აქტივობა 4. ვსწავლობთ სინთეზირებას (ვარიანტი ა,ბ) (EN)

(ვარიანტი )

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ და აითვისონ სინთეზირების მეთოდი _ წაკითხულის გაგება-გააზრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგია, რომელიც იძლევა იდეების კომბინირებისა და ტექსტის ახლებურად გააზრების შესაძლებლობას. სინთეზირების დროს მოსწავლეებს მოეთხოვებათ ახალი ცოდნის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და მისი დაკავშირება ადრეულ ცოდნასთან (არსებულ კოგნიტურ/აზრობრივ სქემებთან). სინთეზირების პროცესში ტექსტზე რეფლექსიის შედეგების, ტექსტის ცალკეული ელემენტებისა და ადრეული ცოდნის აზრობრივი სქემების გამთლიანების გზით ჩნდება ტექსტის გაგების/ინტერპრეტაციის ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი პროდუქტი.3

აქტივობა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. სინთეზირებასთან ერთად, იგი გაავარჯიშებს მოსწავლეებს კითხვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიის, შეჯამების გამოყენებაში. წაკითხულის გაგება-გააზრების ამ ორი მნიშვნელოვანი სტრატეგიებიის (სინთეზირება, შეჯამება) დაუფ­ლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების, აგრეთვე აკადემიური წერითი მეტყველების უნარების განვითარებას.

აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს საგნობრივი სტანდარტის სამივე მიმართულებას. აქტივობა წარმოდგენილია ორ ვარიანტად. ა ვარიანტში მოსწავლეებს მოეთხოვებათ ორი წყაროს გამოყენება, ბ ვარიანტში _ 3 წყაროს გამოყენება (აღნიშნული 3 წყარო შეირჩევა შეთავაზებული 6 წყაროდან).

 

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ზეპირმეტყველების (საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემისა და დასაბუთების, კრიტიკული მოსმენის) უნარ-ჩვევების განვითრება.

 

რესურსები:

წინასწარ შერჩეული, ქაღალდებზე ამობეჭდილი ტექსტები/ვიზუალური მასალა და ცხრილი (საჭირო რაოდენობით), დაფა, ცარცი/მარკერი, ფერადი მარკერები.

აქტივობის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური (I ეტაპი), მთელი კლასის მონაწილეობით (II ეტაპი)

 

აქტივობის აღწერა:

დაფაზე გამოსახულია წყაროების სინთეზირების გრაფიკული მაორგანიზებელი _ სამსვეტიანი მარტივი ცხრილი (ან გაკრულია დიდი ფორმატის ქაღალდი ამავე ცხრილის გამოსახულებით). მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაწერონ სინთეზური ესე “ქალი და მამაკაცი: პრობლემა, დანახული ქალის თვალით” ორი შერჩეული წყაროს მიხედვით. ესენია ფრაგმენტები 2 მწერალი ქალის _ ქართველი ბარბარე ჯორჯაძისა (I წყარო) და ინგლისელი ფემინისტი მწერლის, მერი უოლსტონკრაფტის (II წყარო) ნაწარმოებებიდან. გასათვალისწინებელია შემდეგი: მოსწავლეებს მოეთხოვებათ მსჯელობა მხოლოდ იმ საკითხებზე/პრობლემატიკაზე, რომლებიც უკავშირდება წერითი დავალების თემას. ასევეა წყაროების შემთხვევაში _ საჭირო არ არის ნამუშევარში აისახოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებს შეიძლება გააჩნდეთ ამ წყაროებთან/ავტორებთან დაკავშირებით, თუკი ამ ინფორმაციას არ შეუსაბამებენ წერითი დავალების თემას (მაგ., ბარბარე ჯორჯაძე არის ცნობილი ქართველი პოეტის, რაფიელ ერისთავის და. რაფიელ ერისთავი ავტორია ლექსისა “სამშობლო ხევსურისა”, რომელიც ქართველი ბავშვების ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია და მისთ).

