Activity 4. Preparation of Microscope Slide and Using Microscope

რესურსები:

მიკროსკოპები; სასაგნე და საფარი მინები; ხახვის ბოლქვის ნაჭრები; პინცეტები, პიპეტები, წკირები; წყალი; იოდის ხსნარი.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • დაამზადოს დროებითი პრეპარატი, იმუშაოს სინათლის მიკროსკოპთან;
  • დაკვირვების შედეგები წარმოადგინოს ნახატის და/ან მოდელის სახით;

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • აცნობს კლასს აქტივობის (გაკვეთილის) მიზანს, დაამზადონ დროებითი პრეპარატი და შეისწავლონ ის სინათლის მიკროსკოპში.
  • ყოფს კლასს მცირე ჯგუფებად და ურიგებს თითოეულს მასალას პრეპარატის დასამზადებლად: სასაგნე და საფარ მინებს, ხახვის ბოლქვის ფურცლებს, პინცეტებს, პიპეტებს, წკირებს, მცირე ზომის ჭურჭლებს წყლით, იოდს (სასურველია პრეპარატის დამზადების საშუალება მიეცეს ყველა მოსწავლეს, რესურსების არქონის შემთხვევაში ჯგუფში მზადდება ერთი დროებითი პრეპარატი).
  • აჩვენებს კლასს პრეპარატის დამზადების პროცედურას და იძლევა სათანადო განმარტებებს ყველა იმ რესურსის დანიშნულების შესახებ, რომელსაც იყენებს მუშაობის პროცესში (სასურველია მასწავლებელმა პრეპარტის დამზადების პროცედურა გაწეროს წინასწარ და გამოაკრას კლასში, ან უჩვენოს შესაბამისი ვიდეო.

პრეპარატის დამზადების პროცედურა:

1. მოაცალეთ ხახვის ბოლქვის შიდა, წვნიან ფურცელს თხელი, აპკის მაგვარი ფენა პინცეტით, მოათავსეთ სასაგნე მინაზე და მაქსიმალურად გაშალეთ;
2. დააწვეთეთ სასაგნე მინაზე ერთი წვეთი წყალი პიპეტის (წკირის) საშუალებით;
3. დააწვეთეთ 1–2 წვეთი იოდი და დააყოვნეთ 2–3 წთ;
4. დააფარეთ საფარი მინა;
5. დააწექით წკირით ძალიან ფაქიზად, რომ გამოდევნოთ ჰაერი.

  • მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, თავად დაამზადონ პრეპარატი იგივე პროცედურის დაცვით, აკვირდება ჯგუფების მუშაობის პროცესს და ეხმარება მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში.
  • უხსნის კლასს, რომ მათ მიერ დამზადებული პრეპარატი დროებითია. არსებობს მუდმივი პრეპარატებიც, რომლებიც ინახება და გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს მუდმივი პრეპარატის ნიმუშები სკოლის ლაბორატორიიდან.
  • სვამს კითხვას:

– თქვენ მიერ დამზადებულ პრეპარატს ეწოდება სველი, დროებითი პრეპარატი, როგორ ფიქრობთ, რატომ? (პრეპარატი სველია იმიტომ, რომ ხახვის კანი მოთავსებულია წყალში. წყალი ადვილად აორთქლდება და პრეპარატის გამოყენება შეუძლებელი გახდება. ამიტომ ასეთი პრეპარატი მხოლოდ დროებითია).

  • ეხმარება მოსწავლეებს მოათავსონ პრეპარატები მიკროსკოპის სასაგნე მაგიდაზე და დაიწყონ მათი შესწავლა ჯერ მცირე, შემდეგ დიდ გადიდებაზე (აქტივობის მიმდინარეობა დამოკიდებულია მიკროსკოპების რაოდენობაზე კლასში).
  • სვამს კითხვებს:

– რომელი სტრუქტურების ამოცნობაა შესაძლებელი პრეპარატში? (ხახვის კანის უჯრედებში განირჩევა ბირთვი, ციტოპლაზმა, გარსი).
– რა მსგავსებასა და განსხვავებას აღმოვაჩენდით ხახვის ფურცლის ანათალის შემდეგ მიკროსკოპში ცხოველური უჯრედი რომ დაგვეთვალიერებინა? (მსგავსება: ვნახავდით ბირთვს, გარსსა და ციტოპლაზმას – უჯრედის ძირითად კომპონენტებს. განსხვავება: ცხოველური უჯრედების გარსი იქნებოდა უფრო თხელი, ხოლო ფორმა - ნაკლებად წახნაგოვანი).

  • ავალებს მოსწავლეებს სამუშაო რვეულებში გააკეთონ მიკროსკოპში დანახული გამოსახულების ჩანახატი და დაიტანონ სათანადო წარწერები.
  • მუშაობის დასრულების შემდეგ ამოწმებს რამოდენიმე ნამუშევარს და აკეთებს კომენტარებს.

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ცალკეული უჯრედული სტრუქტურების ფუნქციონირების მოშლასთან დაკავშირებული პათოლოგიები

უჯრედის ვირტუალური სამყარო