8. რგავს და უვლის მცენარეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. (EN)

8. აქტივობა “ქვის ბაღი”

 ქვის ბაღი

ექსკურსიაზე ყოფნისას (მაგალითად, მთაგორიან და კლდოვან ადგილებში), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ მთიან პეიზაჟს, ქვებსა და ლოდებს შორის, კლდის ნაპრალებში ამოსულ ნაირგვარ მცენარეებს – ყვავილებს, ბალახს, ხავსს, ბუჩქებს და ა. შ., მათ ფერთა გამას, ფორმებს; შეარჩიონ რამდენიმე ადგილი (მცენარეებით დაფარული ქვების გროვა ან მთის მცირე კლდოვანი ფერდობი, ქვებს შორის ჩამომდინარი ნაკადული და ა. შ.), რომელიც განსაკუთრებით მოეწონათ. გადაუღონ ფოტოები ახლო კადრით ან გააკეთონ დეტალური ჩანახატები (ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ მცენარეებზე, რათა შემდეგ ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად დაადგინონ მათი სახელწოდება)).

გაკვეთილზე მასწავლებელი აჩვენებს ვიზუალურ მასალას ალპური გორაკის (ალპინარიუმი) ან ქვის ბაღის (როკარიუმი) შესახებ და სთხოვს მოსწავლეებს, გაავლონ პარალელი ექსკურსიაზე ნანახ მთიან პეიზაჟებთან, შეადარონ ერთმანეთს და იმსჯელონ მსგავსება-განსხვავებაზე.

მასწავლებელი უყვება ლანდშაფტური დიზაინის ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა ალპური გორაკი ან ქვის ბაღი. შემდეგ შესთავაზებს, თავიანთი სკოლის ეზოს ერთ-ერთ კუთხეში შექმნან მთის პეიზაჟის ასეთივე პატარა ფრაგმენტი.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დაათვალიერებენ სკოლის ეზოს (ან მიმდებარე ტერიტორიას, სადაც შესაძლებელი იქნება ბაღის მოწყობა), შეარჩევენ ადგილს (სხვადასხვა სპეციფიკური ფაქტორის გათვალისწინებით, იხ. ინფორმაცია მასწავლებლისთვის). შემდეგ შეადგენენ ალპური გორაკის ან ქვის ბაღის პროექტს – დახაზავენ გეგმას, აღნიშნავენ ქვებისა და ამა თუ იმ მცენარის მდებარეობას, გააკეთებენ ჩანახატებს, რომლებშიც აჩვენებენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ბაღის საბოლოო სახე. მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს და პროექტის მიხედვით აკეთებენ “პეიზაჟის ფრაგმენტს”.

 

ინფორმაცია მასწავლებლისთვის: ალპური გორაკისთვის (ალპინარიუმი) გამოიყენება ალპური მცენარეები, ქვის ბაღში კი არ არის აუცილებელი მხოლოდ ალპური მცენარეების გამოყენება, აქ ერთმანეთის გვერდით შეიძლება იყოს ალპური, სუბალპური, მინდვრის, ტყისა და ა. შ. მცენარეები.

ალპური გორაკის ან ქვის ბაღის შექმნისას სასურველია ბიოლოგიის მასწავლებელთან ან სხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია და მათგან რჩევების მიღება, რათა სწორედ შეირჩეს ნიადაგი (ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით), ქვები, მცენარეები, არ მოხდეს მცენარეების ფესვებთან ზედმეტი წყლის დაგროვება, შეირჩეს სწორი ორიენტაცია და ა. შ. ასევე საინტერესო იქნება მცენარეთა სახელწოდებების, მათი გავრცელების არეალების, მოვლის თავისებურებების, ყვავილობის პერიოდებისა და ა. შ. გათვალისწინება. მაგალითად, მაღალი მთის მცენარეებს მზე უყვართ, მაგრამ, ამასთან, მათ მშობლიურ გარემოში დაბალი ტემპერატურაა და მზე არ აზიანებს, ბარში კი საჭიროა მათ ფესვებს ჰქონდეს საკმარისი ტენი, რათა მაღალ ტემპერატურას გაუძლონ, მაგრამ არა იმდენად მოჭარბებული, რომ მცენარეები დაალპოს და ა. შ.