მასწავლებელი მოკლედ გაესაუბრება მოსწავლეებს სინთეზირების არსზე და შესასრულებელ კონკრეტულ სამუშაოებზე. სასურველია, რომ ახსნა-განმარტება იყოს მარტივი, ადვილად გასაგები, ინსტრუქცია _ ნათელი; შესასრულებელი სამუშაო კი დაიყოს კონკრეტულ ნაბიჯებად, მაგ.:

  • გაიაზრეთ თემის სათაური (მომავალი ესეს თემა) და გაეცანით მასალებს: წყაროებს და ცხრილს;
  • წყაროების გაცნობისას ყურადღებით წაიკითხეთ მოკლე საინფორმაციო ტექსტები, რომლებიც წინ უძღვის წყაროების ტექსტებს. მათში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ მასალის გააზრებაში;
  • თემის სათაურის გათვალისწინებით, შეარჩიეთ წყაროებიდან ცალკეული ნაწილები, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემული დავალების შესასრულებლად;
  • მონიშნეთ ტექსტებში შერჩეული ნაწილები ფერადი მარკერით;
  • გადაიწერეთ მონიშნული ადგილები ცხრილის მარცხენა სვეტში;
  • გაიაზრეთ მონიშნული ადგილები და ჩაწერეთ მათი შეჯამება ცხრილის მარჯვენა სვეტში;
  • დაწერეთ ესე შეჯამების შედეგებზე დაყრდნობით. საჭიროების შემთხვევაში, მარკერით მონიშნული ადგილები შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტული მაგალითების და/ან ციტატების მოსაყვანად.

თითოეულმა მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  • წერის დროს მან უნდა გადმოსცეს თავისი თვალსაზრისი, წყაროები კი უნდა გამოიყენოს დამხმარე მასალად _ თავისი თვალსაზრისის დასასაბუთებლად, კონკრეტული მაგალითების, ფაქტების, მონაცემების მოსაყვანად. იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს მოსწავლემ მაშინაც, როცა მისი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება წყაროებში გამოთქმულს _ ამ შემთხვევაში მოსწავლე გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს, მოჰყავს წყაროების მასალა (მაგალითები, ფაქტები, მონაცემები) და არგუმენტირებულად აკრიტიკებს მას.
  • არჩევანის გაკეთება, ტექსტიდან ცალკეული ნაწილების შერჩევა მთლიანად მოსწავლეზეა დამოკიდებული. მან, კერძოდ, უნდა გადაწყვიტოს, თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ტექსტების რომელი ნაწილებია ყველაზე არსებითი, მნიშვნელოვანი, საინტერესო, ეფექტური და მისთ. ასევე მისივე გადასაწყვეტია, რა მიმდევრობით ესეში იქნება წარმოდგენილი შერჩეული ნაწილები.

ნიმუშის მისაცემად მასწავლებელი ერთი რომელიმე წყაროს დასაწყისს (მაგ., პირველ აბზაცს ხმამაღლა) და შეავსებს დაფაზე გამოსახული ცხრილის პირველი მწკრივის ორივე სვეტს. ამის შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან ინდივიდუალურ სამუშაოს.

წერით ნამუშევარში წყაროების მოხსენიება შესაძლებელია ორი გზით: ა) ავტორების/ნაწარმოებების მითითებით (მაგ., “ბარბარე ჯორჯაძის აზრით...”, მისთ.); ბ) წყაროების რიგითი მიმდევრობის დაცვით (მაგ., “I წყაროს თანახმად...”, “ საეჭვოა II წყაროში გამოთქმული მოსაზრება, რადგან ...”, მისთ.).

II ეტაპი _ სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს; ასაბუთებენ თავიანთ არჩევანს _ მსჯელობენ, რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ნაწილი ტექსტიდან, მათი აზრით, რითია მნიშვნელოვანი შერჩეული ნაწილები.

ნიმუში. შერჩეული ორი წყარო

 

I წყარო

ქართველი მწერალი ბარბარე ჯორჯაძე (1833 _ 1895 წწ.),
ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ

პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდნენ, ეს თავისი ამხანაგი ყველანაირად დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ ”შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმადიყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო; სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო”. თვითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: ”მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ,გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის - რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო”.

გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, რათა უფრო დაემონებინა. მართალია, დედაკაცისათვის თვით ბუნებას არ მიუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა; მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდაქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამა-კაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედა-კაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: ”თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული დაგამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი, და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალსეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა მოსათინთლავის სიტყვებით: ”მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო”...

დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს – რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან, თუ კი საქმეს უშველიან რასმე.

 

II წყარო

ინგლისელი მწერალი მერი უოლსტონკრაფტი (1759-1797 წწ.),
ქალის უფლებების დაცვა

მამაკაცური ტირანიის ახსნისა და პატიების მიზნით მრავალი მახვილგონივრული არგუმენტი იყო წამოყენებული; არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსებების შეძენის დროს ორი სქესი სხვადასხვა სახის ღირსებების მოპოვებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს. უფრო ცხადად თუ ვილაპარაკებთ, ქალებს არ აძლევენ გონებრივი შესაძლებლობების განვითარების უფლებას. გონებრივი შესაძლებლობები კი არის ის, რასაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ღირსება...

