9. ქმნის ლანდშაფტის (პარკი, სკვერი და სხვ.) დიზაინის მარტივ ესკიზს. (EN)

9. აქტივობა

მასწავლებელი მოკლედ გააცნობს მოსწავლეებს ლანდშაფტის დიაზაინის მაგალითებს. მაგალითად, ესაუბრება იაპონური, ფრანგული, ინგლისური ბაღების თავისებურებების შესახებ (იხ. ინფორმაცია მასწავლებლისთვის). მოსწავლეები ეცნობიან ვიზუალურ მასალას და მსჯელობენ ამ ბაღების დიზაინის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.

შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და აკეთებენ თავიანთი სკოლის ეზოს დიზაინის პროექტს (შეიძლება მთელმა კლასმა ერთ საერთო პროექტზე იმუშაოს).

ისინი ჯერ ფოტოებს გადაუღებენ არსებულ გარემოს, შემდეგ წარმოიდგენენ, როგორი იქნება ეზო მათი პროექტის მიხედვით და შეასრულებენ ნამუშევრებს სხვადასხვა ტექნიკისა და მასალების გამოყენებით.

მუშაობის დაწყებამდე გაიხსენებენ, რა არის გეგმა და დახატავენ თავიანთი სკოლის ეზოს გეგმას. ზედ მონიშნავენ, სად შეიძლება დარგონ, მაგალითად, ხეები, ბუჩქები, სად უნდა გააკეთონ ყვავილნარი, სად იქნება ბალახის საფარი, სად – ბილიკები, როგორი მოპირკეთება/მოკირწყვლა ექნება ამ ბილიკებს, სად სურთ განათავსონ სათამაშო მოედანი და როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს მას (რა და როგორი გასართობები იქნება მოედანზე), სად დადგამენ სკამებს, მაგიდებს და ა. შ.

მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს – როგორი იქნება მთლიანად ეზო ან მისი რომელიმე ნაწილი ამ გეგმის მიხედვით. ჯგუფების მიხედვით აირჩევენ, რომელი სტილის (იაპონური, ფრანგული, ინგლისური...) ელემენტების გამოყენება უნდათ ეზოს დიზაინის ესკიზების გასაკეთებლად. შესაძლოა გამოიყენონ თითოეული ამ სტილის ლანდშაფტური დიზაინის ელემენტები.

შეიძლება მოსწავლეებმა ისეთი რეალური დიზაინი შეიმუშაონ, რომ სკოლამ შეძლოს მისი რეალიზება. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროექტი თავადვე განახორციელონ.

(ეს აქტივობა შესაძლებელია სხვანაირადაც წარიმართოს: მოსწავლეები წარმოიდგენენ და დახატავენ ზღაპრულ/ფანტასტიკურ/არარეალურ ბაღს, ფანტასტიკური მცენარეებით, არქიტექტურული ფორმებითა და ა.შ., რომელსაც რეალობასთან ნაკლებად ექნება კავშირი).

 

ინფორმაცია მასწავლებლისთვის:

იაპონური ბაღი

სიუზენ-ჯის ბაღიიაპონურ ბაღს საფუძვლად ჩინური ბაღი უდევს. ეს სტილი იაპონიაში ბუდისტმა ბერებმა შეიტანეს და თავიდან ბუდისტური ტაძრების ირგვლივ აშენებდნენ. მოგვიანებით ბაღი არისტოკრატების სასახლეთა მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ტრადიციული იაპონური ბაღის ორგანიზების პრინციპები ძირითადად VIII-XVIII საუკუნეებში შემუშავდა. იაპონურ კულტურაში ბაღის შექმნის კულტურა მაღალი ხელოვნების რანგშია აყვანილი, ის მჭიდროდ უკავშირდება კალიგრაფიასა და ტუშით ფერწერას. იაპონური ბაღის შექმნის ტრადიცია ისტორიულად სენსეისგან (ამ შემთხვევაში, მასწავლებლისგან) მოსწავლეს გადაეცემოდა. იაპონური ბაღი ლანდშაფტის, გარემოს მცირე მოდელია – ის თითქოს ასახავს ბუნებას: ქვები მთების სიმბოლოა, ჩანჩქერები/წყალვარდნილები – მთის მდინარეების. ქვიშით, ხრეშით, ღორღით დაფარული მცირე ზომის მოედნები შეიძლება ასახავდეს წყალს, ამისთვის ფოცხით ხატავენ ხოლმე კონცენტრულ წრეებს ბუნებრივი ფორმების ქვებისა და ლოდების გარშემო.