ალპური გორაკი ან ქვის ბაღი ისე უნდა მოეწყოს, რომ ორგანულად ჩაეწეროს ბაღის/ეზოს გარემოში. მას დიდი ადგილი არ სჭირდება. უნდა მოიძებნოს ნათელი, მზიანი ტერიტორია, ნიადაგი კარგად უნდა ნიავდებოდეს. ახლომახლო არ უნდა იყოს დიდი ხე/ხეები ფართო ვარჯით, რათა ბაღი არ დაჩრდილოს. ადგილი ისე უნდა შეირჩეს, რომ არ იყოს ამოვარდნილი და თეთრ ლაქასავით კი არ ჩანდეს ეზოს დანარჩენი გამწვანების ან კეთილმოწყობის ფონზე, არამედ, ჰარმონიულად უნდა ეწერებოდეს გარემოში. ეფექტურად გამოიყურება ბუნებრივ ფერდობზე გაშენებული ალპური გორაკი. შეიძლება ხელოვნური მიწაყრილის გაკეთება, თუმცა სწორ ადგილზეც შესაძლებელია საინტერესო და მიმზიდველი კომპოზიციის შექმნა. მაგალითად, შეიძლება იყოს დიდი და მცირე ზომის ქვების მონაცვლეობა, ან ცენტრში ერთი მოზრდილი ქვა, გარშემო კი – შედარებით მცირე ზომისა. ქვებს შორის დარჩენილ ადგილებში მცენარეები ჩაირგვება. უნდა შეირჩეს ისეთი მცენარეები, რომლებიც მთლიანად არ დაფარავენ ქვებს და ა. შ. ამავე დროს, უნდა შეირჩეს ისეთი მცენარეები (უკეთესია ადგილობრივი ჯიშის), რომლებიც უძლებენ გვალვას, ყინვას და ქვიან ნიადაგზე ხარობენ.

ნარგავები ისე უნდა შეირჩეს, რომ ბაღი წელიწადის ყველა დროს მიმზიდველი და საინტერესო სანახავი იყოს. ამისათვის საჭიროა ცოდნა, თუ რომელი მცენარე როდის ყვავის. ასევე ყურადღება ექცევა როგორც ყვავილების, ისე ბალახის, ხავსის, ფოთლოვანი თუ წიწვოვანი მცენარეების შეფერილობას და მათს ურთიერთგანლაგებას ალპური გორაკისა თუ ქვის ბაღის ტერიტორიაზე. ამისათვის უკეთესია, წინასწარ გაკეთდეს ესკიზები, რათა არ გახდეს საჭირო მცენარეების რამდენჯერმე გადარგვა ერთი ადგილიდან მეორეზე. ასევე, ვინაიდან ბაღის დიზაინში გამოიყენება სხვადასხვა ზომის (ზოგჯერ საკმაოდ მოზრდილი) ქვები, აუცილებელია, წინასწარ გაკეთდეს გეგმა ან მცირე ზომის მაკეტი ქვების განლაგებით, რათა უკვე ადგილზე მუშაობის დროს არ მოგვიხდეს მათი გადაადგილება. ასევე კარგი იქნება, ასეთ გეგმაზე მოინიშნოს მცენარეთა ადგილები მათი დასახელებების მითითებით, რათა ნიადაგის დამუშავების, გაწმენდისა და ა.შ. დროს ისინი შემთხვევით არ განადგურდნენ და არ დაიკარგონ.

ადგილის შერჩევის შემდეგ საჭიროა მომზადდეს შესაბამისი მასალა ბაღის მოსაწყობად – ქვები, ხრეში, ქვებისა და აგურის ნამტვრევები, ქვიშა, ტორფი, მიწა.

 

ქვის ბაღის (როკარიუმის) მოწყობის სქემა:

ქვის ბაღის სქემა  

ალპური გორაკის ან ქვის ბაღის ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას მთის პეიზაჟი: მთის ფერდობებით, ჩამოცვენილი ქვებით, მდელოებით, ნაკადულებით, წყალსატევებით, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებითა და ა. შ.

ციცაბო ფერდობის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მოეწყოს საყრდენი კედელი ან ტერასები დიდი ზომის ქვებისგან. არ არის საჭირო იდეალურად სწორი კედელი, ქვების ყოველი მომდევნო წყება ქვედა ფენის კიდიდან ოდნავ შეწეული უნდა იყოს და ქმნიდეს მცირე ქანობს, რათა ზედ წყალი გაჩერდეს, თანაც ისე, რომ იქმნებოდეს მცირე ჯიბეები, სადაც მცენარეები ფესვებს გაიდგამენ. ქვებს შორის დაიყრება ქვიშიანი მიწა.

ალპური გორაკის ან ქვის ბაღის მხოლოდ მოწყობა საკმარისი არ არის. მას სჭირდება მუდმივი მზრუნველობა, დასუფთავება, შესწორება. ზოგი მცენარე სწრაფად მრავლდება და საჭიროა კონტროლი, რომ არ დაირღვეს ჩაფიქრებული კომპოზიცია, ხელი არ შეეშალოს სხვა მცენარეებს და ა. შ.

