესეს(4) (EN)

ვარიანტი ()

აქტივობის შესახებ:

სინთეზური ესე, თავისი არსით, იგივეა, რაც არგუმენტირებული ესე _ ავტორი გადმოსცემს თავის თვალსაზრისს მოცემულ საკითხზე და ასაბუთებს მას. განსხვავება სინთეზურ ესესა და არგუმენტირებულ ესეს შორის თავს იჩენს იმაში, რომ ავტორს თავისი თვალსაზრისის გადმოცემის დროს მოეთხოვება მიწოდებული წყაროების გამოყენება. წყაროები წინასწარაა შერჩეული და შეესაბამება ესეს თემატიკასა თუ პრობლემატიკას. ერთ-ერთი წყარო, როგორც წესი, არის ვიზუალური გამოსახულება (სურათი, კარიკატურა, ფოტო, ამა თუ იმ სახის გრაფიკული გამოსახულება, ცხრილი, სქემა). ავტორს შეუძლია, თავისი პოზიციის შესაბამისად, გაიზიაროს ან უარყოს წყაროებში ასახული თვალსაზრისი, თუმცა, შესაძლებელია, რომ იგი არ იზიარებდეს არცერთ შეთავაზებულ ვარიანტს. ყველა შემთხვევაში ავტორს მოეთხოვება თავისი თვალსაზრისი დასაბუთებულად წარმოდგენა. წერით ნამუშევარში წყა­როების მოხსენიება შესაძლებელია ორი გზით: ა) ავტორების/ნაწარმოებების მოთითებით (მაგ., “ბარბარე ჯორჯაძის აზრით...”, “ვაჟა-ფშაველას “კაი ყმის” მიხედვით...”, მისთ.); ბ) წყაროების რიგითი მიმდევრობის დაცვით (მაგ., “I წყაროში ნათქვამია...”, “IV წყაროში გამოთქმული მოსაზრება საეჭვოა, რადგან ...”, მისთ.).

აქტივობაში მოცემულია სინთეზური ესეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი: მოსწავლეებს გასაცნობად ვთავაზობთ 6 წყაროს, რომელთაგან ერთ-ერთი ვიზუალური გამოსახულებაა. მათ ევალებათ, გადმოსცენ თავიანთი თვალსაზრისი შერჩეულ თემაზე და გამოიყენონ, სულ მცირე, სამი წყარო. ქვემოთ წარმოდგენილია 6 ფრაგმენტი ქართველი და უცხოელი მწერლების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებიდან. ვიზუალურ მასალად შეთავაზებულია ფრანგი მხატვრის, ჟაკ-ლუი დავიდის ერთ-ერთი ნამუშევარი. გასათვალისწინებელია შემდეგი: მოსწავლეებს მოეთხოვებათ მსჯელობა მხოლოდ იმ საკითხებზე/პრობლემატიკაზე, რომლებიც უკავშირდება წერითი დავალების თემას. ასევეა წყაროების შემთხვევაში _ საჭირო არ არის ნამუშევარში აისახოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს შეიძლება გააჩნდეთ ამ წყაროებთან/ავტორებთან დაკავშირებით, თუკი ამ ინფორმაციას არ დააკავშირებენ წერითი დავალების თემასთან (მაგ., ბარბარე ჯორჯაძე არის ცნობილი ქართველი პოეტის, რაფიელ ერისთავის და. რაფიელ ერისთავი ავტორია ლექსისა “სამშობლო ხევსურისა”, რომელიც ქართველი ბავშვების ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია; ან ფრანგი მხატვარი, ჟაკ-ლუი დავიდი ნეოკლასიცისტური მიმართულების წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მჭიდროდაა დაკავშირებული საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციასთან, რომელსაც მხატვარი აღფრთოვანებით შეეგება. ჟაკ-ლუი დავიდი დიდი პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოებული: ცნობილია, რომ მას ჰყავდა 500-მდე მოწაფე და მისთ).

ქვემოთ წარმოვადგენთ სინთეზური ესეს წერის პროცესს თანამიმდევრული ნაბიჯების სახით.

