აქტივობა 1. კონკურსი გამომეტყველებით კითხვაში (EN)

რესურსი:

შეფასების კრიტერიუმების ქსეროასლები.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, მოაწყონ კონკურსი გამომსახველობით კითხვაში. სასურველია, პირველ ჯერზე, კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყოს. ის, ვინც არ მიიღებს მონაწი­ლეობას კონკურსში, იქნება შემფასებელთა ჯგუფში, რომელიც ერთობლივად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს კონკურსის მონაწილეებს. შესაძლებელია, კონკურსი ჩატარდეს ორ “ტურად”. მონაწილე­ები ჯერ კითხულობენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს, შემდეგ ირჩევენ ტექსტს საკუთარი სურვილით.

 

შეფასება:

შეფასება შეიძლება მოხდეს იმის მიხედვით, იყო თუ არა:

  • ყველა სიტყვა მკაფიოდ წარმოთქმული;
  • გაკეთებული აქცენტი საკვანძო სიტყვებზე;
  • გადმოცემული ავტორისეული განწყობილება და გრძნობები;
  • სწორად გაგებული პუნქტუაცია;
  • დაცული სათანადო ტემპი;
  • ეფექტურად გამოყენებული ხმის ტონი;
  • შენარჩუნებული მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან;
  • შენარჩუნებული ზომიერება გრძნობების გამოხატვისას.

 

მეთოდური მითითება:

სავარაუდოდ, იმ მოსწავლეების ნაწილი მაინც, რომლებიც არ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, მომავალში დაინტერესდება და სხვების მაგალითით ჩაერთვება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი შეფასებისას დახვეწენ საკუთარ გემოვნებას, კიდევ ერთხელ გაიაზრებენ წაკითხულს / მოსმენილს. იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო გაბედულად ჩაერთონ გამომსახველობითი კითხვის კონკურსში, რეკომენდებულია, ხშირად მოვასმენინოთ ქართველ მსახიობთა მიერ წაკითხული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და ვასაუბროთ შთაბეჭდილებებზე.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. VII. 2, 3;
  • ქართ. VII. 7.