აქტივობა 2. მიამბეთ!3 (EN)

ვარიანტი (ბ)

დეტალური თხრობა შეიძლება იყოს ორი სახის: თავისუფალი, რომე­ლიც უკავშირდება წაკითხული ან მოსმენილი ნაწარმოებით მიღებულ პირველ შთაბეჭდილებას. მოსწავლე საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაწარმოების დეტალურ შინაარსს; დანარჩენები უსმენენ და აფასებენ, რამდენად ზუსტად და თანამიმდევრობით არის გადმოცემული შინაარსი, ხომ არ არის გამოტოვებული მნიშვნელოვანი მოვლენა / ფაქტი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოისმენენ ამა თუ იმ ნაწარმოებს, მათ შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა აღადგი­ნონ ტექსტის შინაარსი. დეტალური თხრობის მეორე სახე გულისხმობს იმას, თუ რამდენად ახლოს არის მოსწავლის მონათხრობი ავტორისეულ ვერსიასთან არა მარტო შინაარსით, არამედ მწერლის ენის თვალსაზრისით. კერძოდ, იყენებს თუ არა მოსწავლე ავტორისეულ ლექსიკას, მხატვრულ საშუალებებს.

 

შეფასება:

დეტალური თხრობის დროს ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • წაკითხული ტექსტის რეალიების ზუსტად გადმოცემა;
  • თხრობისას თანამიმდევრულობის დაცვა;
  • მწერლისეული ლექსიკისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება (მეორე სახის დეტალური თხრობის შემთხვევაში).

 

მეთოდური მითითება:

დეტალური თხრობა არ გულისხმობს ტექსტის ზეპირად დასწავლას. ეს აქტივობა ერთდროულად ამოწმებს გააზრებული კით­ხვის უნარს (თუ მოსწავლეს ტექსტს წავაკითხებთ), მოსმენისა და ყურადღების კონცენტრირების, აგრეთვე, მოსმენილი ინფორმაციის დამახსოვრების უნარს (თუ მოსწავლეს მოვასმენინებთ ტექსტს).

 

ვარიანტი (გ)

მოკლე შინაარსის თხრობა

მოკლე შინაარსის გადმოცემა გაცილებით რთულია, ვიდრე დეტალური შინაარსისა, რადგან მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის იმგვარად “შეკუმშვა”, რომ არ დაიკარგოს თხრობის ლოგიკა, მხატვრული ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები. სხვა სიტყვებით, მოსწავლემ უნდა შეძლოს მთავარისა და არსებითის გარჩევა მეორეხარისხოვანისაგან. ამისათვის აუცილებელია წინასწარი მომზადება: აბზაცის ან თავის/ქვეთავის მთავარი აზრის განსაზღვრა, ამის საფუძველზე გეგმის შედგენა და შედგენილი გეგმის ისევ თხრო­ბით ტექსტად გადაქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლეს ვთხოვთ, გვიამბოს “ოთარაანთ ქვრივის” შინაარსი, ამისათვის საჭიროა, რომ მან სათაურებზე დაყრდნობით თითოეული თავიდან ამოიღოს მთავარი. შეიძლება კლასში მოვისმინოთ ალტერნატიული ვარიანტები და შევჩერდეთ ისეთზე, რომელშიც ყველაზე დაწურულად იქნება შენარჩუნებული მთავარი.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • თანამიმდევრული თხრობა;
  • არსებითისა და არაარსებითის ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

 

მეთოდური მითითება:

ეს აქტივობა კომპლექსურია, რადგან იგი ზეპირმეტყველების უნარის განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარებასაც იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე­ები თხრობის გეგმას წერილობით შეადგენენ.

გამოკრებილი შინაარსი

ეს არის ტექსტის ცალკეული ფრაგმენტის თხრობა მასწავლებლის მითითების საფუძველზე (მაგალითად, მიამბე ის მონაკვეთი, რომელშიც აღწერილია თათქარიძის დაოჯახების ამბავი; მიამბე, როგორ მოკვდა ორბელაძე, მისთ.).

 

რესურსი:

ტექსტი სახელმძღვანელოდან.

 

შეფასება:

შეფასდება, ახერხებს თუ არა მოსწავლე მთლიანი ტექსტიდან მითითიებული ადგილის ზუსტად ამოღებასა და მის დეტალურად გადმოცემას (ისე, რომ არ დაკარგოს ყველაზე მნიშვნელოვანი).

 

მეთოდური მითითება:

იმისათვის რომ შემოწმდეს, რამდენად კარგად აქვს მოსწავლეს ტექსტი გააზრებული, შესაძლებელია დავალების პირობის გართულება რაიმე სახის დამატებითი მინიშნებით. მაგალითად, “მიამბე ის ეპიზოდი, რომელშიც ჩანს თორნიკე ერისთავის კაცთმოყვარეობა”.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VII. 1; ქართ. VII. 7; ქართ. VII. 14.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(3) აღნიშნული აქტივობა წარმოგვიდგენს ზეპირმეტყველების მიმართულების N1 აქტივობის ორ მოდიფიცირებულ (ბ,გ) ვარიანტს. იხ. მიმართულება: ზეპირმეტყველება, "აქტივობა N1. მიამბეთ!".