მოსწავლეები:

  • წაიკითხავენ და გააცნობიერებენ წერითი დავალების პირობას, რომელშიც მოცემულია ესეს თემა;
  • გაიაზრებენ თავიანთ პოზიციას მოცემული საკითხის მიმართ;
  • კითხულობენ წყაროებს; ეცნობიან მოკლე საინფორმაციო ტექსტებს (დამატებით ინფორმაციას), რომლებიც წინ უძღვის თითოეულ წყაროს;
  • თავიანთი სურვილისა და იდეის შესაბამისად, შეარჩევენ სამ წყაროს, რომლებსაც გამოიყენებენ ესეს წერის დროს (15-20 წუთი);
  • წერენ ესეს. წერის დროს იყენებენ ინფორმაციას 3 შერჩეული წყაროდან;
  • გადაათვალიერებენ ნამუშევარს, შეაქვთ მასში სარედაქტორო-კორექტურული ცვლილებები ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით.

 

სინთეზური ესე

საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული თვისებები აქვთ. ტრადიციულ საზოგადოებებში ქალს მოეთხოვებოდა, ყოფილიყო “ქალური”, მამაკაცს კი _ “მამაკაცური”. მაინც რას ნიშნავდა “მამაკაცურ” კაცად ან “ქალურ” ქალად ყოფნა ტრადიციული თვალთახედვით?

ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ 6 წყაროს და დამატებით ინფორმაციას, რომელიც თან ახლავს თითოეულ მათგანს. შემდეგ დაწერეთ ესე, რომელშიც განმარტავთ, გააკრიტიკებთ ან დაიცავთ ტრადიციულ თვალსაზრისს. თქვენი მოსაზრების საილუსტრაციოდ და დასასაბუთებლად გამოიყენეთ, სულ მცირე, სამი წყარო.

 

წყაროები

I წყარო

ვაჟა-ფშაველა, ის კი არ არი ბიჭობა, წიგნში: ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. I, თბილისი, 1961, გვ. 177.

ქვემოთ მოყვანილია ფრაგმენტი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ((1861-1915 წწ.) ლექსიდან.

ის კი არ არი ბიჭობა,

რო გამაგრებდენ, ჰმაგრობდე;

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,

თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,

ვისაც ერევი, არჩობდე;

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,

რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად,

დამჩაგვრელებსა სწყალობდე?

აბა, ბიჭობა ის არი,

დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

 

II წყარო

ჟაკ-ლუი დავიდი, ჰორაციუსთა ფიცი

 

ფრანგი მხატვრის, ჟაკ-ლუი დავიდის (1748-1825 წწ.) ეს სურათი წარმოგვიდგენს სცენას ძველი რომის ცხოვრებიდან. სურათზე გამოსახული არიან ერთი ოჯახის წევრები _ ჰორაციუსების საგვარეულოს წარმომადგენლები.

 

 ჟაკ-ლუი დავიდი, ჰორაციუსთა ფიცი.

 

III წყარო

ბარბარე ჯორჯაძე, ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ

 

ქვემოთ მოყვანილია ფრაგმენტი ქართველი მწერალი ქალის, ბარბარე ჯორჯაძის (1833 _ 1895 წწ.) ნაწარმოებიდან, რომელიც შეეხება ქართველი ქალების მდგომარეობას.

პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდნენ, ეს თავისი ამხანაგი ყველანაირად დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ ”შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმადიყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო; სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო”. თვითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: ”მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ,გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო”.

გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, რათა უფრო დაემონებინა. მართალია, დედაკაცისათვის თვით ბუნებას არ მიუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა; მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდაქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამა-კაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედა-კაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: ”თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული დაგამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი, და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალსეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა მოსათინთლავის სიტყვებით: ”მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო”.

 

IV წყარო

მერი უოლსტონკრაფტი, ქალის უფლებების დაცვა.

 

ქვემოთ მოცემულია ფრაგმენტი ინგლისელი ფემინისტი მწერლის, მერი უოლსტონკრაფტის (1759 –1797 წწ.) თხზულებიდან:

მამაკაცური ტირანიის ახსნისა და პატიების მიზნით მრავალი მახვილგონივრული არგუმენტი იყო წამოყენებული; არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსებების შეძენის დროს ორი სქესი სხვადასხვა სახის ღირსებების მოპოვებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს. უფრო ცხადად თუ ვილაპარაკებთ, ქალებს არ აძლევენ გონებრივი შესაძლებლობების განვითარების უფლებას. გონებრივი შესაძლებლობები კი არის ის, რასაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ღირსება...

