Activity 3. Types of Stem Cells

რესურსები:

კომპიუტერი; პროექტორი; უჯრედების მრავალფეროვნების ამსახველი ილუსტრაციები ელ. ფორმატში (იხ. სამუშაო ფურცელი 1) ან შესაბამისი ტაბულა, სხვადასხვა ფორმის უჯრედების ამსახველი ილუსტრაციები; საინფორმაციო ტექსტი თითოეული ტიპის უჯრედის აღწერილობით (სამუშაო ფურცელი 2).

სამუშაო ფურცელი 1 

უჯრედები

უჯრედები 1

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლეები უნდა:

  • გაეცნონ უჯრედის ფორმათა მრავალფეროვნებას;
  • დაუკავშირონ უჯრედის ფორმა მის მიერ შესრულებულ ფუნქციებს.

  

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • აჩვენებს კლასს თვალსაჩინოებას უჯრედის ფორმის მრავალფეროვნების შესახებ, ყურადღებას ამახვილებს მათ განსხვავებულ ფორმებზე და ასახელებს თითოეული მათგანის სახელს.
  • სვამს კითხვებს:

– რატომ აქვთ უჯრედებს განსხვავებული ფორმა? რატომ განსხვავდებიან ისინი უჯრედშიდა სტრუქტურების მიხედვით? (სავარაუდოდ, მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ სწორი პასუხის გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელს თანმიმდევრული შეკითხვებით მიჰყავს ისინი სწორ პასუხამდე)

– ადამიანის ორგანიზმში ერთნაირ ფუნქციას ასრულებენ სისხლისა და კანის უჯრედები? კუნთოვანი და ნერვული უჯრედები?
– რა დანიშნულება აქვს კუნთოვან უჯრედს? რა თვისება ახასიათებს მას?
– როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს კუნთოვან უჯრედს, რომ უკეთ შეძლოს შეკუმშვა?
– რატომ არის კანის უჯრედები მჭიდროდ განლაგებული?
– რაზეა დამოკიდებული უჯრედის ფორმა?

 

სავარაუდო პასუხები:

– კუნთოვან უჯრედს შეუძლია შეკუმშვა და მოდუნება, მის ამ თვისებაზეა დამოკიდებული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის მოძრაობა.
– მოგრძო, თითისტარისებრი ფორმა.
– მჭიდროდ განლაგების შედეგად ისინი უფრო საიმედოდ იცავენ სხეულს დაზიანებისაგან.
– უჯრედის ფორმა, აგებულება და შედგენილობა შეესაბამება მის ფუნქციას.
 

  • მასწავლებელი ყოფს კლასს 4 ჯგუფად და ურიგებს თითოეულს:

ა) სამუშაო ფურცელს 1 სხვადასხვა ფორმის უჯრედების (ერითროციტები, კუნთოვანი უჯრედები, ნეირონები, ეპითელური უჯრედები, კვერცხუჯრედი, ბაქტერია, ამება, ქალამანა, მცენარეული უჯრედი) ამსახველი ილუსტრაციებით;

ბ) სამუშაო ფურცელს 2 თითოეული უჯრედის აღწერილობით.

 

სამუშაო ფურცელი 2

ერითროციტები – სისხლის წითელი უჯრედებია, რომლებიც შეიცავენ ჰემოგლობინს. ჰემოგლობინი განაპირობებს მათ წითელ შეფერილობას. ერი­თროციტებს აქვთ ბრტყელი, ორმხრივად ჩაზნექილი დისკოს ფორმა. მათი დანიშნულებაა ჟანგბადის დაკავშირება და ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედებამდე მიტანა. ძუძუმწოვრების ერითროციტებს ბირთვი არ გააჩნიათ.

კუნთოვანი უჯრედი – მოგრძო, თითისტარას ფორმის უჯრედია, აქვს ერთი ან რამდენიმე ბირთვი, გააჩნია შეკუმშვისა და მოდუნების უნარი. შეკუმშვის დროს ის მოკლდება, მოდუნებისას კი უბრუნდება საწყის ფორმას. კუნთოვანი უჯრედის ამ თვისებებზეა დამოკიდებული ცხოველური ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის მოძრაობის უნარი.

ნერვული უჯრედი – გააჩნია სხეული და სხვადასხვა სიგრძის გამონაზარდები, ანუ მორჩები. სხეულში მოთავსებულია სხვადასხვა უჯრედული სტრუქტურები, ხოლო მორჩების საშუალებით ნერვული უჯრედები გადასცემენ ინფორმაციას სხვა უჯრედებს. ნერვული უჯრედის აგებულება დაკავშირებულია მათ ფუნქციასთან, მიიღონ და გაატარონ აგზნება სხვადასხვა მიმართულებით. ნეირონების ეს თვისება აუცილებელია ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მოქმედებისათვის და მთლიანი ორგანიზმის შეგუებისათვის გარემოს ცვლად პირობებთან.

ეპითელური უჯრედი – განლაგებულია ერთმანეთთან ძლიერ მჭიდროდ, აქვთ მკვრივი გარსი, უჯრედის ცენტრში მსხვილი ბირთვებია. ეპითელური უჯრედების ფორმა შეიძლება იყოს ცილინდრული, ბრტყელი, კუბური და სხვ., ზოგიერთს გააჩნია მცირე ზომის წამწამებიც. ეპითელური უჯრედები წარმოქმნიან სხეულის გარეგან საფარველს და ამოფენენ ორგანიზმის შინაგან ღრუებს. განლაგებისას ქმნიან ერთ, ან რამოდენიმე მოწესრიგებულ შრეს.

