A, B, C,...

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს ინსტრუქციის ტიპის ტექსტების არსებითი ნიშნის (მოვლენის/ქმედების/ამბის წარმოდგენა თანამიმდევრული ნაბიჯების/ეტაპების სახით) გააზრებაში. შედეგად, მოსწავლეები თავადაც შეძლებენ ინსტრუქციის ტიპის ტექსტების შედგენას თანამიმდევრული ნაბიჯების/ეტაპების წარმოდგენის გზით.

 

აქტივობის მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
  • ინფორმაციის დამუშავების უნარის განვითარება;
  • კონკრეტული  ამოცანის/დავალების  გადაჭრისათვის  აუცილებელი  ნაბიჯების
  • თანამიმდევრობის (ალგორითმის) დადგენის უნარის განვითარება;
  • სასწავლო უნარების (დროის მართვის, დაგეგმვის)  განვითარება;
  • ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება;

 

 აქტივობის ორგანიზების ფორმა

 

 მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაწერონ ერთი წინადადება დამუშავებული ტექსტის ან კლასში წარმოებული მსჯელობის საფუძველზე. მაგ., ”რას გვიყვება ეს მოთხრობა?”, ”რა ინფორმაცია მიიღეს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?”, ”რა გაიგეს ახალი მსჯელობის დროს?”, ”რაზე შეთანხმდნენ მსჯელობისას?” და ა. შ.

წინადადების დაწერის შემდეგ მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ თავიანთ წინადადებებს. მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ერთმანეთისგან აზრობრივად განსხვავებულ წინადადებებს (არაუმეტეს ოთხი-ხუთისა), შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს: დაალაგონ წინადადებები ლოგიკური თანამიმდევრობის  მიხედვით  და ანბანის ასოების მეშვეობით დანომრონ ისინი (რომელი წინადადება უნდა იყოს  პირველი (ა), რომელი - მეორე (ბ), რომელი - მესამე (გ) და რატომ...). ანბანის ასოებით წინადადების დანომვრა თავდაპირველად ხდება ჯერ ზეპირი გზით, შემდეგ მოსწავლეები დაფიდან გადაიწერენ თანაკლასელების მიერ შედგენილ შემაჯამებელ წინადადებებს ლოგიკური თანამიმდევრობის დაცვით და თავად დანომრავენ თითოეულ მათგანს (ა., ბ., გ., და ა.შ.). აქტივობის დასრულებისას, სასურველია, რომ მოსწავლეებმა შესრულებული სამუშაოს ერთი ან ორი სრული ვერსია წაიკითხონ.

მაგალითი: მოსწავლეები მსჯელობენ საკლასო წესების შესახებ.  საკითხის ზეპირი გზით დამუშავების შემდეგ, თითოეული მათგანი შეარჩევს და რვეულში ჩაიწერს რომელიმე ერთ წესს მსჯელობისას განხილული წესებიდან. ამის შემდეგ მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ თავიანთ ჩანაწერებს. ჩანაწერების საფუძველზე, მასწავლებელი დაფაზე დაწერს რამდენიმე აზრობრივად განსხვავებულ წინადადებას:

”კლასში შემოსვლისას ყველას უნდა მივესალმოთ.

სკოლიდან წასვლამდე მასწავლებელს უნდა დავემშვიდობოთ. წყალი დასვენებაზე უნდა დავლიოთ.

თუ იატაკზე ფურცელი აგდია, უნდა ავიღო და ნაგვის ყუთში უნდა ჩავაგდო. გაკვეთილის დროს არ უნდა ვიხმაუროთ”.

წინადადებების ლოგიკურ თანამიმდევრობას მოსწავლეები (მასწავლებლის დახმარებით) ჯერ დაადგენენ ზეპირი გზით, შემდეგ გადაიწერენ წინადადებებს რვეულებში (თანამიმდევრობის დაცვით) და შესაბამისი ასოებით დანომრავენ მათ.

 

ნიმუში

ა.  კლასში შესვლისას ყველას უნდა მივესალმოთ.

ბ.  გაკვეთილის დროს არ უდა ვიხმაუროთ.

გ. წყალი დასვენებაზე უნდა დავლიოთ.

დ. თუ იატაკზე ფურცელი აგდია, უნდა ავიღოთ და ნაგვის ყუთში ჩავაგდოთ.

ე.  სკოლიდან წასვლამდე მასწავლებელს უნდა დავემშვიდობოთ.

 

აქტივობის ხანგრძლივობა: 16-18 წუთი.

 

შეფასება

 ამგვარი აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ინფორმაციის შეჯამება;
  • ინფორმაციის ორგანიზება თანამიმდევრობის დაცვით;
  • მარტივი თხრობითი წინადადების გამართულად ჩამოყალიბება;
  • ადეკვატური კავშირების გამოყენება;
  • მსჯელობის დროს ადეკვატურად რეაგირება და აზრის ნათლად გამოხატვა.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელმა  დაფაზე უნდა ჩამოწეროს  მხოლოდ  ის წინადადებები, რომლებშიც აზრი ნათლად იქნება ჩამოყალიბებული, თუმცა ყურადღებისა და მარტივი სიტყვიერი კომენტარის გარეშე არც სხვა მოსწავლეთა წინადადებები უნდა დარჩეს.

დაფაზე წინადადებების ჩამოწერამდე მასწავლებელმა უნდა განუმარტოს მოსწავლეებს,  რომ ჩამოწერს მხოლოდ აზრობრივად განსხვავებულ წინადადებებს (სავარაუდოდ, მოსწავლეების მიერ შედგენილ წინადადებებში აზრი მრავალჯერ გამეორდება).

კავშირი სხვა საგნებთან: აქტივობა ”ა, ბ, გ” ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს ავითარებს, რაც დაეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ მშობლიური ენისა და ლიტერატურის არამედ ნებისმიერი  სხვა საგნის (მაგ., საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების) შესწავლის დროსაც. საინფორმაციო ტექსტების დამუშავების შესახებ იხ. აგრეთვე დანართი 2 (”არამხატვრული ტექსტების 4 ტიპი და მათი გრაფიკული მაორგანიზებლები”).