კენენ-ჯის ბაღიიაპონური ბაღის კომპოზიციაში სახასიათო ელემენტებია ხელოვნური მთები და ბორცვები, კუნძულები, ნაკადულები და ჩანჩქერები, ქვიშის და/ან ხრეშის ბილიკები, უჩვეულო ფორმის სხვადასხვა ზომის ქვები, ლოდები. ბარის პეიზაჟი ძირითადად იქმნება ხეების, ბუჩქების, ბამბუკისა და ხავსისგან. არსებითად, ეს წყალსატევის, გუბურის პირას გაშენებული პარკია. იაპონური ბაღისთვის დამახასიათებელი მცენარეებია: ფიჭვი, ღვია, ნაძვი, კვიპაროსი, მტირალა ტირიფი, იაპონური ნეკერჩხალი და ა. შ.

ჩვეულებრივ, ყველაზე მიმზიდველ ადგილებში მოთავსებულია ჩაის სახლი, ქვის სანათები, ხიდები (ხშირად, წითლად შეღებილი). ბაღის უმთავრესი ელემენტებია წყალი და ქვები. წყალი ქალური საწყისის (ინი – შავი) სიმბოლოა, ქვები – მამაკაცურის (იანი – თეთრი). ამ ორი ძალის მარადიული დაპირისპირება და ერთიანობა სამყაროს არსებობისა და წონასწორობის საფუძველია. იაპონური ბაღები წარმოადგენს ბუდისტური სამყაროს სიმბოლურ გამოხატულებას, რომლის ცენტრი წმინდა ტბის (წყლის სივრცის სახით) შუაში აღმართული წმინდა მთაა (ხელოვნური ბორცვის სახით). ქვები წყალსატევში გამოსახავენ ბუდისტური კოსმოგონიური მითოლოგიის 9 კუნძულსა და 8 ზღვას. ასეთი ბაღები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

რიცურინის ბაღიიაპონური ბაღი შეიძლება ძალიან პატარა იყოს. მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ ბაღში აუცილებლად არის ტბები, ჩანჩქერები ან წყალვარდნილები, ჭორომი, კუნძულები, ბორცვები, ხიდები, საბაღე სახლები (ჩაის ცერემონიისთვის), ხეები, ქვები/ლოდები, ქვიშით დაფარული მოედნები და ბილიკები.

 

 

 

 

ფრანგული ბაღი

ფრანგული ბაღი (მას ხშირად გეომეტრიულს ან რეგულარულს უწოდებენ) XVII საუკუნის საფრანგეთში განვითარდა. ამ სტილის ბაღი გაშენებულია სწორ რელიეფზე, ახასიათებს სწორი გეომეტრიული გეგმარება, სიმეტრიული კომპოზიცია; ხეები, ბუჩქები, გაზონები, ფერადი ყვავილნარები, წყალსატევები, შადრევნები, ბილიკები, ხეივნები და ა. შ. გეომეტრიულ ნახატს ქმნის. ხეებს, ბუჩქებს სხვადასხვა, ხშირად უცნაური, არაბუნებრივი ფორმა აქვს და მუდმივი მოვლა (ფორმის მიცემა, შეკრეჭა) სჭირდება. ბილიკები ხშირად დაფარულია ფერადი ქვიშით ან ხრეშით. ბაღის დეკორად გამოიყენება ქანდაკებები, საყვავილე ვაზები, მცირე არქიტექტურული ფორმები და ა. შ.

