Activity 1. What chemical reactions are produced in the process of burning fuel?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ საწვავის წვის დროს გამოიყოფა ენერგია;
  • რომ ნახშირბადისა და წყალბადის შემცველი საწვავის წვის დროს წარმოიქმნება წყალი, ნახშირბადის დიოქსიდი და, ზოგჯერ, ნახშირბადის მონოქსიდი;
  • საწვავის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება;
  • ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროდან;
  • მოპოვებული ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენება და ესეს დაწერა;
  • საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება და მათი არგუმენტირება.

 

რესურსები

  •  სხვადასხვა საწვავი;
  •  ასანთი;
  •  სპირტი;
  •  ცვილი;
  •  შეშა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს, ვიდეო კლიპს ან სხვა რესურსებს, რომლებიც ასახავს საწვავის წვის დიაპაზონს და ეკითხება, როგორ ესმით საწვავად გამოყენებული მასალის დახარისხება და რა ხდება მათი წვისას;
  • წარუდგენს მოსწავლეებს ბუნებრივი აირის წვის პროდუქტებს (ნახშირბადის დიოქსიდსა და წყალს). ავალებს მოსწავლეებს, საკუთარი დაკვირვების საფუძველზე და სხვადასხვა წყაროს გამოყენებით გამოიკვლიონ, რა წარმოიქმნება წყალბადისა და ნახშირბადის შემცველი სხვა საწვავის (მაგ., სპირტის, ცვილის, შეშის) წვისას;.
  • მოსწავლეებთან ერთად ადგენს, რომ სრული წვის პროდუქტების, წყლისა და ნახშირბადის დიოქსიდის გარდა, შესაძლოა, წარმოიქმნას ჭვარტლი და ნახშირბადის მონოქსიდი;
  • აწოდებს სათანადო ინფორმაციას და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან მოსაზრებები წყალბადის საწვავად გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ სხვადასხვა ტიპის საწვავს და დაახასიათებენ საწვავს, როგორც ნივთიერებას, რომლის წვის დროს გამოიყოფა ენერგია;
  • განაზოგადებენ წყალბადისა და ნახშირბადის შემცველი სხვადასხვა საწვავის წვის შედეგებს;
  • ჩამოაყალიბებენ არგუმენტირებულ მოსაზრებებს ამა თუ იმ საწვავის ეფექტიანობის შესახებ;
  • შეაჯერებენ წყალბადის, როგორც საწვავის, დადებით მხარეებს (მაგ,: არ გამოყოფს ნახშირორჟანგს, სინათლეს) და უარყოფით მხარეებს (მაგ., ჰაერთან შერევისას ფეთქებადსაშიშია, შენახვისას საჭიროებს შეკუმშვას და სხვა) და დაადგენენ მის ეფექტიანობას;
  • მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით დაწერენ და თანაკლასელებს გააცნობენ ესეს.

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეები შეძლებენ დაწვან სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის, საკვები პროდუქტი და შეადარონ ისინი მათი წვისას გამოთავისუფლებული ენერგიების მიხედვით. ამგვარად, ისინი შეძლებენ სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებითი ღირებულების დადგენას;
  • მოსწავლეებს შეიძლება ერთმანეთში აერიოთ ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირბადის დიოქსიდი. ამის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება, მოსწავლეებს დაევალოთ: მოიძიონ ნახშირბადის მონოქსიდის მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ერთმანეთს შეადარონ ნახშირბადის მონოქსიდის და ნახშირბადის დიოქსიდის თვისებები და იპოვონ მათ შორის განსხვავება, დაადგინონ, რომ ეს ორი სხვადასხვა ნაერთია და დაწერონ მათი ფორმულები.

 

უსაფრთხოება

  • საჭიროა უსაფრთხოების სათანადო წესების დაცვა სხვადასხვა ნივთიერების დაწვისას ხანძრის გაჩენის თავიდან აცილების მიზნით;
  • სპირტისა და სხვა ადვილაალებადი საწვავის დაწვისას, სასურველია, მათი მცირე რაოდენობის გამოყენება;
  • საწვავიანი ჭურჭელი თავდახურული უნდა ინახებოდეს ცეცხლისგან მოშორებით;
  • დაუშვებელია ცდის ჩასატარებლად ბენზინის გამოყენება