კვერცხუჯრედი – დიდი, მრგვალი ფორმის უჯრედია, ციტოპლაზმა დატვირთულია საკვები ნივთიერებებით, რომელიც საჭიროა ორგანიზმის საკვებად განვითარების საწყის ეტაპებზე. ცენტრში მოთავსებულია შედარებით მომცრო ბირთვი.

ბაქტერია – სხვადასხვა ფორმის (მომრგვალო, ჩხირისებური, მოხრილი ან ზამბარისებური) უჯრედებია. გამოირჩევიან მცირე ზომით და სხვა უჯ­რედებთან შედარებით, მარტივი აგებულებით. არ გააჩნიათ ბირთვი და მთელი რიგი უჯრედული სტრუქტურები. ხშირად შეიარაღებულნი არიან შოლტებით, წამწამებით, რომელთა მეშვეობით გადაადგილდებიან. ზოგიერთი მათგანი დაფარულია ლორწოვანი გარსით – კაფსულით.

ამება – ერთუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმია, რომლის უჯრედი ასრულებს ყველა სასიცოცხლო ფუნქციას. მისი ფორმა გამუდმებით იცვლება, რადგან წარმოქმნის გამონაზარდებს – ცრუფეხებს, რომლის მეშვეობითაც მოძრაობს. ცრუფეხი წარმოიქმნება როგორც ორგანიზმის გამონაზარდი და მთლიანი სხეულიც თითქოსდა “გადაიღვრება” ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

ქალამანა – ერთუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმია. დამახასიათებელი თავისებურებაა ადამიანის ტერფის მსგავსი მოყვანილობა და მრავალრიცხოვანი წამწამები, რომელთა შეთანხმებული რხევის შედეგად ქალამანა მოძრაობს წყლიან გარემოში.

მცენარეული უჯრედი – გააჩნია უჯრედის ყველა ძირითადი კომპონენტი. დამახასიათებელი თავისებურებებია: სქელი გარსი და დიდი ზომის ვაკუოლი უჯრედის ცენტრში. ბირთვი უფრო ხშირად უჯრედის კიდესთან ახლოს მდებარეობს. გააჩნია პლასტიდები – პიგმენტების შემცველი ორგანოიდები. მცენარეს მწვანე შეფერილობას ანიჭებს უჯრედებში არსებული მწვანე ფერის ქლოროპლასტები.

  •  მასწავლებელი სთხოვს თითოეულ ჯგუფს:

ა) აღწერილობის დახმარებით ილუსტრაციებიდან ამოიცნოს სამი განსხვავებული უჯრედი, რომელსაც მიუთითებს მასწავლებელი და ახსნას, რა ნიშნებით მოახერხა ამოცნობა.

ბ) იმსჯელოს ამ უჯრედის თვისებებსა და ფუნქციებზე.

გ) იმსჯელოს, როგორ არის დაკავშირებული ამ უჯრედების ფორმა და აგებულება ფუნქციებთან.

(მაგალითად: ერითროციტებს აქვთ ბრტყელი და ჩაზნექილი ფორმა, რადგან საჭიროა ჰქონდეთ დიდი ზედაპირი ჟანგბადის დასაკავშირებლად, მათი წითელი ფერი განპირობებულია ჰემოგლობინის შემცველობით; კუნთოვანი უჯრედების წაგრძელებული ფორმა მნიშვნელოვანია შეკუმშვისა და მოდუნებისათვის; ნერვულ უჯრედებს გააჩნიათ გამონაზარდები, რომელთა მეშვეობით ისინი გადასცემენ ინფორმაციას სხვა უჯრედებს; ბაქტერიების უჯრედი მცირე ზომისაა და შეიარაღებულია შოლტებით, რომლის დახმარებით გადაადგილდებიან; ამებას მუდმივად ცვალებადი ფორმა განპირობებულია ცრუფეხების წარმოქმნის უნარით, რომელთა საშუალებით ის მოძრაობს; ქალამანას მრავალრიცხოვანი წამწამები საჭიროა გადასაადგილებლად; კვერცხუჯრედის დიდი ზომა განპირობებულია საკვები ნივთიერებების მარაგით, რომელიც გროვდება ჩანასახის გამოსაკვებად; მცენარეულ უჯრედში არსებული მწვანე მარცვლები ქლოროპლასტებია, სადაც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს და ა.შ).

  • მასწავლებელი უთითებს თითოეულ ჯგუფს, რომელი უჯრედები უნდა ამოიცნოს და დაახასიათოს;

პირველი ჯგუფი – კუნთოვანი უჯრედები, კვერცხუჯრედი, ქალამანა.

მეორე ჯგუფი – ერითროციტები, ნეირონები, მცენარეული უჯრედი,

მესამე ჯგუფი – ეპითელური უჯრედები, ბაქტერია, ამება.

მეოთხე ჯგუფი – ნეირონები, კვერცხუჯრედი, ქალამანა.

  • ავალებს ჯგუფებს იმუშაონ დავალებაზე და გააკეთონ პრეზენტაცია.
  • აფასებს ჯგუფების ნამუშევრებს.