Activity 5. Structural Components of a Cell
რესურსები:
წინასწარ მომზადებული სლაიდშოუ, ან ტაბულა პრო- და ეუკარიოტული უჯრედების, აგრეთვე მცენარეული, ცხოველური, სოკოს უჯრედების გამოსახულებით; კომპიუტერი; პროექტორი; თავისუფალი სამუშაო ფურცლები მოსწავლეებისათვის; ფლიპჩარტზე დახაზული ან სლაიდზე გამოტანილი ცხრილი უჯრედშიდა სტრუქტურების ჩამონათვალით (ცარიელი და შევსებული ვარიანტები).
შესწავლის საგანი/მიზნები:
მოსწავლემ უნდა:
- ამოიცნოს თვალსაჩინოებაზე ზოგიერთი უჯრედული სტრუქტურა და დაასახელოს მათი ფუნქცია;
- ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განასხვავოს პროკარიოტული და ეუკარიოტული (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედები, დაასახელოს მათი მსგავსი და განმასხვავებელი სტრუქტურები;
- შედეგები გამოსახოს ვენის დიაგრამის საშუალებით.
შენიშვნა: აქტივობა შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან, საკმაოდ ხანგრძლივია და სავარაუდოდ, დაიკავებს მთლიან გაკვეთილს.
მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:
მასწავლებელი:
- უხსნის მოსწავლეებს, რომ მიუხედავად ყველა ორგანიზმის უჯრედული აგებულებისა, ისინი იყოფა ორ ძირითად ტიპად: პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებად. ამავდროულად, უხსნის აღნიშნული ტერმინების წარმომავლობას (კარიონ – ბირთვი, პრო – მდე, ეუ – ჭეშმარიტი);
- უჩვენებს კლასს პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების გადიდებულ გამოსახულებას ეკრანზე; თხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილებში და ჩამოთვალონ ყველა ის განსხვავება, რომელსაც აღმოაჩენენ უჯრედებს შორის;
პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები
- ამუშავებს მოსწავლეებს წყვილებში 3-5 წთ-ის განმავლობაში;
- გამოკითხავს რამოდენიმე წყვილს, მოსწავლეები ავსებენ ერთმანეთის პასუხებს;
- მიჰყავს მსჯელობა სამი ძირითადი განსხვავების გამოკვეთამდე:
1) ბირთვის არსებობა/არარსებობა
2) რიგი უჯრედშიდა სტრუქტურების არსებობა/არარსებობა
3) ზომა
- უჩვენებს კლასს ცხოველური, მცენარეული, სოკოს და ბაქტერიული უჯრედების გამოსახულებას. სთხოვს ამოიცნონ მათგან პრო- და ეუკარიოტული უჯრედები.
- ამოცნობის შემდეგ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რიგი ნიშნების მიხედვით ეუკარიოტული უჯრედებიც გასხვავდებიან ერთმანეთისაგან. მოკლედ ასახელებს და აღწერს ცხოველური, მცენარეული და სოკოს უჯრედების ზოგიერთ სტრუქტურულ კომპონენტსა და მათ ფუნქციებს.
- ყოფს კლასს 4–5 ჯგუფად მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და ავალებს თითოეულ ჯგუფს გამოიყენონ არსებული ცოდნა და შეადარონ ერთმანეთს თვალსაჩინოებაზე მოცემული ოთხი სურათიდან ორი, რომელსაც თავად მიუთითებს (მაგალითად: მცენარეული და ცხოველური; მცენარეული და ბაქტერიული; ცხოველური და ბაქტერიული; მცენარეული და სოკოს; ცხოველური და სოკოს; სოკოსა და ბაქტერიის). სთხოვს, მოახდინონ შედარება უჯრედული კომპონენტების (პლაზმური მემბრანა, უჯრედის კედელი, ბირთვი, ციტოპლაზმა, ქლოროპლასტები, ვაკუოლი) არსებობა/არარსებობის მიხედვით და გამოსახონ შედეგები ვენის დიაგრამის საშუალებით;
- ავალებს ჯგუფების წარმომადგენლებს პრეზენტაციის გაკეთებას.
- რეფლექსიის მიზნით უჩვენებს კლასს ზემოთ აღნიშნული ოთხი სახის უჯრედის გადიდებულ გამოსახულებებებს და სთხოვს ამოიცნონ უჯრედული სტრუქტურები. ამოცნობის შემდეგ მათ უნდა შეავსონ ცხრილი მოცემული ნიმუშის მიხედვით + და – ნიშნებით, ინდივიდუალურად, გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის საფუძველზე.
- ბოლო ეტაპზე გამოაქვს შევსებული ცხრილის სწორი ვერსია და სთხოვს მოსწავლეებს შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი.
ცხრილის შევსებული ვერსია:
მოსწავლეების ტიპური შეცდომები:
მოსწავლეები ანსხვავებენ პრო- და ეუკარიოტებს ბირთვის არსებობის, ან არარსებობის მიხედვით, სხვა განმასხვავებელი ნიშნები (ზომა, მემბრანული ორგანოიდები) რჩება ყურადღების მიღმა; ხშირია პროკარიოტების გაიგივება ზოგადად, ერთუჯრედიან ორგანიზმებთან.
სასარგებლო ინტერნეტლინკები:
ვიდეომასალა პრო- და ეუკარიოტული უჯრედების განსხვავების შესახებ
უჯრედების მრავალფეროვნება
http://www.youtube.com/watch?v=4DWaAIVlW3k&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=IcevP5tkWH0&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=R4Yl9BgXOrM
http://www.youtube.com/watch?v=2H6tCEDov10&feature=related