მამაკაცები სამართლიანად გამოთქვამენ საყვედურს იმ წინდაუხედაობისა და კაპრიზების გამო, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენი სქესისათვის, მაგრამ ისინი არ დასცინიან ჩვენს ჯიუტ გრძნობებსა და მონურ მორჩილებას. აი, აქ უნდა ვთქვა, რომ ესაა [ქალების] უცოდინრობის ბუნებრივი შედეგი. ყოველთვის არამტკიცე იქნება გონება, რომელიც განისვენებს მხოლოდ წინასწარ შემუშავებულ აზრებზე...

ქალებს ბავშვობიდან ეუბნებიან შემდეგს (ამასვე სწავლობენ ისინი თავიანთი დედების მაგალითითაც): ისინი მამაკაცის მფარველობის მოპოვებას შეძლებენ ადამიანური სისუსტის მცირეოდენი ცოდნით, ხასიათის სირბილით, გარეგნული მორჩილებითა და საგანგებო ყურადღების მიქცევით უშინაარსო წესიერებაზე. და კიდევ ერთიც: ისინი უნდა იყვნენ მშვენიერნი. სხვა ყველა დანარჩენი უსარგებლოა, ყოველ შემთხვევაში, მათი ცხოვრების პირველი ოცი წლის განმავლობაში...

როგორ უხეშ ტკივილს გვაყენებს ის, ვინც გვეუბნება, რომ ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, ვიყოთ ნაზები.

 

V წყარო

სიმონა დე ბოვუარი, სხვა სქესი

 

ქვემოთ მოცემულია ფრაგმენტი თხზულებიდან, რომლის ავტორია სიმონა დე ბოვუარი (1908 – 1986 წწ.) _ ფრანგი მწერალი ქალი, ფილოსოფოსი და ფემინისტური მოძრაობის იდეოლოგი:

თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვკითხულობ: “რა არის ქალი?” კაცს ხომ არასდროს მოუვიდოდა აზრად, დაეწერა წიგნი მამაკაცის განსაკუთრებულ ადგილზე ადამიანთა მოდგმაში. თუკი მე მოვისურვებ საკუთარი თავის განსაზღვრას, პირველ რიგში, უნდა ვთქვა: “მე ვარ ქალი”. ესაა ჭეშმარიტება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ნებისმიერი სხვა მტკიცებისათვის. მამაკაცი არასოდეს დაიწყებს საკუთარი თავის განსაზღვრას იმის თქმით, რომ იგი გარკვეული სქესის მატარებელი არსებაა _ თავისთავად ცხადია, რომ იგი მამაკაცია. რუბრიკები: “მამრობითი” და “მდედრობითი” თანაბარია მხოლოდ მერიის სარეგისტრაციო ჟურნალებსა და პირადობის მოწმობებში.

ორი სქესის დამოკიდებულება განსხვავდება იმ დამოკიდებულებისაგან, რომელიც არის ორ ელექტრონულ მუხტს ან ორ პოლუსს შორის. მამაკაცი ერთდროულად არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი საწყისი. მეტიც, ფრანგული სიტყვა les hommes აღნიშნავს ერთდროულად როგორც “მამაკაცებს”, ისე “ადამიანებს”...

ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა განყენებულ საკითხებზე დისკუსიის დროს რომელიმე მამაკაცი მეტყოდა ხოლმე: “თქვენ ასე ფიქრობთ იმიტომ, რომ ქალი ხართ”; თუმცა ვიცოდი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მეთ­ქვა თავის დასაცავად, იყო: “მე ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა”. მხოლოდ ამგვარად შემეძლო, თავიდან ამერიდებინა ბრალდება სუბიექტურობაში. ლაპარაკიც კი არ იყო იმაზე, რომ მეთქვა: “თქვენ კი განსხვავებულად ფიქრობთ იმიტომ, რომ მამაკაცი ხართ”, რადგან იმგვარადაა დაწესებული, რომ მამაკაცად ყოფნა არ გულისხმობს არანაირ განსაკუთრებულობას.

