აქტივობა 5. მოდით, აღვწეროთ(6) (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა კომპლექსური სახისაა და მოიცავს კითხვისა და წერის მიმართულებებს. იგი ემსახურება კითხვისა და ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებას, ფუნქციური წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა ხელს უწყობს აგრეთვე კატეგორიზაციისა და სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას (ტექსტისა და გრაფიკული მაორგანიზებლის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირების გზით).

აქტივობა ტარდება 2 ეტაპად: მისი ორგანიზება შეიძლება ორ სხვადასხვა გაკვეთილზე (პირველი ეტაპი _ ერთი გაკვეთილის ნაწილი, მეორე ეტაპი _ მეორე დღის გაკვეთილის ნაწილი) ან ერთ გაკვეთილზე (ამ შემთხვევაში აქტივობის ჩატარებას დასჭირდება ერთი სრული გაკვეთილი).

 

აქტივობის მიზნები:

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის დახარისხების, კატეგორიზაციის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სემიოტიკური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ფუნქციური წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური.

 

რესურსები:

დაფა ან დიდი ფორმატის ქაღალდი, ცარცი/მარკერი, ფურცლები სამუშაო ტექსტითა და სქემით (წინასწარ გათვლილი რაოდენობით), საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გაესაუბრება ბავშვებს აღწერითი ტიპის ტექსტებზე, რომლებსაც სხვაგვარად “სიტყვიერ სურათებსაც” უწოდებენ და საგანგებოდ გაამახვილებს ყურადღებას: ა) აღწერითი ტექსტების მიზანზე _ რაც შეიძლება უფრო ნათლად და ცოცხლად წარმოუდგინოს მკითხველს აღსაწერი ობიექტი ცალკეული დეტალების ჩვენების მეშვეობით. დეტალები მიემართება ადამიანის ხუთ სენსორულ ორგანოს და ასახავს, როგორია აღსა­წერი ობიექტის გარეგნული იერსახე, სურნელი, ხმიანობა, ფაქტურა (მაგარი, რბილი) და გემო; ბ) აღწერითი ტექსტების სივრცულ ორგანიზაციულ ყალიბზე, რომლის გამოყენების დროს აღსაწერი ობიექტი/ობიექტები წარმოდგენილია სივრცეში მისი/მათი მდებარეობისა თუ განლაგების მიხედვით. მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ავტორის გადასაწყვეტია, კონკრეტულად, რა მიმდევრობით/მიმართულებით უნდა წარიმართოს აღწერა: ავტორის ხედვის კუთხიდან მარცხნიდან მარჯვნივ თუ პირიქით; ქვემოდან ზემოთ თუ პირიქით, გარედან შიგნით თუ პირიქით, ახლოდან შორს თუ პირიქით, სხვ.

I ეტაპი _ მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, წაიკითხონ შერჩეული აღწერითი ტექსტი და გააანალიზონ იგი მოცემული სქემის მიხედვით; შემდეგ დაყოფს კლასს წყვილებად და დაურიგებს მათ აღწერითი ტიპის ტექსტსა და სქემას (იხ. ქვემოთ).

იგივე სქემა უნდა იყოს გამოსახული დაფაზე ან დიდი ფორმატის ქა­ღალდზე, რომელსაც მასწავლებელი დაფაზე გააკრავს.

 

სქემა.

ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანო

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

მხედველობა

  • ზომა, მოცულობა:
  • ფერი:
  • სიგრძე, სიგანე:

სმენა

 

შეხება

 

ყნოსვა

 

გემო

 

აღწერის მიმართულება

 

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

(მიმდევრობის დაცვით)

მარჯვნიდან მარცხნივ7

 

 

მასწავლებელი ხმამაღლა წაუკითხავს მოსწავლეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტს და განუმარტავს მოსწავლეებს, როგორ უნდა შეავსონ სქემა. ნიმუშის საჩვენებლად თავად შეავსებს სქემას ერთი-ორი მონაცემით. ამის შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს, გააგრძელონ სქემის შევსება წყვილებში მუშაობის გზით.

 

ნიმუში. აღწერითი ტექსტი

ჩემი საყვარელი ნივთი

ჩემი წიგნების თაროზე დგას პატარა მხიარული კლოუნი _ ჩემი ბავშვობის საყვარელი სათამაშო, რომელიც ბიძაჩემმა მაჩუქა ერთ ახალ წელს. სათამაშოს თავზე ახურავს წითელი და ყვითელი რბილი ნაჭრებისგან შეკერილი პატარა ქუდი. კლოუნის ფუმფულა თმები ყვითელი ფერის ძაფითაა მოქსოვილი და მთლიანად ფარავს შუბლს. შუბლის ქვემოთ გრძელი შავი წარბებია, წარბების ქვემოთ _ დიდი მწვანე თვალები. ლოყები, ცხვირი და ტუჩები კლოუნს წითლად აქვს შეღებილი. იგი მხიარულად იღიმება და თეთრი კბილები მოუჩანს.

