აქტივობა 2. დღესასწაულების შედარება სხვა ისტორიული ეპოქების მსგავს ზეიმებთან (EN)

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციებიდან _ წიგნიერება

 

რესურსები:

მინი-ლექციის ტექსტი (ერთი კონკრეტული ნიმუში აქვეა შემოთავაზებული)


კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, ხელოვნება, გეოგრაფია


აქტივობის აღწერა:

დღესასწაულების თემის გამოყენება სასწავლო პროცესში სხვაგვარადაც შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ მოსწავლეებს შესთავაზოთ მინი-ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს სხვადასხვა ქვეყანასა თუ ისტორიულ ეპოქაში.

ასეთი მინი-ლექციების პერიოდულად ჩატარებით ისტორიის გაკვეთილი მოსწავლისათვის მის გარშემო არსებული მოვლენების შემეცნების კარგი საშუალება შეიძლება გახდეს; ეს კი მის მოტივაციას დიდად აამაღლებს.

როდესაც გაკვეთილი რომელიმე დღესასწაულს ემთხვევა ან მის შესახებ მსჯელობა გაკვეთილის ჩატარების მომენტში აქტუალურია, მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ მინი-ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ ზეიმობდნენ იმავე (ან მის შესატყვის) დღესასწაულს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ხალხები. ეს საშუალებას მოგვცემს ხაზი გავუსვათ ისტორიული ეპოქების თავისებურებებს და ბავშვებს მივცეთ საშუალება, ისტორიული ფაქტები საინტერესო ეთნოგრაფიული მონაცემების ფონზე დაიმახსოვრონ.

მაგალითად, მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ მინი-ლექცია: როგორ ზეიმობდნენ ახალ წელს საქართველოში”.

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV ს-ში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII ს-ში – 1 სექტემბერს, IX ს-ის 20-იანი წლებიდან კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყება.

იანვარში ახალი წლის აღნიშვნა XIV ს-დან დამკვიდრდა.

1 იანვარი მართლმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმული. ამიტომ პურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახდნენ.

ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს, თუ როგორ ხვდებოდნენ სამეფო კარზე ახალ წელს: ცისკრის ლოცვამდე მეფესთან და დედოფალთან მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი და თან მიჰქონდა ჯვარი, ხატი, სამეფო სამკაული და შაქარი. წირვის შემდეგ მეფეს ერისთავები და ვეზირები ულოცავდნენ. ახალ წელს სასახლეში აუცილებლად მართავდნენ დიდ ნადიმს, მეორე დღეს კი წინასწარ დამწყვდეულ ტყისნადირებს გამოუშვებდნენ და ნადირობდნენ.

საქართველოს ყველა კუთხეში გავრცელებული იყო ახალი წლის მილოცვა მეკვლის მიერ. მეკვლეები ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცები იყვნენ.

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა. ჩურჩხელებს, ჩირს, მოხარშულ დედალს და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალზე აწყობდნენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლსსამჯერ შემოუვლიდა, შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში.

საინგილოში ოჯახის ქალები ახალი წლის ღამეს იწყებდნენ ძაფის დართვას. შემდეგ ოჯახის უფროს მამაკაცთან ერთად მივიდოდნენ მძინარე შვილებთან და მაჯებზე ძაფებს ახვევდნენ. ძაფისაგან გაკეთებულ რგოლებს დედაბოძსა და საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ახვევდნენ. წრე საკრალურ დატვირთვას ატარებდა ძველ კულტურებში: ადამიანები თვლიდნენ, რომ წრიული ფორმა მათ ბოროტისულებისა და უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. გამთენიისას მოდიოდა მეკვლე. მეკვლესთან ერთად ოჯახის წევრები ჯერ სუფრას მიუსხდებოდნენ, შემდეგ კი ვენახში გავიდოდნენ საგანგებოდ მომზადებული ხონჩით. იქ ერთ ვაზს აირჩევდნენ, მის ძირში მიწას წითელი ღვინით მოალბობდნენ და ქათამს დაკლავდნენ ხოლმე. ამ რიტუალით ადამიანებს ღმერთის გული უნდა მოეგოთ, რომ იმ წელიწადსყურძნის უხვი მოსავალი მიეღოთ.

