A student can carry out the environmental protection activities, describe and illustrate their importance.

აქტივობა 1.  ” დაცული ტერიტორია

მიზანი

 

მოსწავლემ შეძლოს დაცული ტერიტორიების შექმნის დაკავშირება ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეული უარყოფითი შედეგის თავიდან აცილებასთან.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას: უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ადამიანმა გარემო იმაზე მეტად შეცვალა, ვიდრე ის კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე შეიცვალა.

მასწავლებელი გონებრივი  იერიშის გამოყენებით აგროვებს ინფორმაციას ბუნებაში ადამიანის ჩარევის ფორმების შესახებ. ის სვამს კითხვას:

- დაასახელეთ ბუნებაში ადამიანის  უხეში  ჩარევის მაგალითები.

მასწავლებელი ყველა მოსწავლის პასუხს წერს დაფაზე, შემდეგ მსგავს პასუხებს ამსხვილებს და შეჯერებულ სახეს აძლევს. მაგალითად:

  • ტყეების ჩეხვა;
  • არასწორი მორწყვა;
  • წყლის დაბინძურება;
  • ნიადაგის დაბინძურება და ა.შ.

ამის შემდეგ მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური, იშვიათი სახეობების, ამგვარივე ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად შეიქმნა ე.წ. დაცული ტერიტორიები.

მასწავლებელი ჩამოთვლის დაცული ტერიტორიის კატეგორიებს:

1.  სახელმწიფო ნაკრძალი;

2.  ეროვნული პარკი;

3.  ბუნების ძეგლი;

4.  აღკვეთილი;

5.  დაცული ლანდშაფტი;

6.  მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს 6 ჯგუფად,  თითოეულ ჯგუფს ავალებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არჩევას, ინფორმაციის მოპოვებას შესაბამისი დაცული ტერიტორიის კატეგორიის შესახებ და მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალის სქემის მიხედვით წარმოდგენას:

1.    რა მიზნით შეიძლება დაარსდეს ....;

2.    რა სიდიდის ტერიტორიაა მისთვის საჭირო...;

3.    დაასახელეთ საქართველოში მისი  ერთ-ერთი მაგალითი და აღწერეთ;

4.    წარმოადგინეთ ვიზუალური მასალა.

მოსწავლეები წარმოადგენენ საპრეზენტაციო მასალას, რომელიც სქემის მიხედვით იქნება მომზადებული.

მაგალითად:

სახელმწიფო ნაკრძალი

1. დაარსების მიზანი: სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების  დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

2. ადგილი: სახელმწიფო ნაკრძალისთვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდისა და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, მისი შექმნის ისტორია და აღწერა:

ლაგოდეხის ნაკრძალი ერთ-ერთი უძველესია არა მარტო საქართველოსა და კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც. იგი 1912 წელს დაარსდა და მაშინდელ რუსეთის იმპერიაში ვისლანდის ნაკრძალის შემდეგ, რიგით მეორე ნაკრძალი იყო.

ნაკრძალი ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და 18 ათას ჰექტარზეა განფენილი.

ნაკრძალის ისტორია 100 წელს ითვლის და მისი შექმნა მეფის რუსეთის ისტორიული პერიპეტიების ფონზე მიმდინარეობდა:

1903 წელს რუსეთის  მთავრობის გადაწყვეტილებით,  ლაგოდეხის ხეობა სანადირო იჯარით გადაეცა იმ დროის ცნობილ მიწათმფლობელსა და მრეწველს, თავად ე. დემიდოვს. მან მკაცრი კონტროლი დააწესა ამ ხეობის მცენაერეულობისა და ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველსაყოფად: აიკრძალა ნადირობა, ტყის ჭრა, პირუტყვის ძოვება და თიბვა, რამაც ნიადაგი მოუმზადა და შექმნა ნაკრძალის დაარსების წინაპირობები.

1911 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საერთო კრებაზე პირველად გაიჟღერა ლაგოდეხის ხეობის, როგორც ბუნების ძეგლის ანუ ნაკრძალად აღიარების იდეამ, რამაც მაშინდელი მკვლევარებისა და საზოგადო მოღვაწეების მხარდაჭერა დაიმსახურა. 1912  წელს, ამავე საზოგადოების შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების საკითხი დაისვა რუსეთის საიმპერატორო მეციერებათა აკადემიის წინაშე რომელმაც  ხეობა იმავე წელს ნაკრძალად გამოაცხადა.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე გავრცელებულია 1100 სახეობის მცენარე. აქედან, 145 სახეობა კავკასიის ენდემს წარმოადგენს. განსაკუთრებით   საინტერესოა სუბალპური  სარტყელი, რომელიც, უმთავრესად, მაღალტანოვანი ბალახოვანი მცენარეების სიუხვით გამოირჩევა: ბალახის სიმაღლე აქ ხშირად 3 – 3,5 მეტრს აღწევს. ფრინველებიდან აქ გვხვდება 133 სახეობა: კავკასიური როჭო, შურთხი, ლეშიჭამიები, მთის არწივი და სხვა, ძუძუმწოვრენიდან კი - აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი, კავკასიური ირემი, არჩვი, შველი, მგელი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა და სხვა  მსხვილი და წვრილი ძუძუმწოვრები, მრავლად არიან ქვეწარმავლებისა და ამფიბიების წარმომადგენლები. მდინარეებში უხვადაა კალმახი, მურწა  და სხვა სახეობის თევზები.

