აქტივობა 10. ვწერთ ბიოგრაფიას (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა კომპლექსური სახისაა და მიემართება წერისა და კითხვის მიმართულებებს. იგი ემსახურება კრიტიკული კითხვის, წერითი სტრატეგიების გამოყენების უნარის გამომუშავებას, აგრეთვე, აკადემიური წერისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა ნაწილობრივ ფარავს აგრეთვე VII კლასის მე-11 შედეგს (ქართ. VII. 11).

 

აქტივობის მიზნები:

  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოვლენებისა და ფაქტების თანამიმდევრულად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

რესურსები:

სანიმუშოდ შერჩეული ბიოგრაფიული ტექსტი, წყაროები ბიოგ­რაფიული ტექსტის შესაქმნელად, კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს გაესაუბრება ბიოგრაფიული ტექსტების, მათი სპეციფიკის შესახებ; შეახსენებს მათ, რომ ბიოგრაფიის სუბიექტი (=პირი, ვისზეცაა შედგენილი ბიოგრაფია) შეიძლება იყოს როგორც მეტ-ნაკლებად ცნობილი ისტორიული პირი, ისე თანამედროვე ადამიანი.10

სანიმუშოდ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ერთ-ერთ ბიოგრაფიულ ტექსტს, რომელსაც კლასში წაიკითხავენ. მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დააკვირდებიან ბიოგრაფიული ტექსტის ენობრივ, სტი­ლისტურ და სტრუქტურულ თავისებურებებს (აღწერითი ხასიათი, ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვა, თხრობა მესამე პირში, სხვ.).

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, დაწერონ ბიოგრაფიული ტექ­სტი. მოსწავლეები შეარჩევენ ბიოგრაფიის სუბიექტს. იგი შეიძლება იყოს მწერალი, რომლის ნაწარმოებსაც მოსწავლეები სწავლობენ, ისტორიული პირი, სპორტსმენი, მსახიობი, მუსიკოსი და ა.შ.

ბიოგრაფიული ტექსტის შესაქმნელად მოსწავლეები, პირველ რიგში, უნდა გაეცნონ მასალებს შერჩეული სუბიექტის შესახებ. მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა წყაროებით ისარგებლებენ ტექსტის შესაქმნელად (ბიოგრაფიის წყაროების შესახებ იხ. მეთოდური მითითებები, N1). ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეუძლიათ შემოიფარგლონ 2-3 წყაროთი.

მასალების ანალიზის, დახარისხებისა და ორგანიზების პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, მუშაობის დროს მოამზადონ:

ა) “ცხოვრების ხაზი” _ მოსწავლეები შექმნიან სუბიექტის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების ჩამონათვალს დაბადებიდან სიკვდილამდე / ცხოვ­რების გარკვეულ ეტაპამდე. ეს ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, 6-8 მოვლენას/ფაქტს;

ბ) პორტრეტი _ მოსწავლეები დახატავენ სუბიექტის პორტრეტს; მიუთითებენ, რას ფიქრობდა სუბიექტი თავისი ცხოვრების სამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე;

გ) ციტატები _ მოსწავლეებმა უნდა მოიყვანონ, სულ მცირე, ორი ციტატა _ სუბიექტის აზრები, გამონათქვამები, რომლებიც, ბიოგრაფიის ავტორის აზრით, საუკეთესოდ ასახავს სუბიექტის ლაპარაკის მანერას, მის აზრებსა და შეხედულებებს.

დ) მაორგანიზებელი “გულის რუკა” – ესაა გრძნობების, ემოციების, დამოკიდებულებების ამსახველი გრაფიკული მაორგანიზებელი. მოსწავლეები გამოსახავენ გულს. შემდეგ ამ გამოსახულებას შეავსებენ სიტყვებით ან სურათებით, რომლებიც ასახავენ სუბიექტის გრძნობებს, ემოციებს, დამოკი­დებულებებს ადამიანების/საგნების/მოვლენების, სხვ. მიმართ. კერძოდ, “გულის რუკაზე” შეიძლება, მაგ., გამოისახოს: ბიოგრაფიის სუბიექტის საყვარელი წიგნის სახელწოდება; ეკლესია (თუკი ბიოგრაფიის სუბიექტი რელიგიური ადამიანია), სუბიექტის ოჯახის ამა თუ იმ წევრის, მეგობრის, მასწავლებლის სახელები (თუკი მათ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სუბიექტის ცხოვრებაში), სუბიექტის ჰობი (მაგ., შეიძლება გამოისახოს თევზი და/ან ანკესი, თუკი სუბიექტი გატაცებულია თევზაობით); სახელები იმ ადამიანებისა, რომელთა მოღვაწეობამ/შემოქმედებამ გავლენა მოახდინა სუბიექტზე, სხვ.

ამგვარად ორგანიზებული ინფორმაცია ცალკეული თემების და მათთან დაკავშირებული დეტალების სახით შევა ბიოგრაფიულ ტექსტში. საჭიროებისამებრ, ტექსტის შედგენისას მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ მიზეზშედეგობრივი და/ან სხვა მიმართებების ამსახველი კავშირები/კონსტრუქციები (მაგ., “ ...-ის გამო N-მა გადაწყვიტა, რომ...”, სხვ.)

მასალების ანალიზის, დახარისხებისა და ორგანიზების დროს მიღებული მონაცემებისა და დასკვნების საფუძველზე მოსწავლეები დაწერენ ბიოგრაფიულ ტექსტს.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ბიოგრაფიული ტექსტის სტრუქტურის გააზრება;
  • ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება, დახარისხება და ორგანიზება;
  • მოვლენების/ფაქტების გადმოცემა ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვით;
  • ორგანიზებული ინფორმაციის ნაშრომში ასახვა (თემების სახით);
  • სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების გამოყენება, ირიბი ნათქვამისა და ციტირების მართებულად გამოყენება, მიზეზშედეგობრივი და/ან სხვა ლოგიკური მიმართებების ამსახველი ენობრივი კონსტრუქციების მართებულად გამოყენება.

 

მეთოდური მითითებები:

  • ბიოგრაფიული ტექსტის შედგენისას ავტორი ეცნობა და ამუშავებს წყა­როებს სუბიექტის შესახებ. წყაროები ორი ტიპისაა: ა) პირველადი წყა­როები: თავად ბიოგრაფიის სუბიექტი (თუკი ბიოგრაფია იწერება თანამედროვე ადამიანზე, საუკეთესო საშუალებაა, ავტორი პირადად შეხვდეს და გაესაუბროს მას), დღიურები, წერილები, ინტერვიუები ბიოგრაფიის სუბიექტთან, ავტობიოგრაფია/ავტობიოგრაფიული ჩანაწერები (დაწერილი ბიოგრაფიის სუბიექტის მიერ), სამახსოვრო ჩანაწერები, ფოტოები, საისტორიო წყაროები/ცნობები; მოგონებები იმ პირებისა, რომლებიც იცნობდნენ ბიოგრაფიის სუბიექტს. მეორადი წყაროები: წიგნები, ალბომები, ვებგვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები, საჟურნალო/საგაზეთო/სტატიები, სხვ. _ ზოგადად, მთელი ის მასალა, რომელიც მოგვითხრობს ბიოგრაფიის სუბიექტის შესახებ.
  • მოსწავლეების უკეთ ორიენტაციის მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენოს მასალის ორგანიზების მოდელი. ამ მიზნით მასწავლებელს შეუძლია, კლასში წაკითხულ ბიოგრაფიულ ტექსტზე დაყრდნობით, მოამზადოს და დაფაზე გამოსახოს “ცხოვრების ხაზი”, “გულის რუკა” და სხვ. კარგი იქნება, თუკი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეებიც.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც თანაბრად საჭიროა ნებისმიერი ჰუმა­ნიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების შესწავლის დროს.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. VIII. 5, 7, 9; ქართ. VIII. 10, 12, 13.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10 ბიოგრაფია (ისევე როგორც ავტობიოგრაფია), საზოგადოდ, წარმოადგენს აღწერითი ტიპის ტექსტს, რომელშიც გამოყენებულია აგრეთვე ნარატიული ტიპის ტექსტის გარკვეული ელემენტები. ბიოგრაფიის ტიპის ტექსტების შედგენისას, ძირითადად, გამოიყენება 3 მეთოდი/ მიდგომა. ესენია: 1. ისტორიული _ იგი ფოკუსირებულია თარიღებისა და მოვლენების გადმოცემაზე ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვით. ამ ტიპის ბიოგრაფიული ტექსტები ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; 2. სოციოლოგიური _ იგი სუბიექტის ცხოვრების გადმოცემისას ფართოდ იყენებს ისტორიულ კონტექსტს (სათანადო პერიოდის საოჯახო ცხოვრება, კვება და საკვები პროდუქტები, მედიცინა, სატრანსპორტო საშულებები, ეკონომიკა, განათლების სისტემა, მოდა, სამეურნეო სისტემა, არქიტექტურა და ა.შ.); 3. ფსიქოლოგიური _ სუბიექტის ცხოვრების გადმოცემისას ფოკუსირებულია კონფლიქტებზე, რომელიც ბიოგრაფიის სუბიექტს აქვს სხვებთან _ ოჯახის და/ან საზოგადოების წევრებთან, ბუნებასთან, საკუთარ თავთან, სხვ. ამ ტიპის ბიოგრაფიებში შეიძლება აღწერილი იყოს არა სუბიექტის მთელი ცხოვრება, არამედ მისი ერთი რომელიმე ეტაპი/ეპიზოდი, რომელშიც, ავტორის აზრით, უკეთ იკვეთება ბიოგრაფიის სუბიექტის ხასიათი. ზემოთ წარმოდგენილი აქტივობა ფოკუსირებულია ისტორიული ბიოგრაფიის ტიპზე, რომელიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოგვცემს მოვლენებსა და ფაქტებს.