აქტივობა 44. დღიურის შედგენა რომელიმე ისტორიული პერსონაჟის ნაცვლად (EN)

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.VIII.16.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.17.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან : წიგნიერება, მედიაწიგნიერება

 

რესურსები:

ამონარიდები სხვადასხვა მემუარული ტიპის ლიტერატურიდან

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, ხელოვნება

 

აქტივობის აღწერა:

ისტორიის სწავლების პროცესში კარგი იქნება, თუ მოსწავლეების ლიტერატურულ ნიჭსაც გამოვიყენებთ. დაავალეთ მოსწავლეებს დღიურის შედგენა და საქმე ისე წარმოაჩინეთ, თითქოს ისინი ქმნიან ამა თუ იმ ეპოქის წყაროს, რომელიც ისტორიკოსებს მათთვის საინტერესო საკითხზე დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. არ არის აუცილებელი, მოსწავლემ დღიური რომელიმე მეფის ან მხედართმთავრის სახელით დაწეროს. მან შესაძლოა თავისი ნაშრომის პერსონაჟად ამა თუ იმ ეპოქის ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც თავისი თანატოლი აქციოს. ამგვარი აქტივობა მოსწავლეებს წარსულის ემპათიურ განცდაში დაეხმარება.

იმისათვის, რომ მოსწავლემ გაიგოს მემუარული ლიტერატურის მნიშვნელობა და კარგად გაართვას თავი მასზე დაკისრებულ ამოცანას, საჭიროა, საჯაროდ განვიხილოთ სხვადასხვა ცნობილი პიროვნების ჩანაწერები; ამ შემთხვევაში მათი თხზულებების შეპირისპირებითი დახასიათება კარგად შეგიძლიათ თემის არსის უკეთ წარმოსაჩენად გამოიყენოთ.

მაგალითისთვის, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს შესთავაზებთ ნაწყვეტებს (თქვენი შეხედულებისამებრ) “ანა ფრანკის დღიურიდან” და, მეორე მხრივ, იულიუს კეისრის ნაშრომიდან “კომენტარები გალებთან ომის შესახებ”.

მასალის განხილვის შემდეგ მოსწავლეებს შემდეგი შეკითხვებით მიმართეთ:

ა) რატომ არის ანა ფრანკი გულწრფელი, კეისარი კი – არა?

ბ) დაახასიათეთ ანა ფრანკის პიროვნება მოცემული მასალის მიხედვით;

გ) დაახასიათეთ კეისრის პიროვნება მისი კომენტარების მიხედვით.