აქტივობა 2. ვადგენთ თემატურ წინადადებას (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა წერითი მეტყველების განვითარებას, ზოგადად, კრიტიკული აზოვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. წერითი ნამუშევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის _ თეზისის შემცველი წინადადების შედგენაზე ვარჯიში დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გააცნობიერონ კავშირი წერითი ნამუშევრის სხვადასხვა კომპონენტს (თემა, ტექსტის სტრუქტურული ელემენტები, ცალკეული წინადადებები, სხვ.) შორის. აქტივობა კომპლექსური სახისაა, ტარდება 3 ეტაპად და მიემართება კითხვისა და წერის მიმართულებებს.

 

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი ნამუშევრის სტრუქტურის გააზრება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეულები, საწერი კალმები. წინასწარ შერჩეული და ქაღალდზე ამობეჭდილი ტექსტი და 3 დავალება (საჭირო რაოდენობით)

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს გაესაუბრება თემატური წინადადების არსსა და მნიშვნელობაზე1. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ: თემატურ წინადადებაში გამოთქმულია წერითი ნამუშევრის მთავარი იდეა, რომელიც განხილულია ნამუშევარში; შეძლებისდაგვარად, თემატური წინადადება შედგენილი უნდა იყოს იმგვარად, რომ დააინტერესოს მკითხველი (განსაკუთრებით აქტუალურია გარკვეული ტიპის, მაგ.: თხრობითი და საინფორმაციო ტექსტებისათვის).

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ქაღალდზე ამობეჭდილს სამუშაო მასალას.

I ეტაპი. ნიმუში:

ჰავაიური ქორწილი

ჰავაიური ქორწილის უნიკალური იერსახე ჰავაის კუნძულზე არსებულ კულტურათა ურთიერთშერწყმის შედეგია. საქორწილო ზეიმს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჰავაიური ტანსაცმელი, მუსიკა და ჰავაიური წეს-ჩვეულებები. პატარძალს აცვია გრძელი თეთრი ჰოლოკუ (საქორწინო კაბა), სიძეს კი _ გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი და წითელი შარვალი. ორივეს _ პატარძალსაც და სიძესაც ყვავილწნულების ყელსაბამები კიდიათ. პატარძლის ყელსაბამი თეთრი ყვავილებისგანაა დაწნული, სიძის _ მწვანე ყვავილებისგან. ჰავაიური ჩვეულებით, საქორწინო ცერემონიის დასაწყისში სიძე და პატარძალი სამჯერ ჩაბერავენ ზღვის დიდ ნიჟარაში. ჰავაიური ხალხური მუსიკა ჟღერს როგორც უშუალოდ ცერემონიის დროს, ისე მოგვიანებით, როდესაც წვავენ საქორწილო სუფრისათვის აუცილებელ მწვადს.

სხვა წეს-ჩვეულებები, რომლებიც შეიძლება ჩართული იყოს ზეიმში, დამოკიდებულია სიძის ან პატარძლის ეთნიკურ წარმომავლობაზე. თუკი სიძე ან პატარძალი ეტნიკურად ჩინელია, შეიძლება გამოყენებული იყოს ფეიერვერკი _ ჩინური წესი, რომელიც ავ სულებს აფრთხობს; იაპონური ორიგამი (სხვადასხვა ფორმით დაკეცილი ქაღალდები) გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი ახალდაქორწინებული იაპონელია. მაშინ კი, როდესაც ეთნიკურად ფილიპინელი ქორწინდება, იყენებენ ფილიპინურ პანდანგოს _ ფულის ბანკნოტებისაგან გაკეთებულ ერთგვარი ლენტს, რომელსაც სიძესა და პატარძალს შემოახვევენ პირველი საქორწინო ცეკვის დროს. ამ მრავალფეროვანი ტრადიციების წყალობით ჰავაიური ქორწილი ნამდვილად უჩვეულო მულტიკულტურულ მოვლენას წარმოადგენს.

მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს. მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას გაამახვილებს თემატური წინადადების (ესაა შეთავაზებული ტექსტის პირველი წინადადება) ნაწილებზე. ესენია: ა) თემა _ ჰავაიური ქორწილის უნიკალური იერსახე; ბ) შემომსაზღვრელი იდეა _ ჰავაის კუნძულზე არსებულ კულტურათა ურთიერთშერწყმა. აქცენტირებამ ჰავაიური საქორწილო რი­ტუალის უნიკალურ იერსახეზე კი, სავარაუდოდ, მკითხველში ინტერესი უნდა აღძრას (მაინც რითია უნიკალური?)

II ეტაპი _ მუშაობის მომდევნო ეტაპი ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსწავლეებმა ამოიცნონ და გაიაზრონ კავშირი წინადადებასა და ტექსტის და­ნარჩენ ნაწილებს შორის: ფაქტობრივად, ტექსტის დანარჩენი ნაწილი (გარდა ბოლო დასკვნითი წინადადებისა) ემსახურება იმას, რომ გაგვაცნოს ჰავაიური საქორწინო რიტუალის დეტალები მათი მულტიკულტურული ხასიათის ჩვენებით. ყველა ეს დეტალი მოწოდებულია იმ მიზნით, რომ დადასტურდეს პირველ წინადადებაში გამოთქმული აზრი კულტურათა ურთიერთზეგავლენის შესახებ.

