Activity 14. Age dependent blood pressure.

მიზანი:

მოსწავლემ გამოიკვლიოს სისხლის წნევაზე ზოგიერთი ფაქტორის მოქმედება.

 

რესურსები:

მანომეტრი ან კომპიუტერული ტონომეტრი.

 

შენიშვნა:

აქტივობა გათვლილია როგორც საშინაო ცდა, რომლის შედეგების განხილვა უნდა განხორციელდეს კლასში.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი აცნობს კლასს ექსპერიმენტის ჩატარების ინსტრუქციას:

 

ცდის მსვლელობა:

• შეარჩიე სხვადასხვა ასაკის რამოდენიმე (5–7) ადამიანი, რომელიც შენი კვლევის ობიექტი იქნება;
• ჩამოწერე ფურცელზე თითოეული კვლევის ობიექტის ასაკი;
• გაზომე მათი სისტოლური და დიასტოლური წნევა, ჩაინიშნე მონაცემები;
• შეარჩიე მონაცემების წარმოდგენის ფორმა და გამოსახე შენს მიერ მიღებული მონაცემები (დიაგრამა, ცხრილი);
• გაანალიზე მონაცემები და გამოიტანე დასკვნა.
• ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგები გააფორმე ცდის ოქმის სახით

 
ექსპერიმენტის მიზანი
 

უპასუხე შემდეგ კითხვებს წერილობით: 

1. რა არის და როგორ წარმოიქმნება სისხლის წნევა?

(სისხლის წნევა წარმოადგენს სისხლის ნაკადის მოძრაობის ერთ_ერთ მაჩვენებელს. სისხლის წნევას პარკუჭების შეკუმშვის ძალა წარმოქმნის).

2. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სისხლის წნევა?

(ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარება, ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები, ემოციური სტრესი, ფიზიკური დატვირთვა და სხვა).

3. ცნობილია, რომ სისხლძარღვების სხვადასხვა უბანშზე სისხლის წნევა განსხვავებულია, როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ამას სისხლის მოძრაობისთვის?

(წნევათა სხვაობა განაპირობებს სისხლის მოძრაობას მაღალი წნევის არედან დაბალისკენ, ანუ სისხლძარღვთა სისტემის ერთი უბნიდან _ მეორისკენ. წნევათა სხვაობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა უბანზე წარმოადგენს სისხლის ერთი მიმართულებით მოძრაობის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს).

4. რომელ სისხლძარღვშია ყველაზე მაღალი სისხლის წნევა და რატომ?

(სისხლის წნევა ყველაზე მაღალია აორტაში, ვინაიდან ის გულის მიმდებარე უახლოესი არტერიაა).

5. რატომ არის ყველაზე დაბალი წნევა ზედა და ქვედა ღრუ ვენებში?

(ვენებში მოხვედრამდე სისხლი გადაადგილდება არტერიებში, არტერიოლებში, კაპილარებში, მათ კედლებთან ხახუნის შედეგად წნევა თანდათანობით მცირდება, გარდა ამისა, ზოგიერთ ვენაში (მაგალითად, ქვედა კიდურების ვენები) მოძრაობისას სისხლის ნაკადმა უნდა დაძლიოს მიზიდულობის ძალის მოქმედებაც და იმოძრაოს ამ უკანასკნელის საწინააღმდეგო მიმართულებით, ქვემოდან ზევით).

6. როგორ შეიცვალა სისხლის დიასტოლური და სისტოლური წნევა შენს ექსპერიმენტში ასაკის მატებასთან ერთად?

(სავარაუდოდ, ორივე მაჩვენებელი გაიზარდა).

7. რა მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ ექსპერიმენტში რამდენიმე კვლევის ობიექტის შესწავლას, ნაცვლად ერთისა?

(ცდების სიმრავლე გამორიცხავს არტეფაქტს და განაპირობებს ექსპერიმენტის შედეგების მეტ სარწმუნოობას).

8. დაასახელე დამოუკიდებული და დამოკიდებელი ცვლადები შენს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში.

(დამოუკიდებული ცვლადია ასაკი, დამოკიდებული ცვლადია სისხლის სისტოლური და დიასტოლური წნევა, რომელიც იცვლება ასაკის შესაბამისად).

9. შესაძლებელია ექსპერიმენტში გამოვლინდა მოულოდნელი შედეგი: მაგალითად, ასაკოვან ადამიანს ჰქონდა ნორმალური სისხლის წნევის მაჩვენებლები, ხოლო ახალგაზრდას – უჩვეულოდ მაღალი, ან დაბალი, როგორ ახსნიდი ამ ფაქტებს? (სისხლის ნორმალური წნევა ასაკოვან ადამიანში ზოგადად, მეტყველებს მისი გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგ მდგომარეობაზე, რომელსაც სერიოზული ასაკობრივი ცვლილებები არ განუცდია. ახალგაზრდაში მაღალი წნევის მაჩვენებელი მიუთითებს გულ_სისხლძარღვთა დაავადების საფრთხეზე, ან ფიზიკურ-ემოციური სტრესის არსებობობაზე).

 

2. ექსპერიმენტის შედეგების განხილვის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რეფერატის მომზადებას წნევის გამომწვევი მიზეზებისა (პირველადი, გენეტიკურად განპირობებული და მეორადი, ორგანული დაავადებით განპირობებული) და მათი მოქმედების შედეგად ორგანიზმში განვითარებული პრობლემების შესახებ.
 
ცდის ოქმის შევსებული ვარიანტი:

 წნევაზე ასაკის გავლენა

  

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

თამაში სისხლის ჯგუფებზე

თამაშები და ტესტები სისხლის მომოქცევის თემაზე