მამაკაცები სამართლიანად გამოთქვამენ საყვედურს იმ წინდაუხედაობისა და კაპრიზების გამო, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენი სქესისათვის, მაგრამ ისინი არ დასცინიან ჩვენს ჯიუტ გრძნობებსა და მონურ მორჩილებას. აი, აქ უნდა ვთქვა, რომ ესაა [ქალების] უცოდინრობის ბუნებრივი შედეგი. ყოველთვის არამტკიცე იქნება გონება, რომელიც განისვენებს მხოლოდ წინასწარ შემუშავებულ აზრებზე...

ქალებს ბავშვობიდან ეუბნებიან შემდეგს (ამასვე სწავლობენ ისინი თავიანთი დედების მაგალითითაც): ისინი მამაკაცის მფარველობის მოპოვებას შეძლებენ ადამიანური სისუსტის მცირეოდენი ცოდნით, ხასიათის სირბილით, გარეგნული მორჩილებითა და საგანგებო ყურადღების მიქცევით უშინაარსო წესიერებაზე. და კიდევ ერთიც: ისინი უნდა იყვნენ მშვენიერნი. სხვა ყველა დანარჩენი უსარგებლოა, ყოველ შემთხვევაში, მათი ცხოვრების პირველი ოცი წლის განმავლობაში...

როგორ უხეშ ტკივილს გვაყენებს ის, ვინც გვეუბნება, რომ ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, ვიყოთ ნაზები.

 

ნიმუში. შევსებული ცხრილი:

ფრაგმენტები წყაროებიდან

შეჯამება

I წყარო: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი.

მამაკაცის აზრით, ქალს აქვს მხოლოდ უარყოფითი თვისებები:

II წყარო: მამაკაცები სამართლიანად გამოთქვამენ საყვედურს იმ წინდაუხედაობისა და კაპრიზების გამო, რომლებიც დამახასიათებელია ჩვენი სქესისათვის,მაგრამ ისინი არ დასცინიან ჩვენს ჯიუტ გრძნობებსა და მონურ მორჩილებას. აი, აქ უნდა ვთქვა, რომ ესაა [ქალების] უცოდინრობის ბუნებრივი შედეგი. ყოველთვის არამტკიცე იქნება გონება, რომელიც განისვენებს მხოლოდ წინასწარ შემუშავებულ აზრებზე...

ქალის ნეგატიური თვისებები უცოდინრობის, არამტკიცე გონების შედეგია.

I წყარო: ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდნენ, ეს თავისი ამხანაგი ყველანაირად დაეცათ და დაემდაბლებინათ.

მამაკაცს მუდამ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ქალის მიმართ.

 

I წყარო: სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო

მამაკაცების აზრით, ქალს არ სჭირდება განათლება და ენების შესწავლა.

II წყარო: ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა, ვიყოთ ნაზები.

მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მამაკაცი უყენებს ქალს, არის სინაზე.

I წყარო: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო

ქალის ქცევის მოდელი, შეთავაზებული მამაკაცის მიერ: ჩუმად ყოფნა, პასიურობა, რეალობისაგან დისტანცირება, საკუთარი ნებასურვილის არგამოხატვა.

II წყარო: ქალებს არ აძლევენ გონებრივი შესაძლებლობების განვითარების უფლებას. გონებრივი შესაძლებლობები კი არის ის, რასაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ღირსება

ქალს უარს ეუბნებიან ღირსებაზე, რადგან არ აძლევენ გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას.

 

III ეტაპი _ მოსწავლეები წერენ ნამუშევარს, რომელშიც სინთეზირებული იქნება ზემოთ მოყვანილი ორი წყაროს მასალა. ცხრილის მარცხენა სვეტში მოყვანილი ტექსტი (ამონარიდი წყაროდან) მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ციტირებისათვის.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • სინთეზირება;
  • თავისი მოსაზრების არგუმენტირება;

წერითი ნამუშევრის შედგენა მოცემული პირობის მიხედვით.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. XI. 5, 8; ქართ. XI. 9, 10, 11, 12, 13, 14; ქართ. XII. 5, 6, 7, 9, 10; ქართ. XII. 13, 14.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 ამ კუთხით სინთეზირება მნიშვნელოვნად განსხვავდება შეჯამებისაგან, რომელიც, უბრალოდ, ხელახლა იმეორებს ტექსტის მნიშვნელოვან საკითხებს. ამდენად, სინთეზირება, შეჯამებასთან შედარებით, უფრო მაღალი სააზროვნო დონის ამოცანაა, რომელიც ახალი პროდუქტის შექმნას გულისხმობს.