აქტივობა 4. დავეხმაროთ მკითხველს გზის გაკვალვაში (EN)
აქტივობის შესახებ:
აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის სტრუქტურულ-ორგანიზაციული ელემენტების გააზრებაში, ავარჯიშებს მათ ე.წ. გადასვლების _ ნაწერის ცალკეული ნაწილების ერთმანეთთან დასაკავშირებელი ენობრივი ფორმულებისა და კონსტრუქციების გამოყენებაში. აქტივობა ასევე ხელს უწყობს ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ტექსტების ორგანიზაციულ ყალიბზე (დროითი, ლოგიკური, სხვ.) ფოკუსირების გზით. აქტივობა წარმოდგენილია 2 ვარიანტად: ა ვარიანტი შედგენილია მიზეზშედეგობივი მიმართების ამსახველი ტექსტისათვის, ბ ვარიანტი _ დროითი მიმართების ამსახველი ტექსტისათვის. აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე.
აქტივობის მიზნები:
- კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
- წერითი მეტყველების განვითარება.
აქტივობის ორგანიზების ფორმა:
მთელი კლასის მონაწილეობით (I ეტაპი), ინდივიდუალური (II ეტაპი).
რესურსები:
დაფა, ცარცი/მარკერი, საწერი კალმები, რვეულები.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გაესაუბრება ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივი კონსტრუქციების მნიშვნელობაზე. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა, შესაძლებელია შემდეგი ანალოგიის მოყვანა: ტექსტის მკითხველი ესაა ტურისტი, რომელიც უცხო ქვეყანაში მოგზაურობს. იმისათვის, რომ მას გზა არ აებნას, აუცილებელია “საგზაო ნიშნების” გამოყენება _ ტექსტის წერის დროს გამოყენებული ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივი კონსტრუქციები ერთგვარი საგზაო ნიშნებია, რომელთა დახმარებით მკითხველი შეძლებს თავისუფლად “გადაადგილებას” ტექსტში.
ამ კონსტრუქციების ადეკვატურად გამოყენებაზე სავარჯიშოდ მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, დაწერონ მცირე ზომის ტექსტი, რომელშიც გამოიყენებენ ტექსტის ტიპისა და ორგანიზაციული ყალიბის შესაბამის ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივ საშუალებებს (მაქსიმალური რაოდენობით).
I ეტაპი _ წერის დაწყებამდე მასწავლებელი მიმართავს გონებრივი იერიშის სტრატეგიას და მოსწავლეთა აქტიური თანამონაწილეობით დაფაზე ჩამოწერს ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს (სამუშაოდ შერჩეული ტექსტის ტიპის შესაბამისად), რომლებიც მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ტექსტის შეთხზვის დროს.
ნიმუში:
ვარიანტი ა. მიზეზშედეგობრივი მიმართების ამსახველი ტექსტისათვის: ამიტომ, იმიტომ, რადგან, აქედან გამომოდინარე, შედეგად, რადგანაც, ასე რომ, ...-ის მიზეზით, ..-ის შედეგად, ...-ის გამოისობით და ა.შ.
ვარიანტი ბ. დროითი მიმართების /თანამიმდევრობის ამსახველი ტექსტისათვის: თავიდან, თავდაპირველად, პირველად, პირველ რიგში, შემდეგ, ...-ის შემდეგ, ამ დროს, ...-ის დროს, ამასობაში, მეორედ, ბოლოს,...-ის ბოლოს, საბოლოოდ და ა.შ.
II ეტაპი _ მოსწავლეები წერენ მცირე ზომის თხზულებას დაფაზე დაწერილი ენობრივი კონსტრუქციებისა და კლიშეების გამოყენებით.
ნიმუში:
ვარიანტი ა. მიზეზშედეგობრივი მიმართების ამსახველი ტექსტი მიზეზებისა და შედეგების დეტალური ჩვენებით.
შესაძლო თემები: სიცრუის მიზეზები და შედეგები, მეგობრობის მიზეზები და შედეგები, ცუდად სწავლის მიზეზები და შედეგები, სხვ.
ვარიანტი ბ. დროითი თანამიმდევრობის ამსახველი საინსტრუქციო ტექსტი მოქმედების ეტაპების დეტალური ჩვენებით.
შესაძლო თემები: როგორ მოვემზადოთ გამოცდისათვის/სპორტული შეჯიბრებისათვის, როგორ გავატაროთ ზაფხულის არდადეგები, როგორ დავისვენოთ ზღვაზე და მისთ.
თუკი მასწავლებელი მიზანშეწონილად ჩათვლის, შესაძლებელია სახუმარო თემების შეთავაზებაც, მაგ.: როგორ ავირიდოთ თავიდან საოჯახო დავალების შესრულება, როგორ დავკარგოთ საუკეთესო მეგობარი, როგორ ჩავიჭრათ გამოცდაზე, როგორ მოვიმატოთ 7 დღეში 14 კგ. და მისთ.
აქტივობის ხანგრძლივობა:
12-15 წუთი.
შეფასება:
აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- ტექსტის ორგანიზაციული ყალიბის გააზრება;
- ტექსტის ტიპის შესაფერისი ენობრივი ფორმულებისა და კონსტრუქციების გამოყენება;
- შეთავაზებული მოდელის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი იძლევა დამატებით ახსნა-განმარტებებს, შენიშვნებს, აკეთებს კომენტარებს.
მეთოდური მითითება:
აქტივობის ჩატარებამდე, სასურველია, მოსწავლეები გაეცნონ სათანადო ტექსტს, რომელშიც გამოყენებული იქნება ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივი კონსტრუქციები (ე.წ. გადასვლები).
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. VII. 9; ქართ. VII. 11, 13, 14; ქართ. VIII. 9; ქართ. VIII. 12, 13; ქართ. IX. 7, 8; ქართ. IX. 11, 12, 13.