აქტივობა 3. ვსწავლობთ ინფორმაციის ორგანიზებას _ ამოტრიალებული პირამიდა (EN)

აქტივობის შესახებ:

საინფორმაციო ნაწერის ორგანიზების ერთ-ერთი ხერხი _ “ამოტრიალებული პირამიდა” ფართოდ გამოიყენება საგაზეთო ჟურნალისტიკაში ახალი ამბების მოწოდების დროს. როგორც მისი სახელწოდება მიუთითებს, წერის ეს ყალიბი “თავდაყირა” აყენებს ნაწერის ორგანიზების ტრადიციულ წესს (თეზისის წამოყენება, არგუმენტის განვითარება დამხმარე დეტალების მოშველებით, დასკვნის გაკეთება).

“ამოტრიალებული პირამიდის” გამოყენების დროს ნაწერი ორგანიზებულია მასალის მნიშვნელობის მიხედვით _ იგი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით, გრძელდება ნაკლებად მნიშვნელოვანით და სრულდება ძირი­თადი საბაზისო ინფორმაციით. აღნიშნული ტექნიკა მე-20 საუკუნის დასაწ­ყისში იქცა სტანდარტად ამერიკულ საგაზეთო ჟურნალისტიკაში. ეს ტექნიკა ძალზე გამოსადეგია საგაზეთო ჟურნალისტიკისათვის, რადგან მკითხველს შეუძლია შეწყვიტოს კითხვა ნებისმიერ ადგილზე, ისე, რომ უკვე ჰქონდეს მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამასთან, გაზეთში ადგილი ძალზე ძვირად ფასობს _ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სტატია შესამოკლებელია, რადგან დასაბეჭდია უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და/ან რეკლამა. “ამოტრიალებული პირამიდის” ტექნიკით ნაწერი სტატია გაზეთის რედაქტორს შეუძლია შეამოკლოს ნებისმიერ ადგილზე _ მოაჭრას ბოლო ნაწილი/ნაწილები ისე, რომ სტატია მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს: შეინარჩუნოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამდენად, ამ ყალიბის გამოყენების დროს ნაწერი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებით (ვინ? რა? სად? როდის? როგორ/რატომ?); ამას მოსდევს დამატებითი დეტალები ცალკეული აბზაცების სახით (I დამატებითი ინფორმაცია, II დამატებითი ინფორმაცია, III დამატებითი ინფორმაცია და ა.შ.). მაგ. ,”გუშინ, 10 ივნისს, ორი ბავშვი დაზარალდა სამრევლო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქ. დეტროიტში (მიჩიგანის შტატი). როგორც ვარაუდობენ, ხანძარი გაჩნდა მოკლე ჩართვის შედეგად”. ახალი ამბების მოკლე ფორმატისათვის ეს სავსებით საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში კი წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება განივ­რცოს: მაგ., დაემატოს თვითმხილველთა ნაამბობი, ინტერვიუ დაზარალებულებთან ან მათ მშობლებთან, მეხანძრეებთან, სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წევრებთან, სტატისტიკური მონაცემები მსგავსი შემთხვევების შესახებ და მისთ.

“ამოტრიალებული პირამიდა” და მისი ვარიაციები ფართოდ გამოიყენება ახალი ამბების მოწოდებისას, პრეს-რელიზების, მოკლე კვლევითი მოხსენებითი ტექსტებისა და სხვა ექსპოზიტორული სახის ნაწერების შედგენის დროს.

აქტივობა გააცნობს მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის ორგანიზების ერთ-ერთ ხერხს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის დახარისხებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას; ზოგადად, წერითი მეტყველების განვითარებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • შეთავაზებული მოდელის მიხედვით საინფორმაციო ტექსტის ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული აზოვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეულები, ფურცები სავარჯიშო ტექსტით (საჭირო რაოდენობით)

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გაესაუბრება მოსწავლეებს საინფორმაციო ნაწერის ორგანიზაციული ყალიბის _ “ამოტრიალებული პირამიდის” წარმოშობის ისტორიაზე, გააცნობს მისი გამოყენების კონკრეტულ ნიმუშებს.

