აქტივობა 48. მენიუ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის სასადილოსთვის (EN)

შედეგი:

ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია, ეკოლოგიური კომპეტენცია, ციფრული წიგნიერება, მედია-წიგნიერება

 

რესურსები:

რუკა, ილუსტრაცია

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

სამზარეულო ყველა ქვეყნისა თუ ისტორიული ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. უძველესი ხალხების კვების რაციონის შესწავლა ფართო სამეცნიერო კვლევას მოითხოვს, ამიტომაც მის შესახებ ინფორმაცია იშვიათად ხდება სასკოლო სახელმძღვანელოებში. მიუხედავად ამისა, შემოთავაზებული აქტივობის განხორციელება, რომელიც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის სასადილოსთვის მენიუს შედგენას გულისხმობს, ვფიქრობთ, სასწავლო პროცესს ახალი ინფორმაციით დიდად არ გადატვირთავს.

მის განსახორციელებლად საჭიროა გამოყოთ მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით იმუშავებს. დაუსახელეთ მათ შესაბამისი ლიტერატურა და დაავალეთ მენიუს სპეციფიკურ ფორმატში ჩაწერონ, რისი შეთავაზება შეეძლო კლიენტისთვის რომელიმე ისტორიული ქვეყნისა თუ ქალაქის სასადილოს; შემდეგ კი ნამუშევარი მთელი კლასის წინაშე წარადგინეთ. პრეზენტაციის პროცესში აუცილებელია იმსჯელოთ, რატომ არ მოხვდა მენიუში დღესდღეობით საყოველთაოდ გავრცელებული ესა თუ ის პროდუქტი. ძალიან კარგი იქნება, თუ საკლასო წვეულებასაც დაგეგმავთ, სადაც სტუმრებს მხოლოდ პრეზენტაციისას წარმოდგენილ მენიუში მოცემულ კერძებს შესთავაზებთ.

ქვემოთ შემოთავაზებულია მაგალითები, რომელიც ნათელს მოჰფენს აქტივობის არსს.

1. მაგალითად, როდესაც მე-7 კლასში ასწავლით ძველი ეგვიპტის ისტორიას და დაახასიათებთ ფარაონების როლსა და ადგილს იმდროინდელ საზოგადოებაში, დაავალეთ მოსწავლეებს იქვე, გაკვეთილზე დაწერონ ფარაონების მენიუ – ”რას მიირთმევდნენ ფარაონები.” ეს შეიძლება წყვილებში ან ჯგუფებში გაკეთდეს. (დრო 5 წუთი). შემდეგ ხმამაღლა წაიკითხონ და გააცნონ ერთმანეთს. ამის შემდეგ ერთ მოსწავლეს მიეცით ხმამაღლა წასაკითხად “ნამდვილი” ტექსტი, რომელსაც ყველა შეადარებს თავის ნააზრევს. ეს აქტივობა საკმაოდ შემეცნებითია და “საოცრებებით” აღსავსე, თანაც სახალისო.

ფარაონების მენიუ

 

1. თემა: ქალაქ ტენოჩტიტლანის სასადილოს მენიუ

მენიუს წარდგენას წინ უნდა უძღოდეს მოკლე ისტორიული ექსკურსი აცტეკების კვების კულტურის შესახებ, რადგან ეს თემა კლასის დანარჩენი მოსწავლეებისთვის, ცხადია, პრაქტიკულად უცხო იქნება.

მოკლე ექსკურსი: ტენოჩტიტლანი აცტეკების იმპერიის დედაქალაქი გახლდათ. ამ იმპერიაში ელიტისა და უბრალო ხალხის კვების რაციონი დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. წარმოდგენილი მენიუ უფრო აცტეკური ელიტის სამზარეულოს ახასიათებს. აცტეკები დღეში ორჯერ ჭამდნენ. მთავარი მათთვის იყო სადილი, რომლიც დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთს ემთხვეოდა. გარდა ქვემოთ წარმოდგენილი პროდუქტებისა, აცტეკურ ბაზრებში დიდი რაოდენობით შეხვდებოდით სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს, ხილს, სანელებლებს და საჭმელად ვარგისი ძაღლებისა და ჩიტების ხორცს. აცტეკთა ყოფაში ფულის მოვალეობას კაკაოს მარცვლები ასრულებდა.

მენიუს პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილეთ, როდის და როგორ მოხვდა ეს პროდუქტები ჩვენს რეალობაში; ან რატომ არ მოხვდა ტენოჩტიტლანის სასადილოს მენიუში დღეს ყველა სასადილოსთვის უპირველესი პროდუქტი – პური; ამ საკითხებზე საუბრისას აუცილებლად აუხსენით ბავშვებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ თვალსაზრისით დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს.

ტენოჩტიტლანის სასადილოს მენიუ