ტანზე კლოუნს აცვია მუქი მწვანე კომბინეზონი განიერი ჯიბეებითა და ყვითელი ქამრით. მას მარცხენა ხელში უჭირავს ფორთოხლისფერი ბურთი, რომელსაც ნამდვილი ფორთოხლის სუნი ასდის, მარჯვენა ხელში _ ოთხკუთხა წითელი კოლოფი. ახლა ეს კოლოფი ცარიელია, მაგრამ როდესაც მაჩუქეს, სავსე იყო შოკოლადის მრგვალი, უგემრიელესი კანფეტებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, მაშინვე შევჭამე. მარჯვენა ფეხის მუხლზე კლოუნს მრგვალი ღილაკი აქვს დაკერებული. თუკი ამ ღილაკს ხელს დააჭერ, მხიარული სიცილის ხმას გაიგონებ. ფეხებზე კლოუნს აცვია დიდი შავი ფეხსაცმელები, რომლებზეც წითელი ფერის ბაფთებია დამაგრებული.

ყოველთვის, როდესაც ჩემს ოთახში შევდივარ და ვხედავ მხიარული კლოუნის პატარა ფიგურას, კარგ ხასიათზე ვდგები. მახსენდება ახალი წელი, ბავშვობა და ბიძაჩემი, რომელიც ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და დიდი ხანია, არ მინახავს.

საბოლოოდ, შევსებული სქემა ამგვარ სახე მიიღებს:

თემა: ჩემი საყვარელი ნივთი

ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანო

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

მხედველობა

  • ზომა, მოცულობა: პატარა კლოუნი, პატარა ქუდი, დიდი თვალები, დიდი ღილაკი, დიდი ფეხსაცმელები, პატარა ფიგურა
  • ფერი: წითელი და ყვითელი ნაჭრები, ყვითელი ფერის ძაფი, მუქი მწვანე კომბინეზონი, მწვანე თვალები, შავი ფეხსაცმელები, წითლად შეღებილი ლოყები, ცხვირი და ტუჩები, თეთრი კბილები, მწვანე კომბინეზონი, ყვითელი ქამარი, ფორთოხლისფერი ბურთი, შავი ფეხსაცმელები, წითელი კოლოფი, წითელი ფერის ბაფთები
  • სიგრძე, სიგანე: გრძელი წარბები, განიერი ჯიბეები
  • ფორმა: მრგვალი ღილაკი, მრგვალი კანფეტები, ოთხკუთხა კოლოფი

სმენა

მხიარული სიცილის ხმა

კანი/შეხება

რბილი ნაჭრები, ფუმფულა თმები

ყნოსვა

ფორთოხლის სუნი

გემო

ტკბილი, უგემრიელესი კანფეტები

აღწერის მიმართულება

 

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

(მიმდევრობის დაცვით)

ზემოდან ქვემოთ

თავი, თმა, შუბლი, წარბები, თვალები, ლოყები, ცხვირი, ტუჩები, ტანი, მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხის მუხლი, ფეხების ტერფები

 

მოსწავლეები შეუდგებიან მუშაობას წყვილებში. მასწავლებელი წინასწარ გააფრთხილებს მათ, რამდენი დრო ეძლევათ სამუშაოს შესასრულებლად (სამუშაო დრო განისაზღვრება კლასის დონის მიხედვით). ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელს შეუძლია თავად შეავსოს დაფაზე გამოსახული ცხრილი ერთი-ორი მონაცემით, რის შემდეგაც მოსწავლეები დამოუკიდებლად გააგ­რ­ძელებენ მუშაობას.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ზეპირად გამოიკითხავს შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით განუმარტავს მოსწავლეებს ცალკეულ საკითხებს, გააკეთებს კომენტარებს და მისთ.

II ეტაპი _ ამ ეტაპზე მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ აღწერითი ტექსტი “იდეალური საკლასო ოთახი”, რომელიც შედგენილი იქნება ადამიანის 5 გრძნობის ორგანოს ფუნქციების გათვალისწინებით, ერთი რომელიმე სივრცული ორგანიზაციული ყალიბის დაცვით (ქვემოდან ზემოთ ან პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით, სხვ.). ნამუშევრის შექმნისას მოსწავლეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ სქემით, რომელსაც ისინი აქტივობის პირველ ეტაპზე გაეცნენ.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი შეაფასებს მათ ზეპირი შენიშვნებისა და კომენტა­რების გზით. საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად შეიძლება მოეწყოს ერთ­გვარი კონკურსიც მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

40 წუთი (ორივე ეტაპისათვის).

