აქტივობა 1. გადმოვცეთ მხოლოდ არსებითი _ ვადგენთ რეზიუმეს (EN)

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს, განივითარონ ინფორმაციის დახარისხების _ მთავარისა და არამთავარის ერთმანეთისაგან გამიჯვნის უნარ-ჩვევები წერი­თი ნამუშევრის რეზიუმირების გზით; გაეცნონ აკადემიური წერის საბაზისო მოთხოვნებს, კერძოდ, წყაროების სავალდებულო მითითების წესს. აქტივობა კომპლექსური სახისაა და მიემართება კითხვისა და წერის მიმართულებებს.

 

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • თანამშრომლობა.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილური.

 

რესურსები:

ამობეჭდილი სამოდელო ტექსტი (საჭირო რაოდენობით), რვეულები, საწერი კალმები, ფერადი მარკერები.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს გაესაუბრება რეზიუმირების არსზე, გააცნობიერებინებს მათ, რომ რეზიუმირების დროს აუცილებელია, სათქმელი გადმოიცეს მოკლედ, მხოლოდ არსებით მხარეების გამოკვეთით. ეს, ძირითადად, გულისხმობს მთავარი და დამხმარე/დამატებითი ინფორმაციის ერთმანეთისაგან გამიჯვნას. მასწავლებელი მოიყვანს პარალელს _ რეზიუმირება ყველა ჩვენგანს უწევს ყოველდღე _ რეზიუმირებას ვაკეთებთ, როდესაც ვყვებით რაიმე ამბავს, რომელიც შეგვემთხვა (შეუძლებელია ყვე­ლაფრის გადმოცემა სიტყვასიტყვით) და/ან მეგობარს ვუყვებით ფილმს. ამდენად, ეს საქმიანობა (რეზიუმირება) ყველა მოსწავლისათვისაა ნაცნობი.

მასწავლებლი სთხოვს მოსწავლეებს, მეწყვილესთან ერთად გაეცნონ შეთავაზებულ ტექსტს და შეადგინონ რეზიუმე მასწავლებლის მიერ შედგენილი პირობების მიხედვით. სამუშაოს გასაადვილებლად მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, ფერადი მარკერით მონიშნონ მთავარი საკითხები ტექ­სტში (მთავარი საკითხების გამოყოფა შეიძლება აგრეთვე სიტყვების ქვეშ ხაზის გასმით).

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეების წყვილებს დაურიგებს შერჩეული ტექსტის ამობეჭდილ ვერსიას. ამავე ფურცელზე უნდა იყოს დაბეჭდილი რეზიუმეს შესადგენად აუცილებელი 4 პირობა (იხ. ქვემოთ).

 

ნიმუში:

ჰავაიური ქორწილი

ჰავაიური ქორწილის უნიკალური იერსახე ჰავაის კუნძულზე არსებულ კულტურათა ურთიერთშერწყმის შედეგია. საქორწილო ზეიმს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჰავაიური ტანსაცმელი, მუსიკა და ჰავაიური წეს-ჩვეულებები. პატარძალს აცვია გრძელი თეთრი ჰოლოკუ (საქორწინო კაბა), სიძეს კი _ გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი და წითელი შარვალი. ორივეს _ პატარძალსაც და სიძესაც ყვავილწნულების ყელსაბამები კიდიათ. პატარძლის ყელსაბამი თეთრი ყვავილებისგანაა დაწნული, სიძის _ მწვანე ყვავილებისგან. ჰავაიური ჩვეულებით, საქორწინო ცერემონიის დასაწყისში სიძე და პატარძალი სამჯერ ჩაბერავენ ზღვის დიდ ნიჟარაში. ჰავაიური ხალხური მუსიკა ჟღერს როგორც უშუალოდ ცერემონიის დროს, ისე მოგვიანებით, როდესაც იწვება საქორწინო სუფრისათვის აუცილებელი მწვადები. სტუმრები მღერიან, ცეკვავენ, ბედნიერებას უსურვებენ ახალდაქორწინებულებს.