მოსწავლეების/მეწყვილეების ამოცანაა, დააკვირდნენ, როგორ დასტურდება პირველ წინადადებაში გამოთქმული აზრი ტექსტის დანარჩენ ნაწილში. ამ მიზნით მათ უნდა მოიძიონ და დააჯგუფონ ტექსტში მოწოდებული დეტალური ინფორმაცია _ საქორწინო რიტულის დეტალები. აღნიშნული დეტალები, კერძოდ, ჯგუფდება იმისდა მიხედვით, თუ კულტურის რომელ ტიპს განეკუთვნება ისინი. შესრულებული დავალება ამგვარ სახეს მიიღებს:

ნიმუში. ჰავაიური ქორწილი (შესრულებული დავალება)

ჰავაიური: ტანსაცმელი, მუსიკა, აქსესუარები, ცერემონიის დაწყების რიტუალი.

ჩინური: ფეიერვერკი

ფილიპინური: პანდანგო

იაპონური: ორიგამი

შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდეგ მასწავლებელი, შეაჯამებს შესრულებულ სამუშაოს და კიდევ ერთხელ გაამახვილებს მოსწავლეთა ყუ­რადღებას პირველ წინადადებასა და ტექსტის დანარჩენ ნაწილს შორის არსებულ კავშირზე (ტექსტის დანარჩენი ნაწილის ფუნქციააა, დაადასტუროს თემატურ წინადადებაში გამოთქმული აზრი).

III ეტაპი _ მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, შეადგინონ 2 თემატური წინადადება მოწოდებული მასალების (თემა, ავტორის პოზიცია/თვალსაზრისი) საფუძველზე. მუშაობა მიმდინარეობს წყვილებში.

ნიმუში.

 

დავალება 1.

ა) თემა: ქუჩის ბავშვების პრობლემა; ბ) ავტორის თვალსაზრისი/პოზიცია _ ესაა თანამედროვე ცხოვრების პრობლემა; ქუჩაში ცხოვრებას ბავშვები, ძირითადად, სამი მიზეზის გამო იწყებენ.

თემატური წინადადება: ქუჩის ბავშვები თანამედროვეობის მწვავე პრობლემაა, რომელსაც სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს.

(სიტყვა “მწვავე”, რომელიც გამოყენებულია თემატურ წინადადებაში, გამოკვეთს პრობლემის აქტუალობას და, სავარაუდოდ, მიიქცევს მკითხველის ყურადღებას).

 

დავალება 2.

ა) თემა: თანამედროვე ზოოპარკები და მათი მნიშვნელობა (ფოკუსი: არის თუ არა მნიშვნელოვანი ზოოპარკების არსებობა დღეს); ბ) ავტორის თვალსაზრისი/პოზიცია: ზოოპარკების არსებობა მნიშვნელოვანია _ მხოლოდ აქ შეიძ­ლება სხვადასხვა გარეული ცხოველის ნახვა რეალობაში. ეს გამოცდილება კი ავითარებს ადამიანს, ასწავლის მას ბევრ ახალს.

თემატური წინადადება: ზოოპარკის მონახულება თანამედროვე ადამიანს აძლევს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენისა და პიროვნების განვითარებისათვის.

(სიტყვა “უნიკალური”, რომელიც გამოყენებულია თემატურ წინადადებაში, გამოკვეთს საკითხის მნიშვნელობას და, სავარაუდოდ, გამოიწვევს მკითხველის დაინტერესებას).

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • სათქმელის ჩამოყალიბება და წერილობით გადმოცემა;
  • წერითი ნამუშევრის ცალკეულ კომპონენტებს შორის კავშირის გააზრება.

 

მეთოდური მითითებები:

თემატური წინადადებების ერთ-ერთ ამოცანის _ მკითხველის დაინტერესების საილუსტრაციოდ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს კონკრეტული ნიმუშები ცნობილი მწერლების/მოაზროვნეების ესეისტიკიდან: შეარჩიოს თემატური წინადადებები, რომლებიც მკითხველებში ინტე­რესს აღძრავს (მაგ., გერონტი ქიქოძე, “თამარ მეფის და შოთა რუსთაველის პორტრეტისათვის” _ როცა ადამიანი შოთა რუსთაველის და “ვეფხისტყაოსნის” პრობლემებზე ფიქრობს, შეუძლებელია ის ერთმა გარემოებამ არ გააოცოს”; მისივე, “ალექსანდრე ყაზბეგი” _ ცხოვრების გზის სულ მცირეოდენ ნაწილზე ყაზბეგმა გრანდიოზული პირადი კატასტროფა განიცადა”; მისივე, “დავით კლდიაშვილი” _ როცა ადამიანი დავით კლდიაშვილის მემუარებს კითხულობს, რწმუნდება, რომ ავტორს მეტად მძიმე და თავისებური ცხოვრება შეხვედრია”, სხვ.). ნიმუშების გაცნობისას მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას ამახვილებს ავტორის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ საშუალებებზე/ხერხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მკითხველის დაინტერესების თვალსაზრისით.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. XI. 8; ქართ. XI. 12, 13,14.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

1ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებით იხ. ზემოთ (წერის ეტაპი).