თვალსაჩინოებისათვის მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს “ამოტრიალებული პირამიდის” სქემატურ სურათსა და გეგმას (იხ. ქვემოთ); აუხსნის მათ, რომ “ამოტრიალებული პირამიდის” ზედა, ყველაზე განიერ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, არსებითი, საინტერესო ინფორმაცია. ამას მოსდევს ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია (პირამიდის შუა ნაწილი), ბოლოს კი _ სხვა ძირითადი ინფორმაცია (პირამიდის ქვედა წვერო).

სქემა. ამოტრიალებული პირამიდა.

 ამოტრიალებული პირამიდა

ამდენად, “ამოტრიალებული პირამიდის” ორგანიზაციული ყალიბის გამო­ყენების შემთხვევაში, ნაწერი უნდა აიგოს შემდეგი გეგმის მიხედვით:

I _ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია (ვინ? სად? რა? როდის? რატომ/როგორ?);

II _ დამატებითი ინფორმაცია:

III _ დამატებითი ინფორმაცია:

IV _ დამატებითი ინფორმაცია:

V _ დამატებითი ინფორმაცია:

და ა.შ.

ნიმუშის საჩვენებლად მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, ერთობლივად დაწერონ საინფორმაციო ტექსტი სქემისა და გეგმის საფუძველზე. ტექსტის თემა: ბონუსიის2 პოლიტიკური ცხოვრების სიახლენი.

დასაწყისი: “ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა ბონუსიის ოპოზიციის ლიდერი”, რომელსაც მოსდევს დამატებითი ინფორმაცია (მაგ., II _ ბონუსიის დედაქალაქის აეროპორტში ლიდერს შეეგება ათასობით მხარდამჭერი: ოპოზიციური პარტიის წევრები და სხვა მოქალაქეები, რომლებმაც იგი საზეიმოდ მიაცილეს სახლამდე. III_ ლიდერის დაბრუნება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს, რომელთა რეიტინგი ძალზე შეირყა ბოლო წლებში გატარებული წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმების შედეგად. III _ ძირითადი საბაზისო ინფორმაცია: გაეროს მონაცემებით, ბონუსიაში ბოლო ათი წლის მანძილზე მკვეთრად მოიმატა უმუშევართა რაოდენობამ, წარმოება შემცირდა 30 %-ით, სხვ.

II ეტაპი _ ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს დაყოფს წყვილებად, დაურიგებს მათ წინასწარ მომზადებულ ფურცლებს, რომლებზედაც წარმოდგენილია 4-აბზაციანი საინფორმაციო ტექსტი (ტექსტი მოწოდებულია ცხრილის სახით).

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაეცნონ ტექსტს და მეწყვილეთან შეთანხმებით, ცხრილის მარცხენა სვეტში მიუთითონ აბზაცების რიგითობა “ამოტრიალებული პირამიდის” სქემაზე დაყრდნობით (რომელი აბზაცი უნდა იყოს პირველი, რომელი _ მეორე და ა.შ.).

ნიმუში. 4-აბზაციანი საინფორმაციო ტექსტი.

                                                                              კულტურის სიახლენი

აბზაცის

N

ტექსტი

 

კონკურს “საქართველოს ხმების” წყალობით საზოგადოებამ უკვე გაიცნო არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი. მათი ნაწილი დღეს წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე. 2007-2008 წლების გამარჯვებულები: თამარ ბერიძე და შორენა თავაძე ვენის საოპერო თეატრის სოლისტები არიან; 2022-2012 წლების პრიზიორები: გიორგი ნადირაძე, ვაჟა ადამია და ნესტან კარგარეთელი კი წარმატებით აგრძელებენ სწავლას დასავლეთის პრესტიჟულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში, სადაც საოპერო მომღერლის რთულ პროფესიას ეუფლებიან.

 

2013 წლის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა კონკურსის მთავარი პრიზი _ ქართველ იუველირთა მიერ დამზადებული თასი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით. ამას გარდა, თათია ხატიაშვილი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება იტალიაში, ქ. სორენტოში.

 

კონკურსის დანარჩენი პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი ჯილდოებით. მეორე ადგილზე გასულ ზურაბ ნინუას გადაეცა 2000 ლარი, მესამე ადგილზე გასულ ნანა ვარდოსანიძეს კი _ 1000 ლარი.