მამაკაცი ყოველთვის მართალია იმის გამო, რომ ის მამაკაცია; ქალი არასოდეს არ არის მართალი... ძველი დროის მცხოვრებლებისათვის არსებობდა აბსოლუტური ვერტიკალი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა დახრილობა. ამის მსგავსად არსებობს ადამიანის აბსოლუტური ტიპი _ მამაკაცის ტიპი... მამაკაცისათვის შეგრძნებით, მის სხეულს პირდაპირი და ნორმალური კავშირი აქვს სამყაროსთან; ქალის სხეული კი, მისი წარმოდგენით, სპეციფიკური თვისებებითაა დამიმებული და არის ერთგვარი დაბრკოლება, ციხე.

...კაცობრიობა შექმნილია მამრობითი სქესის მიერ. ეს საშუალებას აძლევს მამაკაცს, განსაზღვროს ქალი მხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში ... ქალი წარმოადგენს მხოლოდ იმას, რასაც მამაკაცი დაუწესებს მას... მამაკაცისათვის ქალი, უპირველეს ყოვლისა, გარკვეული სქესის მატარებელია... მამაკაცი არის სუბიექტი, მამაკაცი არის აბსოლუტი, ქალი _ სხვა.

 

VI წყარო

ვაჟა-ფშაველა, კაი ყმა წიგნში: ვაჟა-ფშაველა, თხულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. I, თბილისი, 1961, გვ. 282.

ქვემოთ მოყვანილია ფრაგმენტი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ((1861-1915 წწ.) ლექსიდან.

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,

ნათქვამი არა გვცხვენოდეს,

მსმენლის გულს აბორგოვებდეს,

არავის არა სწყენოდეს?

ვინა, ვინ არი კაი ყმა,

ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

 

მიდით, იქ მიდით, სადაცა

ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,

მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,

ხმლები, ხანჯრები ელავდეს.

სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,

ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს...

 

ვინც მიეგებოს მტერს წინა,

წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,

სახე სისხლგადამდინარი

ტკივილს არ გამოიტყოდეს,

თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,

ზედ ქორებულად ფრინავდეს,

სიცხეში სიოდ დაჰბეროს,

დაათბოს, როცა ჰყინავდეს.

პირველად ომის დამწყები

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;

სხვანი იყოფდენ ნადავლსა,

ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;

მიძღვნილსა საუფროსოსა

ამხანაგებსვე სწირავდეს.

დარაჯად ედგას ლაშქარსა,

როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.

სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,

ცდუნება არა სძირავდეს...

სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,

კვდებოდეს, არა გმინავდეს;

თავის სამარხად, სუდრადა,

მარტო სახელსა სწირავდეს...

 

სინთეზური ესეს ნიმუში:

უძველესი პერიოდიდან მოყოლებული ვიდრე მე-20 საუკუნის ჩათვლით, ტრადიციული საზოგადოება რადიკალურად განსხვავებულ თვისებებს მი­აწერდა ქალებსა და მამაკაცებს, რის გამოც სრულიად სხვადასხვა შინაარსი ჰქონდათ სიტყვებს “მამაკაცური” და “ქალური”. ამ თვისებებს განაპირობებდა განსხვავებული მდგომარეობა, რომელიც ტრადიციულ საზოგადოებებში ეკავათ მამაკაცებსა და ქალებს: მამაკაცი იყო საზოგადოების აქტიური წევრი, ქალი კი _ პასიური. შესაბამისად, ცნებების: “მამაკაცურობისა” და “ქალურობის” კონკრეტული მნიშვნელობები მთლიანად იყო განპირობებული იმ განსხვავებული სოციალური როლებით, რომლებსაც ქალი და მამაკაცი ასრულებდნენ ტრადიციულ საზოგადოებებში.