 

ვერსალის სასახლე და პარკი, საფრანგეთი:

ვერსალის სასახლე აეროფოტო

 

ვო-ლე-ვიკონტის სასახლე და პარკი, საფრანგეთი:

ვო-ლე-ვიკონტის პარკი 

ვო-ლე-ვიკონტის სასახლე

 

ვილანდრის სასახლის ბაღები, საფრანგეთი:

ვილანდრის ბაღები 

 ვილანდრის ბაღი

 

ინგლისური ბაღი

ინგლისური ანუ ლანდშაფტური ბაღი განვითარდა XVIII საუკუნის ინგლისში. ამ სტილის ბაღის მთავარი სახასიათო ნიშანია ბუნების იმიტაცია, ბუნების ველური სილამაზის გაიდეალება. ხშირად ასეთ ბაღს მხატვრების – ნიკოლა პუსენის, კლოდ ლორენისა და სხვათა მიერ დახატულ პეიზაჟებს (პასტორალურ სცენებს) ამსგავსებენ. მისთვის დამახასიათებელია რელიეფის მრავალფეროვნება, თავისუფალი, არარეგულარული დაგეგმარება, ასიმეტრიულობა, დაკლაკნილი ბილიკები, განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში მცენარეებს შორის მიმოფანტული სხვადასხვა არქიტექტურული ფორმები, ანტიკური, გოთიკური შენობების ნანგრევების იმიტაცია და ა. შ., ბუნებრივი ფორმის წყალსატევები, ერთიანი მზერის წერტილის არქონა. უპირატესობა ენიჭება ადგილობრივი ჯიშის, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფოთლების მქონე მცენარეებს და მათ ურთიერთშეთანხმებას, ასევე მხატვრულ შუქ-ჩრდილებს. წამყვანი როლი ხეებსა და ბუჩქებს ეკუთვნის. მათი კომპოზიციური გადაწყვეტა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგალითად, ღია სივრცეში ცალკე მდგომი ხე, ან ხეთა ჯგუფი (ჯგუფები), კორომი. ყვავილებს ძირითადად საცხოვრებელ ნაგებობებთან ახლოს რგავენ. ამ სტილის ბაღის მოვლისას ადამიანის ჩარევა თითქმის არ უნდა იგრძნობოდეს.

ინგლისური ბაღი, ისევე როგორც იაპონური, ბუნებასთან შერწყმის, ბუნების პატივისცემის ერთგვარი სიმბოლოა, მაშინ, როცა ფრანგული ბაღი ასახავს ადამიანის ბუნებაზე გამარჯვებას, მის დამორჩილებას.

სტოურჰედისა და სტოურჰაუზის პარკები

 

 ქრუმ კორტის, სტადლის  პარკები და ჩისუიკის ბაღი

 

ინტერნეტრესურსი:

“კრისტო და ჟან-კლოდის” პროექტები (ლანდშაფტის დიზაინის თანამედროვე გადაწყვეტა):

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, გუაში, აკვარელი, სხვა ნებისმიერი მასალა.

 

შენიშვნა:

შემდეგი აქტივობები მასწავლებელმა შეიძლება შეხედულებისამებრ გადააადგილოს. მაგალითად, ჯერ ინფორმაცია მიაწოდოს, შემდეგ მოსწავლეებმა შექმნან ესკიზები, ბოლოს კეთილმოაწყონ გარემო:

 

კავშირი:

შედეგი ს.გ.VIII.5. ინდიკატორი 4. ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.) (აქტივობა “გარემოს ესთეტიკური მოწყობა”);

შედეგი ს.გ.VIII.13. ინდიკატორი 2. მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ლანდშაფტური დიზაინის ცნობილ ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს.