აქტივობა 1. მინი-ლექცია კონკრეტული მომენტისათვის აქტუალურ თემაზე (EN)

შედეგი

  • ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
  • ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
  • ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
  • ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
  • ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
  • ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.
  • ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
  • ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობათა კვლევა.
  • ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიცირება და მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებათა გააზრება.
  • ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.
  • ისტ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
  • ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.


შენიშვნა

გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციებიდან _ წიგნიერება

 

რესურსები

მინი-ლექციის ტექსტი (ერთი კონკრეტული ნიმუში აქვეა შემოთავაზებული)


კავშირი სხვა საგნებთან

ლიტერატურა, გეოგრაფია, ხელოვნება/კულტურა


აქტივობის აღწერა

სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მოსწავლის ისტორიის საგნით დაინტერესებაა. საამისოდ კარგი საშუალებაა ისტორიული მასალის თანამედროვეობასა და მოსწავლისთვის ნაცნობ მოვლენებთან დაკავშირება. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიის სახით საქმე მხოლოდ დროსა და სივრცეში ჩაკარგულ ფაქტებთან არა აქვს; და რომ შესაძლებელია ამ საგნის ფარგლებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენება.

საამისოდ, შეგიძლიათ კონკრეტული მომენტისათვის აქტუალური სიტუაციებით ისარგებლოთ. თუკი გაკვეთილი რომელიმე საერო ან რელიგიურ დღესასწაულს ემთხვევა, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს მის შესახებ მინი-ლექციას შევთავაზებთ. ამ ტიპის მინი-ლექცია მათ აუცილებლად დააინტერესებს – იქიდან გამომდინარე, რომ მისი საშუალებით ისეთ ინფორმაციას მიიღებენ, რომელიც პრაქტიკაში მალევე გამოადგებათ.

დღესასწაულების გარდა, მსგავს ფორმატში მოსწავლეებს შესაძლოა ინტერესი გავუღვივოთ ამა თუ იმ ეკლესიის, ციხესიმაგრის, უბრალო შენობის, ადგილობრივი ძეგლისა თუ მემორიალური დაფის შინაარსის მიმართ; ან კიდევ საინფორმაციო საშუალებებით ფართოდ გაშუქებულ პოლიტიკურ თემებზე, მაგალითად, იმის შესახებ, თუ რატომ მტრობენ ესა თუ ის სახელმწიფოები ერთმანეთს, რატომ მეგობრობენ და ა. შ.

საყოველთაოდ ცნობილია და მოსწავლეებმაც კარგად იციან, რაოდენ მნიშვნელოვანი დღესასწაულებია შობა და აღდგომა. მათ ალბათ ისიც იციან, რომ ქრისტიანული სამყარო ორი კვირის სხვაობით აღნიშნავს ხოლმე შობის დღესასწაულს. ბევრ მოსწავლეს აინტერესებს, რამ გამოიწვია ამგვარი სხვაობა, რითია ის განპირობებული. კარგი იქნება, თუკი ამ ვითარებაში თქვენ მათ შესთავაზებთ მინი-ლექციას იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრების შესახებ. ქვემოთ გთავაზობთ ამ მინი-ლექციის ნიმუშს.

 

მინი-ლექცია იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებზე, რომლებიც 
განსხვავებულად გამოითვლიან ქრისტიანულ დღესასწაულებს


იულიუსის კალენდარიიულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსის დროიდან დაინერგა რომში, ეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტისეულ მზის კალენდარს ეფუძნებოდა.

როგორც ჩანს, ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო და, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს სოზიგენეს დაავალა. სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.

იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგრძლივობა 365,25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365 დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31 დღეს, ლუწი თვეები კი 30 დღეს მოითვლიდა; მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, 29 დღეს, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავაც ძველი რომაული სახელები დარჩა.

ახალი კალენდარი ძალაში მომდევნო, ჩვენი ქრონოლოგიით ძვ.წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.

წელიწადის პირველ თვედ იანვრის გამოცხადებამ ძველი რომაული კალენდრის თვეების მარტიდან ათვლილი რიგი დაარღვია და მეათე თვემ, დეკემბერმა, წელიწადის მეთორმეტე თვის ადგილი დაიკავა.

რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.

იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით დაღუპვის შემდეგ ქურუმებმა, რომელთაც რომში კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.

ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის პირველმა იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში, ძვ.წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ მომდევნო, ახ. წ. 8 წელს აღდგა. რომის სენატმა კალენდრის წინაშე ოქტავიანე ავგუსტუსის ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული – ავგუსტუსი (აგვისტო) – უწოდა; თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31 დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.

325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.

გრიგორიანული კალენდარი. იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთ დღე-ღამეში განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად, 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.

კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს. მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა, მაგრამ XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მოწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამან კალენდრის რეფორმა 100 წელზე მეტი ხნით გადადო.

XVI საუკუნეში კალენდრის რეფორმის საკითხი კათოლიკური ეკლესიის ორ კრებაზე განიხილებოდა. ამ მიზნით საგანგებო კომისიაც შეადგინეს, მაგრამ მუშაობის დაწყება კვლავაც ვერ მოხერხდა.

1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კომისიამ შემოთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ამ პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. ამ დროს იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა. ამ ცვლილების გამო ახალ კალენდარს გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.

ახალი კალენდრით წელიწადი მზის ტროპიკულ წელიწადზე ოდნავ დიდი იყო. გრიგორიანული კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3300 წელიწადში იძლევა.

პაპის ბრძანებულებით ახალი კალენდარი თავდაპირველად მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.

გრიგორიანული კალენდარის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.

ევროპის ქვეყნებში, სადაც იმ დროისათვის პროტესტანტიზმი წამყვან რელიგიად იქცა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: “უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს დავუახლოვდეთ”. უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩ-პოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას ახალი კალენდრის შემოღების შესახებ დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.

პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი ინგლისში მხოლოდ 282 დღისაგან შედგებოდა. ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ხალხი ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთხანს ასეთი შეძახილით ხვდებოდა: “დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე!”

ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის მარტიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილებს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კვლავაც ძველ სტილზე დარჩა, ამიტომ შობას 7 იანვარს, ახალ წელს კი 14 იანვარს აღნიშნავს.

  • მინი-ლექცია, როგოც აქტივობის აღწერილობაშია საუბარი, შეიძლება იყოს კონკრეტული ციხესიმაგრის, შენობის, ძეგლის გარშემოც. ძალიან კარგი იქნება, თუ მინი-ლექციებს მხოლოდ საკლასო ხასიათი არ ექნება. შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგალითად, ბირთვისის ციხეზე წაგეყვანათ მოსწავლეები და მოგეთხროთ მისი აღების ამბავი. ბავშვებს არასდროს დაავიწყდებოდათ თემურ-ლენგის წინააღმდეგ ქართველების ბრძოლის ეპიზოდები, ასევე შეძლებდნენ აღექვათ მტრის ღირსებებიც (კერძოდ, მის მიერ ციხის აღებისთვის გაწეული სამზადისისა და ტაქტიკა-სტრატეგიის შესახებ თუ მოუყვებოდით, მოსწავლე მშვენივრად აღიქვამდა, რომ თემურ-ლენგი, როგორც სამხედრო სტრატეგი, ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო). ეს მინი-ლექცია ექსკურსიის ფორმატში შეგიძლიათ განახორციელოთ (იხ. თავი III).