აქტივობა 25. “აკვარიუმი” (EN)

შედეგი:

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან: სემიოტიკური კომპეტენცია, სწავლის სწავლა

 

რესურსები:

აკვარიუმი, მარცვლეული, ობსიდიანის ქვა, კაჟის ნატეხი, წაწვეტებული ქვა და ა.შ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

არქეოლოგიური მეცნიერების არსის უკეთ გასაგებად საყოველთაოდ აპრობირებული მეთოდია ე. წ. “აკვარიუმის” აქტივობა. მის განხორციელებას არცთუ განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ჩაყარეთ აკვარიუმში ქვიშა, გარედან კი მას სხვადასხვა არქეოლოგიური პერიოდის სახელები დააწერეთ ისე, რომ უფრო ძველი ეპოქა აკვარიუმის ფსკერს უსწორდებოდეს. შემდეგ ჩაყარეთ აკვარიუმში ცალკეული ნივთები, რომლებიც ჩამოთვლილ ეპოქებს შეესატყვისება.


მაგალითი 1.

დააწერეთ აკვარიუმს გარედან ზედა პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი და ენეოლითი. შემდეგ კი ჩააგდეთ მასში სპილენძის რაიმე ნივთი, ხორბლის მარცვლები, ობსიდიანის ნაკეთობა და ქვის შუბის ტარი.

გაკვეთილზე აკვარიუმი მოსწავლეებს ისე წარუდგინეთ, თითქოს მათ წინაშე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი იყოს; შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით ამოიღეთ აკვარიუმიდან ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები.

ა) როდესაც ობსიდიანის ნაკეთობას ამოიღებთ, აღნიშნეთ, რომ ის ზედა პალეოლითიდან მომდინარეობს;

ბ) როდესაც ქვის შუბის ტარი მოგყვებათ ხელში, აღნიშნავთ, რომ მსგავსი მიკროლითები მეზოლითის ეპოქას ახასიათებს;

გ) როდესაც ხორბლის მარცვალი ამოგყვებათ, აღნიშნეთ, რომ ის აუცილებლად ნეოლითურ პერიოდთან უნდა იყოს დაკავშირებული. ისაუბრეთ “ნეოლითური რევოლუციის” მნიშვნელობაზე;

დ) სპილენძის ნაკეთობას კი ავტომატურად ენეოლითის ეპოქას დაუკავშირებთ.

 

მაგალითი 2.

შეიტანეთ კლასში ქვიშით სავსე ხის ყუთი ან ქვიშიანი აკვარიუმი. წინასწარ ჩაფალით მასში სხვადასხვა ხურდა ფული, რაც კი შეიძლება მოიპოვოთ. სასურველია, ფული იყოს სხვადასხვა ეპოქის – როგორც ქართული, ასევე უცხოური. ეს მოსწავლეების დაინტერესებას კიდევ უფრო გაამძაფრებს. წარმოიდგინეთ, რომ თხრით რომელიმე კონკრეტულ ადგილს. ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია აირჩიოს სასურველი “ადგილი” “არქეოლოგიური სამუშაოებისთვის”. ალბათ ყველა თავის მშობლიურ გარემოს დაუკავშირებს “გათხრებს”. სთხოვეთ მოსწავლეებს დაკავდნენ “არქეოლოგიური სამუშაოებით” და “აღმოჩენილი ექსპონატები” სათითაოდ განიხილეთ. აუხსენით, რა დიდი ინფორმაციის შემცველი შეიძლება იყოს მკვლევრისთვის ერთი პატარა მონეტაც კი ამა თუ იმ ეპოქის შესასწავლად. ბავშვებს დაუსვით შეკითხვები:

    1. რა სახის ფულადი ერთეულები აღმოაჩინეს?
    2. რა იყო ასახული მათ მიერ აღმოჩენილ სხვადასხვა ფულზე?
    3. ფულის რა ერთეულების მოძიება შეძელით?
    4. რომელ ეპოქას მიაკუთვნეთ “აღმოჩენილი ფული”?
    5. რა მასალისგანაა შექმნილი მათ მიერ “აღმოჩენილი ფული”?
    6. რა ენაზეა შესრულებული წარწერები “აღმოჩენილ მასალაზე”, ყველა მათგანი ქართულია?
    7. უცხოური მონეტებიდან ყველაზე მეტი რომელი ქვეყნის/ქვეყნების მონეტებია “აღმოჩენილი” მათ მიერ?
    8. რაზე მეტყველებს ამა თუ იმ უცხოური ქვეყნის მონეტის “აღმოჩენა” ?
    9. ყველა ქვეყანა, რომლის მონეტაც იპოვეთ “არქეოლოგიური მუშაობისას”, დღესაც არსებობს მსოფლიოში?

ბუნებრივია, შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენი საკუთარი შეკითხვები.

შემდეგ, ვინაიდან თქვენი “არქეოლოგიური მონაპოვარი’’ ლითონის ფულით არის წარმოდგენილი, იქვე დაეკითხეთ მოსწავლეებს, იციან თუ არა, რომელი ისტორიული დამხმარე დისციპლინა სწავლობს ლითონის ფულს. შეიძლება ვინმემ იცოდეს, შეიძლება – არა. თქვენ აუხსნით, რომ ამას შეისწავლის ნუმიზმატიკა, რომელიც უშუალოდ არის დამოკიდებული არქეოლოგიურ გათხრებზე.

ნუმიზმატიკა (ლათ. ნუმიზმა მონეტა) – ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, ლითონის ფულს.

იქვე სთხოვეთ გაიხსენონ, რას შეისწავლის არქეოლოგია, აგრეთვე ცნობილი არქეოლოგიური გათხრების შედეგები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან ( გავლილი სასწავლო მასალის საფუძველზე).

არქეოლოგია (ბერძ. “არქაიოს” _ ძველი; “ლოგოს სიტყვა, მოძღვრება) – არის მეცნიერება, რომელიც ეძიებს და იკვლევს ძველი ნივთიერი კულტურის ძეგლებს, წარსული ცხოვრებისა და კულტურის შესწავლის მიზნით.

დასასრულ, კეთებით სწავლისა და ცნებებზე მუშაობის კვალდაკვალ შეგიძლიათ ყურადღება მიაქცევინოთ მოსწავლეებს იმაზე, თუ რაოდენ ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთდამოკიდებულია ისტორიული მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინები, რამდენად მჭიდრო კავშირში უნდა ურთიერთქმედებდნენ ისინი, რომ მოხერხდეს ისტორიული წარსულის სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენის აღდგენა და შესწავლა.