 

თბილისის 250-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, თათია ხატიაშვილმა, გაიმარჯვა ახალგაზრდა ქართველ ვოკალისტთა კონკურსში “საქართველოს ხმები”, რომლის ფინალი ჩატარდა ქ. ბათუმის სასტუმრო “შერატონში” 2013 წლის 12 სექტემბერს. თბილისელმა მოსწავლემ კონკურსის მთავარი პრიზი მოიპოვა ქართული ხალხური სიმღერის “ჩელას” ორიგინალური შესრულების წყალობით. კონკურსის ისტორიაში, რომელიც 7 წელს ითვლის, წლევანდელი გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდაა კონკურსის პრიზიორთა შორის.

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ ცხრილი ამგვარ სახეს მიიღებს (იხ. ქვემოთ).

აბზაცის

N 

ტექსტი

4

კონკურს “საქართველოს ხმების” წყალობით საზოგადოებამ უკვე გაიცნო არაერთი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი. მათი ნაწილი დღეს წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე. 2007-2008 წლების გამარჯვებულები: თამარ ბერიძე და შორენა თავაძე ვენის საოპერო თეატრის სოლისტები არიან; 2022-2012 წლების პრიზიორები: გიორგი ნადირაძე, ვაჟა ადამია და ნესტან კარგარეთელი კი წარმატებით აგრძელებენ სწავლას დასავლეთის პრესტიჟულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში, სადაც საოპერო მომღერლის რთულ პროფესიას ეუფლებიან.

2

2013 წლის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა კონკურსის მთავარი პრიზი _ ქართველ იუველირთა მიერ დამზადებული თასი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით. ამას გარდა, თათია ხატიაშვილი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება იტალიაში, ქ. სორენტოში.

3

კონკურსის დანარჩენი პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი ჯილდოებით. მეორე ადგილზე გასულ ზურაბ ნინუას გადაეცა 2000 ლარი, მესამე ადგილზე გასულ ნანა ვარდოსანიძეს კი _ 1000 ლარი.

1

თბილისის 250-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, თათია ხატიაშვილმა, გაიმარჯვა ახალგაზრდა ქართველ ვოკალისტთა კონკურსში “საქართველოს ხმები”, რომლის ფინალი ჩატარდა ქ. ბათუმის სასტუმრო “შერატონში” 2013 წლის 12 სექტემბერს. თბილისელმა მოსწავლემ კონკურსის მთავარი პრიზი მოიპოვა ქართული ხალხური სიმღერის “ჩელას” ორიგინალური შესრულების წყალობით. კონკურსის ისტორიაში, რომელიც 7 წელს ითვლის, წლევანდელი გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდაა კონკურსის პრიზიორთა შორის.

 

III ეტაპი _ სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, საჭიროების შემთხვევაში განმარტავენ და დაასაბუთებენ თავიანთ არჩევანს.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

18-20 წუთი.

 

საშინაო დავალების სახით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაწერონ საინფორმაციო ტექსტი “ამოტრიალებული პირამიდის” სქემის გამოყენებით მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე (სპორტის, კინოს, პოპ-მუსიკის, სიახლენი, სხვ.).

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • ინფორმაციის დახარისხება;
  • საინფორმაციო ტექსტის შექმნა შეთავაზებული ყალიბის მიხედვით;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითებები:

  • სასურველია, სამუშაოს დაწყებამდე მასწავლებელმა წინასწარ შეარჩიოს და მოსწავლეებს გააცნოს ტექსტი, რომელიც მათ ”ამოტრიალებული პირამიდის” ყალიბის გამოყენების სამოდელო ნიმუშად გამოადგებათ.
  • აქტივობის პირველი ეტაპი წარიმართება დაფასთან, “ხმამაღლა ფიქრის” სტრატეგიის გამოყენებით.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და საინფორმაციო ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც თანაბრად გამოსადეგია ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლის დროს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. X. 6; ქართ. X. 11, 16; ქართ. XI. 12, 13, 14.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

2აქ მოყვანილი გვაქვს ინფორმაცია არარსებული ქვეყნის _ ბონუსიის შესახებ.