ტრადიციულ საზოგადოებებში, მამაკაცის აქტიური როლის შესაბამისად, მამაკაცურობა გაიგივებული იყო სიმამაცესთან, ძლიერებასა და სიბრძნესთან. ტრადიციულ საზოგადოებას კაცი წარმოედგინა აქტიური მებრძოლის სახით, რომელიც უშიშრად იბრძვის თავისი თემისა თუ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს ბრძოლა სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს: ხან ბრძოლის ველზე, სადაც ფიზიკური ძალა და მეომრული თვისებებია აუცილებელი, ხან კი _ სათათბიროში, სადაც ბრძნული რჩევის მიცემაა საჭირო. ვაჟა-ფშაველას ლექსში “კაი ყმა” (VI წყარო) ვხვდებით ტრადიციული მამაკაცური ღირსებების ვრცელ ჩამონათვალს, რომელშიც ძირითადი ადგილი მეომრულ თვისებებს უკავია. მსგავსი დამოკიდებულებაა ასახული ჟაკ-ლუი დავიდის სურათზეც (II წყარო), რომელზედაც ნაჩვენები არიან უშიშარი მებრძოლი მამაკაცები. მოხუცი მამა ხმლებს უწვდის შვილებს, რომლებიც მხედრული სალმის პოზაში დგანან მამის წინაშე, თითქოს ფიცს დებენ, რომ მამაცურად იბრძოლებენ ომში. ვითარება არ შეცვლილა არც მოგვიანებით _ საზოგადოების აქტიური, წამყვანი წევრების პოზიცია მამაკაცებმა მე-20 საუკუნეშიც შეინარჩუნეს: სიმონა დე ბოვუარის სიტყვებით (V წყარო), მამაკაცი იყო ყველაფრის საზომი _ “აბსოლუტური ვერტიკალი”, ანუ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მსჯელობდნენ ქალებზე. ეს საოცარი ერთიანობა, რომელიც იკვეთება სხვადასხვა ეპოქასა და გარემოში შექმნილ წყაროებში, მიგვანიშნებს, რომ ტრადიციულ საზოგადოებებში ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა მამაკაცის სოციალური როლი და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თავისი პასიური როლიდან გამომდინარე, ქალი აღიქმებოდა მამაკაცისაგან სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე არსებად. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჟაკ-ლუი დავიდის სურათი (II წყარო) _ უშიშარი ვაჟკაცების გვერდით გამოსახული ქალები საცოდავად ტირიან, რაც მათ უმწეობასა და გაუბედაობაზე მიგვითითებს. ქალების ჯგუფი უკანა პლანზეა წარმოდგენილი ბავშვებთან ერთად, რითაც ხაზგასმულია ქალების ძირითადი ფუნქცია _ ბავშვებზე მზრუნველობა, აგრეთვე მათი მეორეხარისხოვანი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაინც რას მოითხოვდა ტრადიციული საზოგადოება ქალისაგან? _ მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერლის (IV წყარო) სიტყვებით, ქალს მოეთხოვებოდა გარეგნული მშვენიერება, მორჩილება და უშინაარსო წესიერების დაცვა, მას აგრეთვე უნდა ჰქონოდა რბილი ხასიათი და ადამიანური სისუსტის მცირეოდენი ცოდნა. მე-19 საუკუნის ქართველი მწერალი ქალი (III წყარო) კი მორჩილების მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას: “შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილიჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო” _ წერს იგი. ამდენად, ის თვისებები, რომლებიც ნაკლად ჩაეთვლებოდა მამაკაცს _ პასიურობა, უმწეობა, მონური მორჩილების უნარი, საკუთარი ნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონა, მიჩნეული იყო ქალის უპირველეს ღირსებებად.