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის გაანალიზება (ძიებითი კითხვის სტრატეგიის გამოყენებით);
  • ინფორმაციის დახარისხება და კატეგორიზაცია;
  • გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენება ტექსტის გასაანალიზებლად;
  • ფუნქციური წერითი მეტყველება მოდელის მიხედვით;
  • თანამშრომლობა;
  • შემოქმედებითი უნარების გამოყენება.

 

მეთოდური მითითებები:

  • მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება სთხოვოს აღწერითი სახის ტექ­სტის შედგენა ამავე თემაზე (“ჩემი საყვარელი ნივთი”), განხილული მოდელის მიხედვით.
  • საშინაო დავალებაში (“იდეალური საკლასო ოთახი”) შეხებასთან, გემოსა და ყნოსვასთან დაკავშირებული სენსორიკის ასახვა შეიძლება შემდეგი გზით: კლასში არის ამა თუ იმ არომატის მქონე ყვავილები, კლასის ჰაერი არომატიზებულია ამა თუ იმ სურნელით, მერხებზე აწყვია გემრიე­ლი შოკოლადები, სურნელოვანი ციტრუსი, ტკბილი წვენები; მერხების ნაცვლად ფუმფულა, რბილი სავარძლებია და სხვ.
  • მასწავლებელს საშინაო დავალებად შეუძლია მოსწავლეებს დაავალოს ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარის ილია ჭავჭავაძისეული აღწერის გა­ა­ნალიზება მოცემული სქემის მიხედვით.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

აქტივობა ავითარებს ინფორმაციის დახარისხება-კატეგორიზაციისა და ფუნქციური ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევებს, რომლებიც გამოსადეგია მეცნიერების ნებისმიერი დარგის შესწავლის დროს. აქტივობა მჭიდრო კავშირშია ბუნებისმეტყველებასთან (5 გრძნობის ორგანო და მათი ფუნქციები).

ვარიანტი (ბ)

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს სამუშაოდ შესთავაზოს ცხრილი, რომელსაც დამატებული აქვს “მოგონებების” კომპონენტი (აღნიშნული ცხრი­ლის ნიმუში იხ. ქვემოთ). ამ შემთხვევაში საშინაო დავალებაც, შესაბამისად, უნდა მომზადდეს ბ ვარიანტის ცხრილზე დაყრდნობით. აღნიშნული ცხრილის გამოყენებისას მუშაობა დამატებით მიმდინარეობს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ პირადი გამოცდილების, პერსონალური დამო­კიდებულების/მიმართებების, მისთ. წერილობით გამოხატვის უნარ-ჩვევები.

 

ცხრილი. ვარიანტი (ბ)

თემა: ჩემი საყვარელი ნივთი

ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანო

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

მხედველობა

  • ზომა, მოცულობა: პატარა კლოუნი, პატარა ქუდი, დიდი თვალები, დიდი ღილაკი, დიდი ფეხსაცმელები, პატარა ფიგურა
  • ფერი: წითელი და ყვითელი ნაჭრები, ყვითელი ფერის ძაფი, მუქი მწვანე კომბინეზონი, მწვანე თვალები, შავი ფეხსაცმელები, წითლად შეღებილი ლოყები, ცხვირი და ტუჩები, თეთრი კბილები, მწვანე კომბინეზონი, ყვითელი ქამარი, ფორთოხლისფერი ბურთი, შავი ფეხსაცმელები, წითელი კოლოფი, წითელი ფერის ბაფთები
  • სიგრძე, სიგანე: გრძელი წარბები, განიერი ჯიბეები
  • ფორმა: მრგვალი ღილაკი, მრგვალი კანფეტები, ოთხკუთხა კოლოფი

სმენა

მხიარული სიცილის ხმა

კანი / შეხება

რბილი ნაჭრები, ფუმფულა თმები

ყნოსვა

ფორთოხლის სუნი

გემო

ტკბილი, უგემრიელესი კანფეტები

აღწერის მიმართულება

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

(მიმდევრობის დაცვით)

ზემოდან ქვემოთ

თავი, თმა, შუბლი, წარბები, თვალები, ლოყები, ცხვირი, ტუჩები, ტანი, მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხის მუხლი, ფეხების ტერფები

ტექსტთან ან მის ნაწილთან დაკავშირებული მოგონება/გახსენება

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები 

(მიმდევრობის დაცვით)

ცარიელი კოლოფი

შოკოლადის კანფეტები

პატარა კლოუნი

ახალი წელი, ბავშვობა, ბიძა

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 7, 9, 10; ქართ. VII. 11, 13, 14.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6 დამატებით იხ., "აბზაცის სახეები: აღწერითი აბზაცი", აგრეთვე "წერითი ნამუშევრის ძირითადი სახეები: აღწერითი ესე". 

7 აქ ეს მიმართულება ჩაწერილია ნიმუშის საჩვენებლად. ამ ადგილზე უნდა ჩაიწეროს ის მიმართულება, რომელიც შეესატყვისება შერჩეული აღწერითი ტექსტის მონაცემებს.