შეიძლება გაკეთდეს მინი ალპინარიუმები სხვადასხვა ზომის ხის, ქვის, კერამიკისა და სხვა მასალის ქოთნებში. ამ შემთხვევაში ქოთნის ძირი უნდა დაიფაროს წვრილად დამტვრეული ქვით დრენაჟისთვის (ქოთანში წყალი რომ არ გაჩერდეს), ზემოდან მოთავსდეს აგური (აგურის ნატეხები) ისე, რომ ქოთანი ბოლომდე არ შეივსოს – აგური კარგად იწოვს წყალს და მცენარეთა ფესვებისთვის სინოტივეს ინარჩუნებს (თუმცა, თუ ჭურჭელი ძალიან პატარაა, აგური საჭირო აღარ არის). ზედ უნდა დაიყაროს დაქუცმაცებულ ხავსის ერთ ფენა, მერე – მიწის ფენა (სასურველია, ნეშომპალიანი) ქვიშისა და წვრილად დაქუცმაცებული ქვების ნარევთან ერთად. ზემოდან ისევ იყრება ქვები და შემდეგ მიწა, რომელშიც მცენარეები უნდა ჩაირგას. მცენარე უნდა იყოს დაბალი. ზოგი მათგანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის თავისებურებას, ქვის ქანის შემადგენლობას და ა. შ., ზოგისთვის კი - არა.

  

ვიზუალური მასალა:

ქვის ბაღი:

 როან-ძის ქვის ბაღი

 

 

ინტერნეტრესურსი:

http://portraitsofalpineplants.com/The%20Rock%20Garden.htm

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, აკვარელი, გუაში, სხვა მასალა; ბაღში/ეზოში მუშაობისთვის საჭირო იარაღები და სხვ.

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VIII.5. ინდიკატორი 4. ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.) (აქტივობა “გარემოს ესთეტიკური მოწესრიგება”).

 

  

8. აქტივობა II “მწვანე კედელი”

მწვანე კედელი

მოსწავლეები და მასწავლებელი ინტერნეტრესურსების (ბმული 1) მეშვეობით ეცნობიან ფრანგი ბოტანიკოს და ლანდშაფტის დიზაინერის, პატრიკ ბლანის შექმნილ მწვანე კედლებსა და ვერტიკალურ ბაღებს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, უნახავთ თუ არა საქართველოში მსგავსი რამ (თბილისში მეტროს სადგურ “ავლაბრის” ცოცხალი კედელი, შეიქმნა პატრიკ ბლანის პროექტით, 2010 წელს), ან თუ გაუგიათ მის შესახებ. სთავაზობს, თვითონაც მოიძიონ მასალა ვერტიკალური ბაღების შესახებ.

შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მათ, თავიანთი ხელით შექმნან მწვანე კედელი ან ვერტიკალური ბაღი. გააცნობს სამუშაოს შესრულების თანმიმდევრობას ინტერნეტრესურსის მე-2 ბმულის მეშვეობით.

მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, მსჯელობენ, სად შეიძლება განახორციელონ მსგავსი პროექტი, აკეთებენ ჩანახატებს, მაკეტებს, რომლებშიც თავიანთ იდეებს ასახავენ.

შემდეგ მოიძიებენ საჭირო რესურსებს (მცენარეები, მიწა, ხის ფიცრები, ლურსმნები, ჩაქუჩი და სხვა იარაღები, პოლიეთილენის პარკი და ა. შ.) და მწვანე კედელს აკეთებენ.

შეიძლება მთელმა კლასმა ერთი ნამუშევარი შექმნას, ან ჯგუფებად განაწილდნენ.

 

შენიშვნა: ამ აქტივობის ჩასატარებლად სასურველია კონსულტაცია ბიოლოგიის მასწავლებელთან. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს უსაფრთხოებას სამუშაო იარაღების გამოყენებისას.

 

ვიზუალური მასალა:

პატრიკ ბლანი  

 


ინტერნეტრესურსი:

ბმული 1:

http://www.verticalgardenpatrickblanc.com/

 

ბმული 2:

http://www.designsponge.com/2011/09/diy-project-recycled-pallet-vertical-garden.html

 მცენარეებიანი კედელი

 

რესურსები:

სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, აკვარელი, გუაში, მუყაო, საოფისე დანა, მაკრატელი, სხვა მასალა მაკეტისთვის;

სხვა ხელმისაწვდომი სამუშაო იარაღები და რესურსი საჭიროებისამებრ (მიწა მცენარეებისთვის, მცენარეები და ა. შ.)

 

კავშირი: შედეგი ს.გ.VIII.5. ინდიკატორი 1. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას; ინდიკატორი 2. განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად.