აქტივობა 13. პოეზიის 15 წუთი: ვწერთ ეპიტაფიას (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს ცოდნის გააქტიურებას და შესწავლილი მასალის გააზრებას ძირითადი ასპექტების გამოკვეთის გზით. იგი დაეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი მასალის განზოგადებასა და შეფასებაში, ბიძგს მისცემს დამოუკიდებელი მიდგომისა და წარმოსახვის უნარების გამოვლენა-განვითარებას. აქტივობა აგრეთვე დაეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ სათანადო სტილური მოთხოვნების დაცვის უნარი (კერძოდ, დაიცვან ლაკონიურობა).

აღნიშნული აქტივობის ჩატარება შესაძლებელია ამა თუ იმ მწერლის შემოქ­მედების ან ცალკეული ნაწარმოების შესწავლის შემდეგ.

აქტივობის მიზნები:

  • ინფორმაციის დახარისხებისა და განზოგადების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წაკითხულის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-
    ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური/წყვილური.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოკლედ გაესაუბრება მოსწავლეებს ეპიტაფიის შესახებ. გაახსენებს მათ არსენ იყალთოელის ეპიტაფიას (იმ შემ­თხვევაში, თუკი იგი შესწავლილი აქვთ).

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს დაწერონ ეპიტაფია მათთვის ნაცნობ მწერალზე ან ლიტერატურულ პერსონაჟზე. ეპიტაფიაში შეიძლება გამოიკვეთოს მწერლის თუ პერსონაჟის ხასიათი/ჩვეულებები, მისი საქმე­ები (ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი), გარდაცვალება (როგორ გარდაიცვალა იგი); ან შეჯამდეს/შეფასდეს მწერლის თუ პერსონაჟის ცხოვრება. შესაძლებელია მასწავლებელმა წინასწარ შეათანხმოს მოსწავლეებთან, რომელ ასპექტზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სამუშაოს შესრულების დროს; შეახსენებს მოსწავლეებს, რომ მათ უნდა დაიცვან ლაკონიურობა ეპიტაფიის წერის დროს.

მოსწავლეთა დასახმარებლად მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს შეთანხმებულ პუნქტებს და მოთხოვნებს.

ვარიანტი. მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს ეპიტაფიისთვის ციტატის შერჩევა. ეს უნდა იყოს, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტროფი ან მოკლე პროზაული ფრაგმენტი შერჩეული მწერლის შემოქმედებიდან.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს; საჭიროების შემთხვევაში აკეთებენ დამატებით კომენტარებს.

დასასრულ, მოსწავლეების აზრის გათვალისწინებით, მასწავლებელი გამოავლენს საუკეთესო ნამუშევარს.

 

აქტივობის ხანგრძლივობა:

12_ 15 წუთი

 

შეფასება:

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ინფორმაციის დახარისხება;
  • შესწავლილი მასალის კრიტიკული გაანალიზება;
  • საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ინდივიდუალური მიდგომის გამოვლენა;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • თანამშრომლობა (წყვილური მუშაობის ფორმატში);
  • სათანადო სტილური მოთხოვნების დაცვა წერის დროს.

 

მეთოდური მითითებები:

  1. აქტივობის ორგანიზება შესაძლებელია აგრეთვე წყვილებში მუშაობის გზით.
  2. მოსწავლეთა უნარებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, ეპიტაფიის წერის დროს მასწავლებელმა მოსწავლეებს შეიძლება დამატებით შესთავაზოს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების _ ალიტერაციისა და ასონანსის გამოყენება, მაგ., ორნიკერისთავი _ რისთვის ავდადებული; თეთრწვერა და თეთრმიანი რისკაცი...;არიტა _ შვენიერი აგნოლია; ანი ატანი ალახად ქცეული... (ალიტერაცია); თორნიკ რისთავი _ რის რთგული ბრი და მომარი; ბრდა დაარცხ ჯვრით დ მხვილით...; მრიტ _ მინთ სრთლით ოდ დსჯილი... (ასონანსი) და სხვ.
  3. აღნიშნულ აქტივობას შეიძლება მიეცეს ერთგვარი თამაშისა და შეჯიბ­რის სახე.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია (იმ შემთხვევებში, თუკი: პერსონაჟი ისტორიული პირია და/ან გამოყენებული იქნება მწერლის შემოქმედების და/ან ნაწარმოებში აღწერილი ამბის ისტორიული კონტექსტი).

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. IX. 6, 8; ქართ. IX. 9, 13.