აქტივობა 2. მხატვრული კითხვის დღე (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კონ­კრეტულ საკომუნიკაციო სიტუაციაში შესაბამისი ქცევის უნარი. იგი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, გამომეტყველებითი კითხვის, მეორე მხრივ, კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას (თანაკლასელების გამოსვლებზე დაკვირვებისა და შეფასების გზით). გარდა ამისა, აქტივობა ეფექტურია კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისითაც _ იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ ტექსტის შინაარსი.

 

აქტივობის მიზებინი:

  • კრიტიკული აზროვნების/კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

სათანადო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები / ფრაგმენტები ნაწარმოებებიდან.

 

აქტივობის აღწერა:

საგანგებოდ შერჩეულ დღეს კლასში ცხადდება ”მხატვრული კითხვის დღე”.

მოსწავლეებს სახლიდან მოაქვთ თავიანთი საყვარელი წიგნები და თანაკლასელებს გამოთქმით და საჭირო აქცენტების დასმით უკითხავენ ლექსებსა და მოთხრობებს. ასევე, შესაძლებელია ე.წ. “ავტორის სკამის” მეთოდის გამო­ყენებაც, როდესაც გამომსვლელი/მკითხველი დაჯდება ოთახის შუაგულში ან მერხების წინ საგანგებოდ დადგმულ სკამზე და ისე უკითხავს ნაწარმოების ნაწყვეტს თანაკლასელებს. მოსწავლეები ყურადღებით უსმენენ გამომსვლელს და ცდილობენ შეაფასონ, რა მოეწონათ და რა _ არა. მაგალითად, ცვლიდა თუ არა მკითხველი ინტონაციას მოდალობის მიხედვით, შეძლო თუ არა მან ნაწარმოების/პერსონაჟთა განწყობის გადმოცემა, აკეთებდა თუ არა პაუზებს საჭირო ადგილას, იყენებდა თუ არა ჟესტსა და მიმიკას და ა.შ. შეფასების კრიტერიუმები მოსწავლეებისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი (შესაძლებელია, რომ კრიტერიუმები მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეიმუშაონ).

შესაძლებელია, ამ დღეს სკოლაში მოიწვიონ რომელიმე მწერალიც, რომელიც წაუკითხავს თავის ნაწარმოებს მოსწავლეებს, ან მსახიობი, რომელიც აჩვენებს ბავშვებს მხატვრული კითხვის მაგალითს.

 

შეფასება:

ამგვარი აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის სათანადოდ გააზრება;
  • გამომეტყველებით კითხვა;
  • ხმამაღლა კითხვის დროს შესაბამისი ინტონაციის შერჩევა;
  • ჟესტებისა და მიმიკის ადეკვატურად გამოყენება;
  • მოცემული კრიტერიუმების გამოყენებით თანაკლასელის გამოსვლის ადკვატურად შეფასება.

 

მეთოდური მითითება:

სასურველია, რომ ასეთ გაკვეთილებს ერთგვარი ტრადიციის სახე მიეცეს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. VII. 3;
  • ქართ. VII. 7.