ტრადიციული საზოგადოების წამყვანი ძალა _ მამაკაცი მთლიანად განა­გებდა ქალების ბედს და ტონს აძლევდა ამ ორი სქესის ურთიერთობას. ეს იყო ორი პარალელური, მკაცრად იერარქიული სამყარო _ უპირველესი იყო ზრდასრული მამაკაცების “სამყარო”, ქალებისა და ბავშვების “სამყარო” კი მხოლოდ ფონი იყო პირველისათვის. დავიდის სურათიდან (II წყარო) ცხადად ჩანს, რომ გადამწყვეტი მოქმედების დროს, როცა აქტიური ქმედებაა საჭირო, ქალებს მხოლოდ ემოციების გამოხატვა მოეთხოვებათ. სურათზე ცალკე ჯგუფად გამოსახულ ქალებს მამაკაცებისაგან უხილავი საზღვარი გამოყოფს _ ისინი ცალკე არიან და თითქოს თვალსაც კი ვერ უსწორებენ მამაკაცების “სამყაროს”. იგივე ასპარეზი ჰქონდათ ქალებს შემოსაზღვრული მშვიდობიანობის დროსაც _ მზრუნველობა ოჯახსა და ბავშვებზე, მეტი არაფერი. ასეთმა ვიწრო ასპარეზმა ქალი მთლიანად დაუმორჩილა მამაკაცს, გახადა მასზე დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება მიედინებოდა მამაკაცების მიერ დაწესებული კანონებით, ნებისმიერი ახალი კანონის დამკვიდრება შესაძლებელი იყო მხოლოდ მამაკაცების თანხმობის შემთხვევაში. ბარბარე ჯორჯაძის ნაწარმოების სათაური: “ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ” (III წყარო) მიგვითითებს, რომ თხზულების ადრესატია მამაკაცთა საზოგადოება. მერი უოლსტონკრაფტის თხზულებაც (IV წყარო) უმთავრესად მამაკაცებისთვის დაწერილად უნდა მივიჩნიოთ _ მისი მიზანია, თვალი აუხილოს მამაკაცებს იმ უღირს მდგომარეობაზე, რომელშიც ქალები იმყოფებიან. ამდენად, ცხადი ხდება, რომ ზოგადად, რაიმე სიახლის დანერგვა ან ქალის ბედის ცვლილება მხოლოდ საზოგადოების ლიდერის _ მამაკაცის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

მამაკაცისა და ქალის რადიკალურად განსხვავებული სოციალური როლები უცვლელი იყო მრავალი ასწლეულის მანძილზე. აქედან გამომდინარე, სტაბილური იყო ცნებების _ “ქალურობისა” და “მამაკაცურობის” კონტრასტული მნიშვნელობებიც, რაც კარგად ჩანს სხვადასხვა ეპოქასა და კულტურულ გარემოში შექმნილი წყაროებიდან. ქალის ძირითადი ფუნქცია იყო ოჯახზე ზრუნვა, ბავშვების აღზრდა, კომფორტული გარემოს შექმნა საზოგადოების ლიდერისათვის; მამაკაცის ფუნქცია კი _ ბრძოლა საკუთარი და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ამ კონკრეტული სოციალური ფუნქციების შესაბამისად, ტრადიციულ საზოგადოებებში “ქალურობა” გულისხმობდა პასიურობას, ემოციურობას, პასუხისმგებლობის აღების უუნარობას, მამაკაცურობა _ აქტიურობას, სხვების მფარველობის უნარსა და სიბრძნეს.

 

წარმოდგენილი ნამუშევრის შესახებ:

სინთეზური ესეს ზემოთ მოყვანილი ნიმუში წარმოადგენს ტრადიციული სტრუქტურის მქონე ხუთაბზაციან წერით ნამუშევარს. იგი შედგება სამი ნაწილისაგან. ესენია: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

შესავალი ნაწილი:

  • I აბზაცი _ თეზისი

თეზისი: “ცნებების: “მამაკაცურობისა” და “ქალურობის” კონკრეტული მნიშვნელობები მთლიანად იყო განპირობებული იმ განსხვავებული სოციალუ­რი როლებით, რომლებსაც ქალი და მამაკაცი ასრულებდნენ ტრადიციულ საზოგადოებებში”.

ძირითადი ნაწილი:

  • II აბზაცი _ ქვეთემა: მამაკაცები

თემატური წინადადება _ ”ტრადიციულ საზოგადოებებში, მამაკაცის აქტიური როლის შესაბამისად, მამაკაცურობა გაიგივებული იყო სიმამაცესთან, ძლიერებასთან და სიბრძნესთან”.

დასკვნითი წინადადება: ”სხვადასხვა ეპოქასა და გარემოში შექმნილ წყაროებში, მიგვანიშნებს, რომ ეს საოცარი ერთიანობა, რომელიც იკვეთება ტრადიციულ საზოგადოებებში ასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა მამაკაცის სოციალური როლი და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

  • III აბზაცი _ ქვეთემა: ქალები

თემატური წინადადება: ”თავისი პასიური როლიდან გამომდინარე, ქალი აღიქმებოდა მამაკაცისაგან სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე არსებად”.