სხვა წეს-ჩვეულებები, რომლებიც შეიძლება ჩართული იყოს საქორწილო ზეიმში, დამოკიდებულია სიძის ან პატარძლის ეთნიკურ წარმომავლობაზე. თუკი სიძე ან პატარძალი ეთნიკურად ჩინელია, შეიძლება გამოყენებული იყოს ფეიერვერკი _ ჩინური წესი, რომელიც ავ სულებს აფრთხობს; იაპო­ნური ორიგამი (სხვადასხვა ფორმით დაკეცილი ქაღალდები) გამოიყენება იმ შემ­თხვევაში, თუკი ერთ-ერთი ახალდაქორწინებული იაპონელია. როცა ეთნიკურად ფილიპინელი ქორწინდება, გამოიყენებენ ფილიპინურ პანდანგოს _ ფულის ბანკნოტებისაგან გაკეთებულ ერთგვარ ლენტს, რომელსაც სიძესა და პატარძალს შემოახვევენ პირველი საქორწინო ცეკვის დროს. ამ მრავალფეროვანი ტრადიციების წყალობით ჰავაიური ქორწილი ნამდვილად უჩვეულო მულტიკულტურულ მოვლენას წარმოადგენს.

დავალება. დაწერეთ რეზიუმე ტექსტისა “ჰავაიური ქორწილი”.

რეზიუმეს შედგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  1. დასაწყისში მიუთითეთ ავტორი/წყარო. მომდევნო ხაზზე, ცენტრში, მოიყვანეთ ტექსტის სათაური. მომდევნო ხაზის ცენტრში, ფრჩხილებში, მიუთითეთ: “(რეზიუმე)”.
  2. რეზიუმეს წერისას გამოიყენეთ მხოლოდ მთავარი ინფორმაცია, ნუ გაითვალისწინებთ დეტალებს;
  3. გადმოეცით შინაარსი თქვენი სიტყვებით. ავტორის სიტყვები, ფრაზები მოიყვანეთ მხოლოდ ციტატის სახით;
  4. არ დაუმატოთ ახალი აზრი, დაკმაყოფილდით მხოლოდ იმით, რაც წერია ტექსტში. თქვენი აზრები, თვალსაზრისი, პოზიცია რეზიუმეში არ უნდა ასახოთ.

მოსწავლეები ყურადღებით, აბზაც-აბზაც ეცნობიან ტექსტს, ფერადი მარკერით მონიშნავენ ტექსტში მთავარ ინფორმაციას. თეზისის შემცველ წინადადებას, თემატურ წინადადებას და ძირითადი ინფორმაციის შემცველ სხვა ადგილებს.

სამუშაოს დამთვარების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ფერადი მარკერით მონიშნულ ადგილებს, შემდეგ თავიანთი სიტყვებით გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ამ (ფერადი მარკერით მონიშნულ) ნაწილებში...

 

შესრულებული დავალების ნიმუში:

ჰავაიური ქორწილი

(რეზიუმე)

ჰავაიურ საქორწილო რიტუალში სხვადასხვა კულტურაა შერწყმული. ჰავაიურ კულტურას მიეკუთვნება ნეფე-პატარძლის ჩაცმულობა, ყვავილწნულების გამოყენების ჩვეულება, მუსიკა და ცერემონია ქორწილის დაწყების წინ. ჰავაიურ ქორწილში შეიძლება ჩართული იყოს აგრეთვე ჩინური, იაპონური და ფილიპინური წეს-ჩვეულებებიც _ იმ შემთხვევაში, თუკი სიძე ან პატარძალი რომელიმე ამ ნაციონალობის წარმომადგენელია.

სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს მათ შენიშვნებს, აწვდის დამატებით ახსნა-განმარტებებს.

 

შეფასება:

ამ აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული კითხვა;
  • ინფორმაციის დახარისხება;
  • ფუნქციური წერითი ნამუშევრის შექმნა მოცემული პირობის მიხედვით;
  • აკადემიური წერის საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

ქართ. X. 6, 7, 10; ქართ. X. 16.