ხევსურეთში მეკვლედ შერჩეული ადამიანები ახალი წლის ღამეს ხატში ათენებდნენ, დილით კი მეკვლედ მიდიოდნენ.

ფშავლები ახალ წელს უთუოდ ახალ ტანსაცმელში გამოწყობილები ეგებებოდნენ. ახალი წლის წინა დღით ბედისკვერებს აცხობდნენ და ქადებს, თაფლს და სხვა ტკბილეულს ამზადებდნენ. აუცილებლად ამზადებდნენ ხინკალსა და მწვადებსაც. დილით მოსულ მეკვლეს ხელში ბედისკვერს მისცემდნენ და ის კვერს სახლში სამჯერ შემოაგორებდა; თუ პირქვე დაეცემოდა კვერი, ფშავლები მიიჩნევდნენ, რომმომდევნო წელი ბედნიერი იქნებოდა, ხოლო კვერის პირაღმა დავარდნა ავის მომასწავებლად მიაჩნდათ.

მესხეთ-ჯავახეთში ოჯახის უფროსები ზრუნავდნენ, რომ მეზობლებისთვის ნათხოვარი ყველა ნივთი შინ დაებრუნებინათ, რომ ბარაქა სხვის ოჯახში არ დარჩენილიყო. მეკვლის მისვლამდე ახალი წლის დღეს ერთმანეთთან არავინ მიდიოდა. მეკვლე ტკბილეულობით დატვირთული აკითხავდა ოჯახს.

გურია-იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს ფოთლებით, ვერცხლის ფულებით, ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით. იმერეთსა და სამეგრელოში ჩიჩილაკს ბასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.

სამეგრელოში ახალი წლის ღამეს რამდენჯერმე ისროდნენ თოფს. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს შემოატარებდა მთელ სახლში, ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები, ტკბილეულობით ხელდამშვენებულნი, მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ.

სვანეთში ახალ წლისთვის ყველიან პურებს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული. პურებს სხვა სანოვაგესთან ერთად გიდელაში აწყობდნენ და გარეთ კიდებდნენ, მეკვლისთვის რომ დაეხვედრებინათ. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო. ის დილით ადრე დგებოდა, ცეცხლს ანთებდა, შემდეგ დიასახლისს აღვიძებდა. დიასახლისი შვილებს აღვიძებდა. შემდეგ ოჯახის უფროსი ხარს გამოიყვანდა,რქებში თოკს მოაბამდა და მდინარეზე მიჰყავდა, ცოლ-შვილი კი უკან მიჰყვებოდა. მდინარიდან ოჯახის წევრებს წყალი მოჰქონდათ და შინ ბრუნდებოდნენ. მთელი ამ მსვლელობის დროს ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ, ხმის ამოღება ავის მომასწავლებლად მიიჩნეოდა...

აღმოსავლეთ საქართველოში შობა-ახალი წლის კვირას ”წელშუის კვირა” ეწოდებოდა, თუშეთში – ”წელწადშუ“, გურიასა და სამეგრელოში – კალანდა, სვანეთში კი – ზომხა.

 

შენიშვნა:

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არაა აქცენტის მხოლოდ დღესასწაულებზე გაკეთება. მინი-ლექციის თემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი წმინდანის ხსენების დღე; პოლიტიკური კონფლიქტი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებები ინტენსიურად აშუქებენ და რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი ისტორია გააჩნია. ამას გარდა, მსგავს ფორმატში, მოსწავლეებს შესაძლოა ინტერესი გავუღვივოთ ამა თუ იმ ეკლესიის, ციხესიმაგრის, უბრალო შენობის, ადგილობრივი ძეგლისა თუ მემორიალური დაფის შინაარსის მიმართაც.