დასკვნითი წინადადება: ”ამდენად, ის თვისებები, რომლებიც ნაკლად ჩაეთვლებოდა მამაკაცს _ პასიურობა, მონური მორჩილების უნარი, საკუთარი ნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონა, ქალის უპირველეს ღირსებებად იყო მიჩნეული”.

  • IV აბზაცი _ ქვეთემა: ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობა

თემატური წინადადება: ”ტრადიციული საზოგადოების წამყვანი ძალა _ მამაკაცი მთლიანად განაგებდა ქალების ბედს და ტონს აძლევდა ამ ორი სქესის ურთიერთობას”.

დასკვნითი წინადადება: ”ზოგადად, რაიმე სიახლის დანერგვა ან ქალის ბედის ცვლილება მხოლოდ საზოგადოების ლიდერის _ მამაკაცის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული”.

 

დასკვნითი ნაწილი:

  • V აბზაცი _ შეჯამება

თემატური წინადადება: ”მამაკაცისა და ქალის რადიკალურად განსხვავებული სოციალური როლები უცვლელი იყო მრავალი ასწლეულის მანძილზე”.

დასკვნითი წინადადება: ”ამ კონკრეტული სოციალური ფუნქციების შესაბამისად, ტრადიციულ საზოგადოებებში “ქალურობა” გულისხმობდა პასიურობას, ემოციურობას, პასუხისმგებლობის აღების უუნარობას, მამაკაცურობა _ აქტიურობას, სხვების მფარველობის უნარსა და სიბრძნეს”.

 

მეთოდური მითითებები:

  • სინთეზურ ესეზე სამუშაოდ მოსწავლეებს ეძლევათ 60 წუთი: 20 წუთი ეთმობა წყაროების გაცნობას, 40 წუთი კი _ ესეს დაწერას.
  • თითოეულ წყაროსთან მითითებული უნდა იყოს: ავტორი/მხატვარი, ნაწარმოების/სურათის/სქემის, სხვ. დასახელება, წყარო (წიგნი, გამოცემის წელი, გვერდი; ვებ-გვერდი) და რიგითი თანამიმდევრობის აღმნიშვნელი რომაული ციფრები (“I წყარო”, “II წყარო” და ა.შ.). ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია წყაროების დასაწყისში, უნდა შეიცავდეს ტექსტის გასააზრებლად საჭირო მინიმალურ მონაცემებს (მაგ., მითითება ეპოქაზე, ადგილზე და სხვ. _ საჭიროების მიხედვით).
  • სინთეზურ ესეზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო (60 წუთი) ხშირად შეიძ­ლება საკმარისი არ აღმოჩნდეს სრულყოფილი ესეის დასაწერად. მკაცრი დროითი ლიმიტის გამო მოსალოდნელია, რომ ცალკეული საკითხები თუ თემები ნაშრომში ამომწურავად და/ან მთელი სისავსით არ იყოს განხილული, რაც გასათვალისწინებელია ნაშრომის შეფასების დროს. შემფასებელს, კერძოდ, უნდა ახსოვდეს, რომ ესაა პირველი ვერსია, რომლითაც ფასდება: აქვს თუ არა მოსწავლეს გააზრებული ესეს სტრუქტურა, იცნობს თუ არა ტექსტის ორგანიზების ძირითად სტრატეგიებს; აქვს თუ მოსწავლეს იმის უნარი, რომ წამოაყენოს თეზისი, შეარჩიოს სათანადო მაგალითები ნათქვამის საილუსტრაციოდ და დაასაბუთოს წამოყენებული თეზისი, სულ მცირე, სამი წყაროს გამოყენებით.
  • მოსწავლეებისათვის შეთავაზებული 6 წყაროდან ერთ-ერთი უნდა წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახის ვიზუალურ მასალას (ცხრილი, დიაგრამა, რეპროდუქცია, სქემა, ფოტო და ა.შ.). ამ ტიპის წყაროზე მუშაობა ძალზე შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სემიოტიკური წიგნიერების განვითარებას, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციას წარმოადგენს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. XI. 5, 8; ქართ. XI. 9, 10, 11, 12, 13, 14; ქართ. XII. 5, 6, 7, 9, 10; ქართ. XII. 13, 14.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------

4 დამატებით იხ. წინამავალი აქტივობა “ვსწავლობთ სინთეზირებას”.