ნაკრძალში მრავალი მდინარეა: ნინისხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი, მამისწყალი, რომლებიც შთამბეჭდავ ჩანჩქერებს ქმნიან. ალპურ ზონაში მრავლადაა ტბებიც, მათგან უდიდესია ტბაა „შავიკლდე“, რომლის ფართობია 21 ჰა და სიღრმით 14 მ. ასევე, მრავლად  არის ისტორიული ძეგლებიც: თამარისციხე, შრომისთავი, და ა. შ.

4.  ფოტომასალები (რომლებსაც მოიძიებენ)

  

 

აქტივობა 2.  ”სააგიტაციო აქცია

მიზანი

 

მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი  მოსწავლეებს განუმარტავს,  რა არის წითელი  წიგნი  და წითელი  ნუსხა:

- წითელი წიგნი  არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომარეობის მოკლე დახასიათებით.

საქართველოს “წითელი წიგნი” არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფელის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ.

საქართველოს “წითელი ნუსხა” არის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა იმ სახეობების ჩამონათვალი, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და დაცვა სჭირდებათ.

წითელი წიგნის შექმნის  იდეა მე-20 საუკუნის I  ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს იმ   ორგანიზმების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნშია  თავმოყრილი. მათგან გამოჰყოფს 2 პოპულარულ მცენარეს:

1. კოლხური ყოჩივარდა

2.   კოლხური ბზა

შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ავალებს, შესაბამის მცენარეებზე ინფორმაციის მოპოვებასა  და საინფორმაციო-სააგიტაციო მასალების შექმნას.

ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალები გამოიკვრება სკოლის დერეფანში ან გამრავლდება და სკოლაში მოეწყობა აქცია, რომელზეც მოსწავლეები საკუთარ ნამუშევრებს დაურიგებენ თანასკოლელებს.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საკითხის მოკლე აღწერა

დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის - უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

დაცული ტერიტორიების კატეგორიები

დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

 

სახელმწიფო ნაკრძალი

1. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.

2. სახელმწიფო ნაკრძალისათვის უნდა შეირჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.

3. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემეკდირეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).

 

ეროვნული პარკი

1. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული, შედარებით დიდი ეკოსისტემების დასაცავად, სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.

2. ეროვნული პარკისთვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან  საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა. (საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ,  06.06.2003  2368)

3.  ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა;

გ) ვიზიტორთა ზონა;

დ) აღდგენის ზონა;

ე) ისტორიულ-კულტურული ზონა;

ვ) ადმინისტრაციის ზონა;

ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

ბუნების მართვადი დაცვის  ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

ვიზიტორთა ზონა ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

აღდგენის ზონა ეწყობა ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენის მიზნით.

ისტორიულ-კულტურული ზონა ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და/ან არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).

ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.

4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) და/ან თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.

 

ბუნების ძეგლი

1. ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.

2. ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით მცირე ტერიტორიას, სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეოგრაფიული და

ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლიარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.

3. ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

 

აღკვეთილი

1. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების,  ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების  დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში, მკაცრი კონტროლის პირობებში, დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

2. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი. (საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ,  06.06.2003  2368).

3. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე, მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, აღკვეთილში სხვადასხვა ზონის მოწყობაცაა შესაძლებელი.

 

დაცული ლანდშაფტი

1. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და/ან აკვატორიას,  სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.

3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა  დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).

დაცულ ლანდშაფტში სხვადასხვა ზონის მოწყობაც შესაძლებელია.

  

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

1. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისთვის.

2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და/ან აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობის, ნადირობის, თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის გავრცელების, აგრეთვე ტურიზმისთვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა გვხვდებოდეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.

3. განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველსაყოფად, შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა.

 

ბიოსფერული რეზერვატი

1. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიკურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შეარჩუნების, გარემოს გლობარული მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეციული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

2. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტი. ესენია:

ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;

განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები;

მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;

ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს “ადამიანი და ბიოსფეროს” იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

3. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი  ზონებისგან:

ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;

გ) აღდგენის ზონა;

დ) ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონა.

ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება.

ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა.

აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული  ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.

ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.

4. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში, შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).